ბრძანება N 5203

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2024
№ დოკუმენტი 5203
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5203

11 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 15 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 15 იანვრის №86770/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №001-279 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს გაანგარიშების ცხრილები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა გადასახადების დარიცხვა, მათ შორის, არც ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. გადამხდელის განმარტებით, კომპანია აწარმოებს საქონლის აღრიცხვას როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ ჭრილში და ყოველთვიურად ატარებს შიდა ინვენტარიზაციას, საშუალო შეწონილი ფასნამატი კი შეადგენს 20%-ს. ამასთან, აღნიშნავს, რომ არამართლზომიერია აქსესუარების კატეგორიის მაღალი ფასნამატის გავრცელება მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე;

2. არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და დაერიცხა მხოლოდ 10%-იანი ჯარიმა;

3. არ ეთანხმება უძრავი ქონების შესაძენად საპროცენტო ხარჯის და სესხის ძირითადი გადასახადის ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად განხილვას;

4. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №18539 და 1 დეკემბრის №30109 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 დეკემბრის №30699 ბრძანება და ამავე თარიღის №001-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 226 024 ლარი, მათ შორის, გადასახადი 133 023 ლარი, ჯარიმა 66 512 ლარი და საურავი 26 489 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1-2. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ცხოველების საკვებითა და აქსესუარებით, საქონლის შეძენას პირი ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 392 113 ლარს, ხოლო ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა - 7 915 ლარს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების/ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის მიხედვით, კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების ხელთ არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი ნაშთი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე, ჯგუფების მიხედვით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 37%-ს (შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული კომპანიების ფასნამატთან). შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 50 ლარი. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიას 2019 წელს აღებული აქვს სესხი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენს კომერციული ფართის შეძენა (ს.კ: ----------), აღნიშნული კომერციული ფართი შეძენის მომენტიდანვე დარეგისტრირდა საწარმოს დამფუძნებლის სახელზე და მესაკუთრე არ შეცვლილა, ხოლო სესხის/პროცენტის გადახდას ახორციელებს შპს „-----------“ თავის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილი თანხები, სესხის ძირი და პროცენტი შემოწმების მიერ ოპერაციის ფორმა-შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დამფუძნებელზე/დირექტორზე გადახდილ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ჩართული იყო შემოწმების პროცესში, მასთან გაგზავნილია გაანგარიშების ცხრილები და შემოწმების პროცესში გამოვლენილი საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი ნაშთი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით და გადამხდელის მონაწილეობით განისაზღვრა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი. კერძოდ, საქონელი დაჯგუფდა 9 სასაქონლო ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გამოყენებულ იქნა შესაბამისი ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე, ჯგუფების მიხედვით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 37%, რაც შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული კომპანიების ფასნამატთან. ამასთან, გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას 2019 წელს აღებული აქვს სესხი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენს კომერციული ფართის შეძენა. აღნიშნული კომერციული ფართი შეძენის მომენტიდანვე დარეგისტრირდა საწარმოს დამფუძნებლის სახელზე, ხოლო სესხის/პროცენტის გადახდას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი. აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილი თანხები (ძირი და პროცენტი) შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ კომერციული ფართის შესაძენად აღებული სესხის დასაფარად (ძირი და პროცენტი) გადახდილი თანხები ხმარდება პიზიკური პირის ინტერესებს, ვინაიდან კომერციული ფართი რეგისტრირებულია ფიზიკური პირის საკუთრებად, შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და გადახდილი თანხების ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ცხოველების საკვებითა და აქსესუარებით, საქონლის შეძენას პირი ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 50 ლარი. შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას 2019 წელს აღებული აქვს სესხი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენს კომერციული ფართის შეძენა აღნიშნული კომერციული ფართი შეძენის მომენტიდანვე დარეგისტრირდა საწარმოს დამფუძნებლის სახელზე, ხოლო სესხის/პროცენტის გადახდას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი. აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდილი თანხები (ძირი და პროცენტი) შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);160;161(1);159(1);164(1);101(1);154(1);275(2)