ბრძანება N 14600
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14600
26 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 26 და 30 იანვრის საჩივრიებს
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №78534/1/2023, №78536/1/2023 და №78704/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-271 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის საგანია უმწეო და შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ უზედამხედველო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება. აცხადებს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება, კერძოდ, ჩასასვენებელის მიწოდება, შეადგენს დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების განუყოფელ ნაწილს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათავისუფლებულია დღგისგან. იმ გარემოებაზე მითითებით, რომ რომ შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია არამართლზომიერად იქნა მიჩნეული დღგ-ით დასაბეგრად, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20416 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33662 ბრძანება და ამავე თარიღის №001-271 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 12 828 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 715 ლარი, ჯარიმა 5 068 ლარი და საურავი 1 045 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ დაფუძნების თარიღია 2013 წლის 12 დეკემბერი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული. საწარმო ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს. კერძოდ, გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული მომსახურების (სარიტუალო მომსახურება) გაწევა და საქონლის (ჩასასვენებელი სასახლე) მიწოდება, უპირატესად სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით. კომპანიის ძირითადი შემსყიდველები შესამოწმებელ პერიოდში არიან -------, შპს „-------“ (ს/ნ -------) და რამდენიმე ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე - 163-ე, 165-ე, 170-ე, 174-ე - 176-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და დადგინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 30 ივლისი, რის შემდეგაც მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ ჩაითვალა შემოწმებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების (მათ შორის, ავტოტრანსპორტით მომსახურების) გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, შპს „-------“ (ს/ნ -------) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, მიმწოდებელი (შპს „-------“) იღებდა ვალდებულებას შემსყიდველისთვის საქონლის მიწოდების თაობაზე. სწორედ ასეთ შემთხვევებში, დასაბეგრი ოპერაციების შესაბამისი თანხები იქნა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლზე და ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტავს, რომ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან გათავისუფლებულია დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო (მათ შორის, ავტოტრანსპორტით) მომსახურების გაწევა და არა საქონლის მიწოდება, განსახილველ შემთხვევაში კი აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დაბეგრილია საქონლის, კერძოდ, ჩასასვენებლის მიწოდება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩასასვენებელის მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა მართლზომიერია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული მომსახურების (სარიტუალო მომსახურება) გაწევა და საქონლის (ჩასასვენებელი სასახლე) მიწოდება, უპირატესად სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით.
საწარმო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული. ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. დასაბეგრი ოპერაციების შესაბამისი თანხებით დადგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის შესაბამოსად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163, 165; 170; 174; 176; 282