1. კომისიის შექმნამდე მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ასრულებს მოკვლევის პირველად მოქმედებებს.

2. იძულებითი დაფრენისას, საჰაერო ხომალდის მეთაურს, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, გამოჰყავს მგზავრები და შეძლებისდაგვარად აქრობს ხანძარს (არსებობის შემთხვევაში). მეთაური, დარწმუნდება რა ხანძრის არ არსებობაში, ვალდებულია:

ა) შეამოწმოს გამორთულია თუ არა საჰაერო ხომალდის ელექტროკვების ყველა წყარო და საბორტო თვითჩამწერები;

ბ) უზრუნველყოს ნამსხვრევების, მართვის პულტების, ინფორმაციის შემცველებისა და თვითჩამწერების ხელშეუხებლობა;

გ) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის, მისი ნაწილების, ტვირთის, ბარგის, ფოსტისა და სხვა საგნების ხელშეუხებლობა, აკრძალოს საწვავის, ზეთისა და სხვა სითხეების ჩამოსხმა;

დ) დაკეტოს და შეძლებისდაგვარად დალუქოს კარებ(ებ)ი, კაპოტ(ებ)ი;

ე) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდისა და საავიაციო შემთხვევის ადგილის დაცვა;

ვ) მიიღოს ყველა ზომა საავიაციო შემთხვევის შესახებ უმოკლეს ვადაში უშუალო ხელმძღვანელის ან სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის შესატყობინებლად.

3. თუ საჰაერო ხომალდის მეთაურს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზით, არ შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, ეკიპაჟის სხვა, რანგით უფრო მაღლა მდგომი წევრი ასრულებს საჰაერო ხომალდის მეთაურის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

4. იმ აეროდრომის ხელმძღვანელი, რომლის ტერიტორიაზეც (აეროდრომის რაიონში) ან საჰაერო ხომალდზე ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევას, შეტყობინების მიღებიდან კომისიის მოსვლამდე უზრუნველყოფს:

ა) ინფორმაციის შეტყობინებას იმ ზემდგომი ორგანოსთვის, ვის დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება;

ბ) საძებნ – სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებ(ებ)ის მოწვევით;

გ) მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების გადარჩენის, ხანძრის ჩაქრობისა (არსებობის შემთხვევაში) და ნივთმტკიცებების დაცვის მიზნით შეძლებისდაგვარად დამატებითი ზომების მიღებას;

დ) სამინისტროს ამ რაიონში განლაგებულ დანაყოფებთან, ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად საავიაციო შემთხვევის ადგილის დაცვას, აგრეთვე საჰაერო ხომალდისა და მისი შიგთავსის ან ნივთმტკიცებების ხელშეუხებლობას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საჭიროა ნამსხვრევებიდან დაზარალებულის ამოყვანაა;

ე) საავიაციო შემთხვევის თვითმხილველების გამოვლენასა და მათი სიის შედგენას, კომისიისთვის წარსადგენად;

ვ) დოკუმენტურად (ფოტოგადაღება, სქემის შედგენა ან სხვა) აღნუსხავს საგნებს/ნიშნებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედებით შეიძლება განადგურდეს (ყინულის ფენა, ჭვარტლი საჰაერო ხომალდის ზედაპირზე, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მოძრაობის დამახასიათებელი კვალი და სხვა);

ზ) სახომალდო საბუთებისა და საბორტო თვითჩამწერების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებას. თუ საბორტო თვითჩამწერ(ებ)ი მოხვედრილია აგრესიულ სითხეში (მჟავა, ტუტე და სხვა) ან ხანძრის კერაში, შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებელია მისი/მათი იქიდან დაუყოვნებლივ ამოღება და ინფორმაციის შესანარჩუნებელი ზომების მიღება, აგრეთვე, მის/მათ ამოღებასა და მდგომარეობაზე აქტის შედგენა;

თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა საბორტო თვითჩამწერის ადგილმდებარეობის შენარჩუნებას. კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის საბორტო მაგნიტოფონ(ებ)ის გახსნა და მოსმენა, საბორტო თვითჩამწერ(ებ)ის გახსნა, დეკოდირება და გაშიფვრა, კატეგორიულად აკრძალულია;

ი) საავიაციო შემთხვევის ადგილის მიმდებარე მიდამოებში საჰაერო ხომალდის ნამსხვრევების ძებნას და აღმოჩენილ ადგილზე მათ დაცვას;

კ) საავიაციო შემთხვევის ადგილზე გარეშე პირების დაუშვებლობას.

5. საავიაციო შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე კომისია:

ა) ადგენს საჰაერო ხომალდის მონაცემებს ამ წესის №4 დანართის შესაბამისად, ეცნობა საავიაციო შემთხვევის ადგილს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობას, აფასებს ამ ღონისძიებების შესრულების ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში იღებს დამატებით ზომებს;

ბ) ამოწმებს მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე ინფორმაციის შეტყობინების მდგომარეობას, საავიაციო შემთხვევის ადგილის, საჰაერო ხომალდის ნამსხვრევების და გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეუხებლობასა და დაცვას, საბორტო თვითჩამწერების ამოღებას და დაცვას;

გ) საავიაციო შემთხვევის ადგილის გარკვეული მონაკვეთის მიერ საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, იღებს ამ მონაკვეთიდან საჰაერო ხომალდის ნამსხვრევების სხვა ადგილზე გადაადგილების (მათი ისეთივე განლაგებით ერთმანეთის მიმართ, როგორც ეს იყო რეალური შემთხვევის ადგილზე) გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში გადაადგილებამდე, საჰაერო ხომალდი ან მისი ნამსხვრევები გადაღებულ უნდა იქნეს საორიენტაციო (პანორამული) და დეტალიზებული ხერხით ხმელეთის რამდენიმე ადგილიდან, საჭიროებისას – ჰაერიდანაც;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგენს საავიაციო შემთხვევის ადგილის დათვალიერების აქტს, რომელშიც აისახება საჰაერო ხომალდის ან მისი ნამსხვრევების მდებარეობა, საჰაერო ხომალდის ძირითადი ნაწილების მიმართ გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მდებარეობა და საერთო მდგომარეობა, აგრეთვე, ხმელეთთან (სახმელეთო დაბრკოლებებთან) შეჯახების მიახლოებითი კუთხე;

ე) ეკიპაჟის კაბინაში ფოტო ან ვიდეო გადაღების სახით აფიქსირებს ხელსაწყოების მონაცემებს, გადამრთველების, გამომრთველების, საჰაერო ხომალდის მართვის ბერკეტების მდგომარეობას (მდებარეობას), ამასთან, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს ნამსხვრევების დაუშლელობასა და დაუზიანებლობას;

ვ) უზრუნველყოფს მფრინავების და საჭიროებისას, ეკიპაჟის სხვა წევრების, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე (ჯანმრთელობის მდგომარეობის (მათ შორის, სიმთვრალე-სიფხიზლეზე) საექიმო შემოწმებას, იღებს ეკიპაჟის ყველა წევრისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ფრენის მომზადებასა და უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების (ტექნიკური მომსახურე პერსონალის) ახსნა-განმარტებით ბარათებს;

ზ) დოკუმენტურად (ფოტო ან ვიდეოგადაღება, სქემის შედგენა) აღნუსხავს საგნებს/ნიშნებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედებით შეიძლება, განადგურდეს (ყინულის ფენა, ჭვარტლი საჰაერო ხომალდის ზედაპირზე, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მოძრაობის დამახასიათებელი კვალი და ა.შ.);

თ) ადგენს საავიაციო შემთხვევის ადგილის წინასწარ ესკიზს;

ი) მოითხოვს, საავიაციო შემთხვევის მოხდენის სავარაუდო მომენტისთვის ამინდის შესახებ სრულ ინფორმაციას, ხოლო თუ საავიაციო შემთხვევა მოხდა აეროდრომის რაიონის გარეთ, უზრუნველყოფს უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურებიდან ამინდის შესახებ მონაცემების მიღებას;

კ) საჭიროებისას, უზრუნველყოფს საავიაციო შემთხვევის ადგილის რადიოლოგიურ, ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას;

ლ) საჭიროებისას, შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის მიღებამდე, ლუქავს იმ რეზერვუარებს (მობილურ სპეციალიზებულ საწვავგამწყობებს), საიდანაც იყო საწვავით გამართული (გაწყობილი) მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი;

მ) უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდზე არსებული საფრენოსნო საბუთების (საფრენოსნო დავალება, საბორტო ჟურნალი, მეტეოროლოგიური საბუთები, საფრენოსნო რუკები და სხვა) დაცვას;

ნ) უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის (ფრენების ხელმძღვანელის) სამსახურებრივი მაგნიტოფონების ჩანაწერების (მაგნიტური ლენტების), დასაფრენი რადიოლოკატორების ინდიკატორებიდან გადაღებული ფოტოსურათების, საჰაერო ხომალდ(ებ)ის მოძრაობის გრაფიკების, რადიოკავშირისა და რადიოტექნიკური საშუალებების სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალების, ეკიპაჟის წევრების საფრენოსნო წიგნაკების, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პირადი საქმეების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი საბუთების, საჰაერო ხომალდის, ძრავ(ებ)ის, აგრეგატების ფორმულარებისა და მათი ხარვეზების უწყისების, ტექნიკური მომსახურების განწესების, საჰაერო ხომალდის საფრენად მოსამზადებლად ან გაფრენის წინ გაუმართაობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების და საკონტროლო აპარატურის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის) მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტის, საჰაერო ხომალდში ჩასხმული საწვავ-საპოხი მასალების რაოდენობისა და ხარისხის ამსახველი საბუთების, აეროდრომის რაიონში და ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების ამსახველი საბუთების ამოღებასა და დალუქვას;

ო) საჭიროების შემთხვევაში, აღნუსხავს საავიაციო შემთხვევის რაიონში მფრენი სხვა საჰაერო ხომალდ(ებ)ის საბორტო ნომრებს და იღებს მათი საბორტო ობიექტური კონტროლის საშუალებების ინფორმაციის შენახვის ზომებს;

პ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან დროებით ათავისუფლებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს, აგრეთვე, საავიაციო-ტექნიკურ შემადგენლობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის საფრენად მომზადებას, საჰაერო მოძრაობის მართვასა და ფრენის უზრუნველყოფაში მონაწილე პერსონალს. აღნიშნული პირები სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად დაიშვებიან კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

6. კომისია შემთხვევის ადგილზე უნდა მივიდეს აღჭურვილი ყველა, მოკვლევის საწარმოებლად საჭირო ტექნიკური და სხვა საშუალებებით, რომელთა ნუსხა განსაზღვრულია ამ წესის №17 დანართით.

7. კომისიის თავმჯდომარე ატარებს საორგანიზაციო სხდომას, აცნობს ბრძანებას კომისიის დანიშვნის/შექმნის შესახებ, ისმენს აეროდრომის ხელმძღვანელის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის პატაკს საავიაციო შემთხვევის ადგილზე განხორციელებული პირველადი მოქმედებების, საავიაციო შემთხვევის გარემოებებისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში აყალიბებს ქვეკომისიებს და ნიშნავს მის უფროსს/თავმჯდომარეებს, ადგენს მოკვლევის საწყის საფეხურზე განხორციელებული სამუშაოების ძირითად მიმართულებებსა და იძლევა სათანადო მითითებებს.

8. კომისიის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე კომისიის სამოქმედო გეგმას ამტკიცებს მისი თავმჯდომარე. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის, ნივთმტკიცებების შეგროვებას, მოკვლევის მიმდინარეობის ძირითად მიმართულებებსა და თანამიმდევრობას, აგრეთვე მოკვლევის ჩატარების ვადებსა და მოკვლევაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.

9. კომისიის საქმიანობა ხორციელდება საავიაციო შემთხვევის შედეგებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.

10. კომისიის სხდომის ოქმების გასაფორმებლად, ინფორმაციისა და ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების ანგარიშების შესაკრებად, აგრეთვე საბოლოო/წინასწარი/საინფორმაციო ანგარიშ(ებ)ის შესადგენად, საჭიროების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე საავიაციო შემთხვევის სირთულისა და ჩასატარებელი სამუშაოებიდან გამომდინარე განსაზღვრავს ქვეკომისიებს/სამუშაო ჯგუფებს და მათ თავმჯდომარეებს.

11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, სადაც აისახება განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, თავმჯდომარის მითითებები. განხილულ საკითხებზე უთანხმოების წარმოქმნისას, ოქმში უნდა აისახოს მონაწილეთა აზრი. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და არსებობის შემთხვევაში ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეები.

12. ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების მიერ მოკვლევის მასალების არასრულად/არაზუსტად/არასწორად ან დაგვიანებით გაფორმებისას, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კომისიის წევრებს, ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებს მისცეს რეკომენდაციები მასალების გაფორმებაზე.

13. მოკვლევაში მონაწილე პირები საავიაციო შემთხვევის ადგილზე დაიშვებიან კომისიის თავმჯდომარის ნებართვით.

14. მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის ფრენასთან დაკავშირებული ობიექტური კონტროლის საშუალებები, საფრენოსნო და ტექნიკური საბუთები, მაგნიტოფონის ჩანაწერები, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოს საბუთები ინახება კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე და გაიცემა/გამოიყენება კომისიის თავმჯდომარის ნებართვით.

15. შესწავლილი ყველა ნამსხვრევის, ობიექტური კონტროლის საშუალებების, კვანძებისა და აგრეგატების შენახვის ადგილი და პირობები (ანგარი, სატვირთო ტერმინალი და სხვა) განისაზღვრება საგამოძიებო ორგანოების მიერ.

16. ქვეკომისიებში/სამუშაო ჯგუფებში შესრულებული სამუშაოს შედეგები ფორმდება ცალკეული ანგარიშის სახით, რომელიც კომისიის შემდგომი მუშაობისას გამოიყენება.

17. კომისიის საქმიანობის დასკვნითი საბუთია მოკვლევის შედეგებზე საბოლოო ანგარიში, რომელიც ქვეკომისიების/სამუშაო ჯგუფების ცალკეული ანგარიშების, ექსპერტიზ(ებ)ის მასალებისა და კომისიის განკარგულებაში არსებული სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით დგება. საბოლოო ანგარიშის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ წესის მე-9 მუხლით, ხოლო ქვეკომისიების ანგარიშ(ებ)ის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის  №1, №2 და №3 დანართებით.

18. კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე მოკვლევაში მონაწილე პირებს, შესაბამისი საბუთების წარდგენისას, ამ წესის III თავით განსაზღვრული უფლებების გარდა, უფლება აქვთ:

ა) შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა საავიაციო შემთხვევა ან განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნამსხვრევები და გააკეთონ მოკვლევისათვის საჭირო ქმედება, კომპეტენციის ფარგლებში,  საგამოძიებო ორგანოებთან შეთანხმებით;

ბ) დაათვალიერონ და შეამოწმონ მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, ნივთმტკიცებები, აგრეთვე საჰაერო ხომალდზე არსებული ან საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები;

გ) მიიღონ ინფორმაცია  საავიაციო შემთხვევის თვითმხილველებისგან, აგრეთვე იმ პირებისგან, რომელთაც საავიაციო შემთხვევასთან აქვთ, ან შესაძლოა ჰქონდეთ რაიმე დამოკიდებულება;

დ) მოითხოვონ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული დაკითხვ(ებ)ისა და ექსპერტიზ(ებ)ის ასლები;

ე) კონკრეტულ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად, მოითხოვონ ნებისმიერი ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბუთები;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღონ საავიაციო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის ასლები, აგრეთვე კომისიის სახელით მოითხოვონ გვამების გაკვეთა ან ნებისმიერი სხვა გამოკვლევა, იმ პირობით, რომ დაცული იქნება გამოსაკვლევი პირ(ებ)ის რელიგიური წეს-ჩვეულებები;

ზ) გამოკვლევების, გამოცდებისა და ექსპერტიზების ჩასატარებლად, კომისიის მუშაობაში ჩააბან სპეციალიზებული ორგანიზაციები (სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტები, ბაზები, ცენტრები, საკონსტრუქტორო ბიუროები და სხვა) და ცალკეული სპეციალისტები.

19. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედება ხორციელდება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მუშაობის ყოველდღიურ საქმიანობას და შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულ იქნეს საავიაციო შემთხვევის ყველა დამამტკიცებელი საბუთი, მოკვლევის ამოცანების შესაბამისად.

20. კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფების წევრების ქმედება, მიმართულია ნივთმტკიცებების შეკრებაზე, კერძოდ, საბორტო და სახმელეთო თვითჩამწერების შენახვა, ფიზიკურ პირთა გამოკითხვა, სამედიცინო შემოწმება, ამოცნობა და სხვა ხორციელდება საგამოძიებო ორგანოებთან შეთანხმებით, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

21. მოკვლევაში მონაწილეებს, ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ:

ა) საფრენოსნო ინფორმაციის დამუშავებასა და გაანალიზებაში;

ბ) მოკვლევის მიზნით განხორციელებულ გამოცდებში;

გ) დასკვნების, მიზეზებისა და რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად გამართულ სხდომებში.

22. ყველა პირი, კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს კომისიას მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, გაუწიოს დახმარება და უზრუნველყოს კომისიის მიერ მოთხოვნილი სამუშაოების ჩატარება.

23. საავიაციო შემთხვევის მოკვლევა შეიძლება დასრულებულ იქნეს თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად მოკვლეული ინფორმაცია სრულად ამოღებული და დოკუმენტირებულია.

24. განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში, მოკვლევის დასრულებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოვლენილი ისეთი გარემოებ(ებ)ისას, რომელ(ებ)იც გავლენას ახდენენ (ან შეიძლება მოეხდინათ) მოკვლევის შედეგებზე, საავიაციო შემთხვევის მოკვლევა გრძელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი