სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 31.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №22

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) თანდართული წესი და პირობები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში), ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრსა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

გ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

დ) მატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ​1) არამატერიალიზებული ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი);

ვ) ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი;

ზ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდული ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი; ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი;

თ) მომსახურების მიმწოდებელი ფონდი (შემდგომში – ფონდი) - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;

ი) მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ, მაძიებლის ანკეტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012 წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.

     მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. ფონდის ფილიალში (სპეციალიზებულ დაწესებულებაში) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი) საფუძველზე.

3. დღის ცენტრების (გარდა, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. სათემო ორგანიზაციების, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შეიძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მატერიალიზებული ვაუჩერის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს,  ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს ვაუჩერის  შესაბამის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას.  ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.  ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 290 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 480 ლარს, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში − ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:

ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა  12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 13 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში − 22 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია,  ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით  დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით (2019 წლის 1 სექტემბრამდე);

გ) მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების  თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით.  ასევე სააგენტოს უნდა წარუდგინოს  მომსახურების გაწევის  წინა თვის   ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 20  რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება (2019 წლის 1 სექტემბრიდან);

დ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე  დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით − წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება.

7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას, სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით და ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე, ხოლო დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე,  მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში  შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 10 ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.

8. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადაფინანსების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ვალდებულია მომსახურების მიღებისთვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ანგარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი. 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.0 5.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ. 
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.

მუხლი 3​1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების შეჩერება/აღდგენა

1. სპეციალიზებული დაწესებულების ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდგომ, თუ დადგინდა, რომ ბენეფიციარი არ/ვერ ბრუნდება დაწესებულებაში ან/და გასულია/დარღვეულია მისი დაბრუნების ვადა, ამავდროულად არ არსებობს ამორიცხვის საფუძველი, რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე.

2. ბენეფიციარის დაბრუნების შემთხვევაში, რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების აღდგენის თაობაზე.

3. მომსახურების დაფინანსების აღდგენის შემთხვევებში, შეჩერების პერიოდში გაუცემელი/მიუღებელი  თანხა  გაცემას/აღდგენას  არ ექვემდებარება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის   დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.

     მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატში,  რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი))  – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციაში − დღეში 20 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარს − დღეში 30 ლარის ოდენობით;

ა.ბ) არის 65 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის (რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს,  სათემო ორგანიზაციაში − დღეში 4 ლარს,  სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 8 ლარს;

ა.გ) არის 100 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატის (რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს, სათემო ორგანიზაციაში  − დღეში 6 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 10 ლარს;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეთ იგივე პირობებითა და ოდენობით;

გ) ბენეფიციართა სრულ შეფასებამდე, ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და ფონდის ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი)) – დღეში 16 ლარის ოდენობით,  სათემო ორგანიზაციაში − დღეში 20 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარებს − დღეში 30 ლარის ოდენობით;

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში − 20 ლარს, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები − დღეში 30 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად. ამასთან, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა არ უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 100 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 290 ლარის ოდენობით;

ბ) დანარჩენ  შშმ  პირებს  გაწეული  მომსახურება  დაუფინანსდებათ    80%-ით  – თვეში 232 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 58 ლარს. ამასთან, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ.  არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 10.5 ლარზე.

4. დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 290 ლარის ოდენობით.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში (გარდა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა) გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად, დღეში 6 ლარის ოდენობით.

6. მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის შშმ სტატუსის დადგენის, დაკარგვის, გაუქმების შემთხვევაში, დაფინანსება იცვლება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 11.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 02.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 05.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №425 - ვებგვერდი, 02.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 12.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 თებერვლის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 08.02.2019წ.
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №22, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780-8/