გადაწყვეტილება №20689/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.11.2023
№ დოკუმენტი 20689/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20689/2/2023

09 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20689/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის №249-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18238 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 28 011 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 13 726

ჯარიმა - 6 863

საურავი - 7 422

 

აქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს, 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით, დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა არ დაუდეკლარირებია. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული თვეების დღგ-ით დასაბეგრმა თანხამ (შპს "------"-ზე გაწეული მომსახურებები), გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით/სასაქონლო ზედნადებებით შეადგინა 76 271 ლარი.

შედეგად, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განესაზღვრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის №249-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18238 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დღგ არასწორად არის დაანგარიშებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა არ აქვს დეკლარირებული. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეადგენს 76 271 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დღგ არასწორად არის დაანგარიშებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს, 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით, დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა არ დაუდეკლარირებია.გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

161(1 „ა.ბ.დ“) 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით.