ბრძანება N 11795
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11795
30.05.202
შპს „---------ის“ (ს/ნ -----------)
(-------------------)
2023 წლის 19 იანვრის და 8 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ----------) 2023 წლის 19 იანვრის №78213/1/2023 და 8 თებერვლის №78955/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №056-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ მისი საშუალო ფასნამატია 11-14%. თუმცა ცალკეული პროდუქციის მიხედვით განსხვავდება ფასნამატიც. ზოგ პროდუქტზე შესაძლოა იყო 1% და ზოგზე 50-60%.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სამეურნეო ხარჯების რეალიზაციაში ჩართვას და გადასახადებით დაბეგვრას. აღნიშნული ხარჯები ყოველთვე თვითღირებულებით შეადგენს დაახლოებით 1000-2000 ლარს.
3. გადასახადის გადამხდელი ძეხვეულის შემთხვევაში განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია ბუნებრივი კლება/დანაკარგები. გამოშრობის წონადობა სხვადასხვაა პერიოდების მიხედვით, აღნიშნულისჩამოწერა საგადასახადო აგენტის თანდასწრებით ვერ ხერხდება, უბრალოდ გონივრული რაოდენობით ჩამოიწერება პერიოდული მოკლევადიანი ხორც-პროდუქტების ნაშთის წონის შემოწმების შედეგად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9790 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 მარტიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32415 ბრძანება და ამავე თარიღის №056-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 110 087 ლარი, მათ შორის, გადასახადი 58 878 ლარი, ჯარიმა 30 754 ლარი, საურავი 20 455 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის სახეა საკვები პროდუქტებით, სურსათით, საოჯახო ნივთებით და სასმელებით საცალო ვაჭრობა სუპერმარკეტის ტიპის სავაჭრო ობიექტში. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს სრულყოფილ ბუღალტრულ აღრიცხვას დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი ტერიტორიული ერთეულის პრინციპის დაცვით) გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. აღნიშნული შესაბამისობაში მოვიდა გადამხდელის მიერ მოწოდებული საკონტროლოსალარო აპარატის მონაცემების და საბანკო ამონაწერების მიხედვით პირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ბრუნვასთან. შემოწმებით მიღებული შედეგები განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისგან. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების შესწავლა, კერძოდ: განხორციელდა მიღებული შემოსავლების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების, გაწეული სხვა ხარჯების, გადახდილი გადასახადების, გაცემული ხელფასების, გაცემული სესხების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ანალიზი, რის შედეგადაც განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რაც გადამხდელს უნდა ჰქონოდა სალაროში. სხვაობამ (დანაკლისი) მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგინა 106 839 ლარი, რომელიც შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. გადამხდელი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, შემოწმების მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის, ტერიტორიული ერთეულის პრინციპის დაცვით, აუდირებული ფასნამატის მიხედვით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ მოწოდებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების და საბანკო ამონაწერების მიხედვით პირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ბრუნვასთან, თუმცა განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ასევე, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების, შეძენილი სმფ-ების, გაწეული სხვა ხარჯების, გადახდილი გადასახადების, გაცემული ხელფასებისა და სესხების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ანალიზის შედეგად განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რაც გადამხდელს უნდა ჰქონოდა სალაროში. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის არგუმენტებთან/პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განისაზღვრა პირდაპირი მეთოდით, შესაბამისად, შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, შემოწმებით არ განხორციელებულა სამეურნეო ხარჯების რეალიზაციაში ჩართვა, ხოლო ძეხვეულის შემთხვევაში შემოწმების ფარგლებში ბუნებრივი კლება/დანაკარგების გათვალისწინება/გაუთვალისწინებლობის საკითხი არ საჭიროებდა დამატებით შესწავლას, ვინაიდან გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადამხდელის მიერ მიწოდებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში დაფიქსირებული პრეტენზია უსაფუძვლოა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განსაზღვრულ ფასნამატს
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სამეურნეო ხარჯების რეალიზაციაში ჩართვას და გადასახადებით დაბეგვრას.
3. გადასახადის გადამხდელი ძეხვეულის შემთხვევაში განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია ბუნებრივი კლება/დანაკარგები.ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის სახეა საკვები პროდუქტებით, სურსათით, საოჯახო ნივთებით და სასმელებით საცალო ვაჭრობა სუპერმარკეტის ტიპის სავაჭრო ობიექტში.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს სრულყოფილ ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.შემოწმებით მიღებული შედეგები განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისგან. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.ასევე, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების შესწავლა.აღმოჩენილი იქნა სხვაობა (დანაკლისი) რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);61(3);160(ა);161(1ა);158;163(1,2);164(1);101;154(1ა);