გადაწყვეტილება №21319/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21319/2/2023
01 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 15.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21319/2/2023).
დავის საგანი:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №225-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26263 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 275 927 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 23 020
დღგ - (-38 262)
მოგების გადასახადი - 365
საშემოსავლო გადასახადი - 61 917
ჯარიმა - 252 907
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 13.12.2022 წლის წერილის (№-------) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 18 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №12764 ბრძანება და №225-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26263 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების, საბანკო ანგარიშების და განხორციელებული რეალიზაციების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, ბანკით გადახდილია სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება 8 276.31 ლარი, რომელზეც გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებამ იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით „სააღრიცხვო დოკუმენტებთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში დაბეგვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შეძენების 25% (2 069.08 ლარი), საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განიხილება მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენებზე მართლზომიერად იქნა განსაზღვრული მოგების გადასახადი. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებამ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიიჩნია კომპანია სანდო ჯგუფზე საბანკო ანგარიშიდან გადახდილი სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება 8 276 ლარი და ამ თანხის 25% დაბეგრა მოგების გადასახადით.
აღნიშნულ ნაწილში არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას, რადგან აღნიშნული ხარჯი კომპანიისათვის წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს, ხოლო ხარჯის გაწევის დოკუმენტი (ინვოისი) აღრიცხულია კომპანიაში, რაც წარმოდგენილი იქნება საჩივრის განხილვის დროს. შესაბამისად ითხოვს ამ საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ბანკის საშუალებით გადახდილი აქვს სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელზეც შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. „სააღრიცხვო დოკუმენტებთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე, აღნიშნული შეძენების 25%-ზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სადავო ხარჯი კომპანიისათვის წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს, ხოლო ხარჯის გაწევის დოკუმენტი (ინვოისი) აღრიცხულია კომპანიაში, რაც წარმოდგენილი იქნება საჩივრის განხილვის დროს.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მომჩივანს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად არ წარმოადგენს დოკუმენტს, რაც სადავო ხარჯის გაწევას დაადასტურებდა ან/და მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. საქონლის შეძენების ნაწილში ანგარიში დაეყრდნო შესყიდვის აქტებს, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ვერ იქნა მოპოვებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და ხარჯების გათვალისწინება მოხდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული ის თანხები (243 669 ლარი), რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული იმ თანხების, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებამ განახორციელა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი შემოსავლების სამსახურის ბაზების, საბანკო ამონაწერების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე. შემოწმებამ ჩათვალა, რომ კომპანიას არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. შესაბამისად მიჩნეულია რომ ყველა დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისი თანხა მიღებულია. თანხების გასავლის ნაწილში შემოწმება დაეყრდნო საბანკო ამონაწერებს და კომპანიის მიერ წარდგენილ შესყიდვის აქტებს. სალდო, ამ გზით დათვლილ შემოწმებით მიჩნეულ მიღებულ და გაცემულ თანხებს შორის, ჩაითვლა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას იმ ნაწილში, რომ თითქოს ყველა დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისი თანხა კომპანიას მიღებული აქვს. კომპანია ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთის ფედერაციაში. ჰყავს რამდენიმე მყიდველი კომპანია, დღეის მდგომარეობით მათგან არ აქვს სრულად მიღებული რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ჯამში 500 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგენს ამ კომპანიებთან გაფორმებულ შედარების აქტებს. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად დაკორექტირდეს, ფულის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, დირექტორზე გასაცემი თანხების ოდენობა და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. საქონლის შეძენების ნაწილში შემოწმება დაეყრდნო შესყიდვის აქტებს, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ვერ იქნა მოპოვებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, ხარჯები განისაზღვრა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. შედეგად, ის თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდებოდა, შემოწმების მიერ ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, აღნიშნავს, რომ კომპანია ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთის ფედერაციაში, ჰყავს რამდენიმე მყიდველი კომპანია, დღეის მდგომარეობით მათგან არ აქვს სრულად მიღებული რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ჯამში 500 000 ლარის ოდენობით და რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგენს ამ კომპანიებთან გაფორმებულ შედარების აქტებს, შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, ფულის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი, დირექტორზე გასაცემი თანხების ოდენობის და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს არ ურთავს და შესაბამისად არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია.
აუდიტის დეპარტამენტი 20.11.2023 წლის №117790-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით სადავო საკითხის ნაწილში, ფაქტობრივ გარემოებაში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დამატებით, მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ კომპანიას შემოწმების დროს უკვე შეწყვეტილი ქონდა ფუნქციონირება, კომპანიის დირექტორს წარმოდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიას დებიტორული და კრედიტორული დავალიანება 2022 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით (შემოწმების ვადის დასრულება) შეადგენს 0 ლარს. ხოლო, წარმოდგენილ საჩივარზე დამატებით, დაფიქსირებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, ხოლო, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26263 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1-ა); 101; 154; 275