ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომი (მათ შორის, ვერტოდრომი) – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისთვის;
ბ) ავარია – საავიაციო შემთხვევა ადამიანების მსხვერპლის გარეშე, რამაც გამოიწვია საჰაერო ხომალდის დაზიანება ან დაშლა ან მგზავრების, ეკიპაჟის ან მესამე პირების სხეულის დაზიანება, რომლის დროსაც:
ბ.ა) ირღვევა საჰაერო ხომალდის პლანერის კონსტრუქციის სიმტკიცე ძალური ელემენტების დაშლის გამო;
ბ.ბ) უარესდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური, ან საფრენოსნო მახასიათებლები და საჭიროა რემონტი მათ აღსადგენად, ან მიზანშეუწონლად არის მიჩნეული მისი საფრენად ვარგისიანობის აღდგენა;
გ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი;
დ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილია;
ე) ინციდენტი – საავიაციო შემთხვევის გარდა, საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატირების უსაფრთხოებაზე;
ვ) კატასტროფა – საავიაციო შემთხვევა, რამაც გამოიწვია რომელიმე მგზავრის ან ეკიპაჟის წევრის სიცოცხლის მოსპობა ან უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ან მისი/მათი სხეულის ისეთი დაზიანება რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კატასტროფას მიეკუთვნება ასევე რომელიმე იმ პიროვნების სიცოცხლის მოსპობა, რომელიც იმყოფებოდა საჰაერო ხომალდის ბორტზე ავარიული ევაკუაციის ჩატარების დროს. ამ წესის მიზნებისთვის, სიკვდილის დადგომის ფაქტად მიიჩნევა საავიაციო შემთხვევიდან 30 დღე-ღამის განმავლობაში სხეულის დაზიანების შედეგად დამდგარი სიცოცხლის მოსპობის ფაქტი;
ზ) მგზავრი – საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი პირ(ებ)ი, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების გარდა;
თ) მიზეზები – მოქმედებები, უმოქმედობები, ღონისძიებები, გარემოებები, პირობები ან მათი კომბინაცია, რომელმაც გამოიწვია საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი;
ი) მოწვეული სპეციალისტი – პირი, რომელსაც მეცნიერებასა და ტექნიკის განსაზღვრულ სფეროში გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და ჩართულია საავიაციო შემთხვევის მოკვლევაში, ატარებს სამეცნიერო-ტექნიკურ ექსპერტიზებს და იძლევა კონსულტაციებს;
კ) მრჩეველი – სამინისტროს მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის მოკვლევაში დასახმარებლად;
ლ) პირველადი შეტყობინება – პირველადი ინფორმაცია, რაც გახდა ცნობილი საავიაციო შემთხვევაზე და დაუყოვნებლივ გადაეცა სამინისტროს;
მ) რეკომენდაცია – კომისიის დასკვნის საფუძველზე ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაცემული რჩევა;
ნ) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, საფრენი აპარატების ძრავები, აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები, აგრეგატები და სისტემები, საფრენი აპარატების მოწყობილობა (საფრენი აპარატებიდან მოხსნილი ან სტაციონარულად დაყენებული), საავიაციო დაზიანების საშუალებები, საწაფი;
ო) საავიაციო შემთხვევა – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელიც ხდება ბორტზე ფიზიკური პირის ასვლასა და ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ ხომალდის დატოვებას შორის დროის მონაკვეთში, თუ:
ო.ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას:
ო.ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;
ო.ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილებთან, რომლებიც მოსცილდა საჰაერო ხომალდს) უშუალო შეხების შედეგად;
ო.ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად;
ო.ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან ხდება მისი კონსტრუქციის დარღვევა, რის შედეგადაც:
ო.ბ.ა) ირღვევა აგებულების სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები;
ო.ბ.ბ) აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, გარდა ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით);
ო.გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან აღმოჩნდება მიუდგომელ ადგილებში. საჰაერო ხომალდი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, როდესაც მისი კონსტრუქციული ელემენტების ადგილსამყოფელიც კი ვერ დგინდება და შეწყვეტილია ოფიციალური ძებნა. გადაწყვეტილებას დაკარგული საჰაერო ხომალდის ძებნის შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);
პ) საბორტო თვითჩამწერი – საავიაციო შემთხვევის მოსაკვლევად, საჰაერო ხომალდზე, როგორც ცნობების დამატებითი წყარო, დაყენებული ნებისმიერი თვითჩამწერი ხელსაწყო;
ჟ) სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, იმ საავიაციო შემთხვევის მოკვლევაში მონაწილეობისთვის, რომელსაც სხვა სახელმწიფო აწარმოებს;
რ) სამსახურებრივი მოკვლევა – საავიაციო შემთხვევის მომავალში თავიდან ასაცილებლად განხორციელებული პროცესი, რომელიც მოიცავს საავიაციო შემთხვევაზე ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს, დასკვნის მომზადებას, მიზეზების დადგენის ჩათვლით და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შემუშავებას. საავიაციო შემთხვევის დასაწყისად ითვლება საავიაციო შემთხვევის შესახებ პირველადი შეტყობინების მიღება, დამთავრებად კი – საბოლოო ანგარიშის შედგენა;
ს) სახიფათო ტვირთი - ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო;
ტ) სახმელეთო თვითჩამწერი – საავიაციო შემთხვევის მოსაკვლევად, ხმელეთზე, როგორც ცნობების დამატებითი წყარო, დაყენებული ნებისმიერი თვითჩამწერი ხელსაწყო;
უ) საჰაერო ხომალდი – აპარატი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალება), რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით;
ფ) სერიოზული ინციდენტი – შემთხვევა, რომელიც შესაძლებელია გადაზრდილიყო საავიაციო შემთხვევაში;
ქ) სერიოზული დაზიანება – საავიაციო შემთხვევისას ადამიანის სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია:
ქ.ა) დაზიანებიდან შვიდი დღის განმავლობაში 48 საათზე მეტი ხნით ჰოსპიტალიზება;
ქ.ბ) ნებისმიერი ძვლის მოტეხილობა;
ქ.გ) ქსოვილის დაზიანება, რამაც გამოიწვია ძლიერი სისხლდენა, ნერვების, კუნთების ან მყესების დაზიანება;
ქ.დ) ნებისმიერი შიდა ორგანოს დაზიანება;
ქ.ე) სხეულის მეორე ან მესამე ხარისხის დამწვრობა ან ნებისმიერი დამწვრობა, რამაც სხეულის ზედაპირის 5%-ზე მეტი დააზიანა;
ქ.ვ) ინფექციური ნივთიერებების ან რადიაციის ზემოქმედების დადგენილი ფაქტი;
ღ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციები – საავიაციო შემთხვევის (ინციდენტების) მოკვლევის ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები საავიაციო შემთხვევის (ინციდენტების) შემდგომში თავიდან ასაცილებლად;
ყ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებები - ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებული ქმედება;
შ) ძრავას მტყუნება – საჰაერო ხომალდზე ძრავას მწყობრიდან გამოსვლა;
ჩ) AIP – ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული;
ც) NOTAM – საავიაციო ელექტროკავშირის საშუალებებით მიწოდებული შეტყობინება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ნებისმიერი აერონავიგაციური მოწყობილობის მომსახურების და წესის მდგომარეობის ან ცვლილების ძალაში შესვლის შესახებ ან ინფორმაციას იმ საფრთხის შესახებ, რომელთა შესახებ დროულ გაფრთხილებას აქვს დიდი მნიშვნელობა იმ პერსონალისათვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ფრენების შესრულებასთა