ბრძანება N 10032
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10032
08.05.2023
შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 5 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 5 დეკემბრის №220316/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №082-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატსა და სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას. მისი განმარტებით, შემოწმება არ იყო უფლებამოსილი, გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 აგვისტოს №21648 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 14 ივლისიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 4 ნოემბრის №27892 ბრძანება და 7 ნოემბრის №082-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 246 193 ლარი, მათ შორის, გადასახადი 158 150 ლარი, ჯარიმა 79 075 ლარი, საურავი 8 968 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით ქ. ----------ში. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, საბითუმოდ გაყიდულ პროდუქციაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო დოკუმენტი, ხოლო დანარჩენი წარმოადგენს საცალო რეალიზაციას. საწარმოს დირექტორის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს საქონლის და ფულის ნაშთი არ გააჩნია, ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ხორციელდება დადგენილი წესით საქონლის ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით შემცირებული აქვს გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რომელსაც გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატი 8%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმების ეტაპზე განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლა, რომლის დროსაც გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალები და დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის რეალიზაცია, აღნიშნულ შემოსავლებს დაემატა გადამხდელის მიერ ბიუჯეტიდან გატანილი თანხა (104 464 ლარი) და შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივნისის თვის ბოლოს უნდა ჰქონოდა სალაროს ნაშთი 171 576 ლარის ოდენობით. თუმცა გადასახადის გადამხდელი კი ახსნაგანმარტებაში აღნიშნავს, რომ საწარმოს არ გააჩნია სალაროს ნაშთი, ვინაიდან ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად ნაწილდებოდა ხარჯების დასაფარად და დანარჩენი ნაწილი გატანილ იქნა ხელფასის სახით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 სექტემბრის №24142 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, ვერ განხორციელდა ხსენებული პროცედურა. ჩაითვალა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია და შედგა ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა პასუხისმგებელი პირის ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება დადგენილი წესით საქონლის ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს საქონლის და ფულის ნაშთი არ გააჩნია, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით შემცირებულია გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 8%.
ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმოს არ გააჩნია ფულის ნაშთი, ვინაიდან ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად ნაწილდებოდა ხარჯების დასაფარად და დანარჩენი ნაწილი გატანილ იქნა ხელფასის სახით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 სექტემბრის №24142 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, ვერ განხორციელდა ხსენებული პროცედურა და ჩაითვალა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატსა და სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატსა და სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება დადგენილი წესით საქონლის ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს საქონლის და ფულის ნაშთი არ გააჩნია, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით შემცირებულია გადასახადი.არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 8%.
ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, ვერ განხორციელდა ხსენებული პროცედურა და ჩაითვალა, რომ სალაროს ნაშთი ნულის ტოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 160(1); 163(1); 164; 275.