გადაწყვეტილება №22930/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22930/2/2024
15 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 22.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22930/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №006-93 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 106 204.25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 468 353
დღგ - 1 325 590
მოგების გადასახადი - 29 792
საშემოსავლო გადასახადი - 2 112 971
ჯარიმა - 1 735 671
საურავი - 1 902 180.25
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა არალითონური საქონლით (რაც არ დასტურდება ჩატარებული შემოწმების შედეგად).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 17.09.2018 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 30.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში სავალუტო ანგარიშიდან განხორციელებულია გადარიცხვები არარეზიდენტ იურიდიულ პირზე ("-------"LLC) ჯამურად 140 616,4 ლარის ოდენობით. საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული თანხების ნაწილს დანიშნულებაში მითითებული აქვს მომსახურება. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, გადამხდელს არარეზიდენტ პირებზე განაცემები (156 240 = 140 616.4/0.9) დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი;
- საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოს შუამდგომლობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან (სს „------“, სს „------- ბანკი“, სს „-------- ბანკი“, სს „------- ბანკი“) გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ. საწარმოს დირექტორის მიერ ბანკის ანგარიშებიდან გატანილია თანხები დანიშნულებით ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის შეძენის მიზნით, ასევე ფიქსირდება თანხების ბანკომატებიდან გატანა. აღნიშნული თანხების გახარჯვა არ ფიქსირდება. თანხების მხოლოდ მცირე ნაწილია ისევ საბანკო ანგარიშზე შეტანილი. ამასთან, საწარმოს უფიქსირდება კაპიტალში თანხების შეტანაც. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხები (საბანკო ანგარიშებზე შეტანისა და კაპიტალში შეტანილი თანხების გამოკლებით) ჯამურად 8 523 652 ლარის ოდენობით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით გაცემულად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 10 654 448 (8 523 559/0.8) ლარი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;
- კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელია ბულგარეთის მოქალაქე, რომელსაც 17.09.2018 წლიდან 2.11.2019 წლამდე პერიოდში სულ 6-ჯერ უფიქსირდება საქართველოში შემოსვლა და გასვლა (მაქს. 5 დღით). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა არალითონური საქონლით, რაც არ დასტურდება შემოწმებით. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოს მეშვეობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ, რომლის მიხედვითაც საწარმოს უცხოური კომპანიებისაგან მიღებული აქვს 8 690 028 ლარის ექვივალენტი შემოსავალი, დანიშნულებაში მითითებულია კონტრაქტები (მ.შ. სატრანსპორტო მომსახურება, კონტეინერები), ინვოისები, პროფორმა ინვოისები. აღნიშნული შემოსავლის ნაწილი 7 432 114 ლარის ოდენობით დეკლარირებული მონაცემებით დაფიქსირებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ბრუნვაში. ვინაიდან, შემოწმების შედეგად ვერ დგინდება საწარმოს საქმიანობის სახე, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები 7 364 430 (8 690 028/1.18) ლარის ოდენობით მიღების თვის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვად. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;
- 21.10.2019 წელს გადამხდელის მიერ საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა 2 901.82 ლარის ოდენობით „-------- ჰოუტელზე“. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2021 წლის №23485 ბრძანება და 20.07.2021 წლის №006-586 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.09.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 24.02.2023 წლის დასკვნა, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
დასკვნაში მითითებულია შემდეგი: გადასახადის გადამხდელმა 26.01.2022 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საბუღალტრო/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, კრების ოქმები და ბუღალტრულ ბაზა (ელექტრონულ ვერსია). შემდგომში საწარმომ მატერიალური ფორმით წარადგინა მხოლოდ ირანული კომპანია „--------“-სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ ინვოისები ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილია საწარმოს მიერ წარდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის „--------- LLC“-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთან, წარდგენილი ინფორმაციის (მ.შ. 24.02.2023 წელს დამატებით ელექტრონული სახით წარდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4687 ბრძანება და ამავე თარიღის №006-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 28.12.2023 წლის №21046/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. №03/10574) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22783 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ (გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრა) და მე-3 სადავო (უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა) საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6031 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა საქონლის შემსყიდველ კომპანიებს. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან კომპანია „--------.“-სგან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში (საბერძნეთი, ბულგარეთი, რუსეთი) საქართველოში შემოსვლის გარეშე. პირი გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, ორიგინალი დოკუმენტები და ყველა ის საბუთი, რაც სრულად დაადასტურებს ოპერაციის მიმდინარეობას ტვირთის შეძენიდან მის რეალიზაციამდე (მათ შორის გამოითხოვს შესაბამისი მხარიდან და წარადგენს იმპორტის დეკლარაციებს).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმომ მატერიალური ფორმით შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ ირანული კომპანია „-------“-სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციისთან დაკავშირებით წარდგენილია მხოლოდ ინვოისები, ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის „--------- LLC“-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთან, წარდგენილი ინფორმაციის (მ.შ. 24.02.2023 წელს დამატებით ელექტრონული სახით წარდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება). რაც შეეხება, სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საწარმოს შემოწმებისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად კომპანიის დირექტორ/დამფუძნებელს "---------" (პ/ნ "--------") 17.09.2018 წლიდან 2.11.2019 წლამდე პერიოდში სულ ექვსჯერ უფიქსირდება საქართველოში შემოსვლა და გასვლა, მაქსიმუმ 5 დღით, ჯამურად იმყოფებოდა 25 დღე, ეს თარიღები ემთხვევა საწარმოს ანგარიშებიდან თანხების გატანის თარიღებს. ხოლო, სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტში ინფორმაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
21.10.2019 წელს საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა 2 901.82 ლარის ოდენობით ("--------" ჰოუტელზე). შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამდასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია; გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ასევე, ჯარიმა დაეკისრა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
"--------" ჰოუტელის მიერ გაწეული იქნა სასტუმრო მომსახურება, რომელიც დაკავშირებული იყო საწარმოს საქმიანობასთან, კერძოდ როდესაც იმართებოდა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკება და მოხდა შეხვედრა პოტენციურ მყიდველებთან. დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა სრულად და რატომ არ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტმა გაუგებარია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 13.01.2022 წლის №223 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნით და მოპასუხე ორგანოს მიერ საჩივართან დაკავშირებით 11.06.2024 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით სადავო საკითხზე (სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით) კომპანიას აუდიტის დეპარტამენტში ინფორმაცია არ წარუდგენია შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.
მომჩივანი კვლავ მიუთითებს, რომ "-------" ჰოუტელის მიერ გაწეული იქნა სასტუმრო მომსახურება, რომელიც დაკავშირებული იყო საწარმოს საქმიანობასთან, კერძოდ როდესაც იმართებოდა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკება და მოხდა შეხვედრა პოტენციურ მყიდველებთან. დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა სრულად და რატომ არ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტმა გაუგებარია.
მომჩივნის არგუმენტზე მითითებით საბჭოს 28.12.2023 წლის №21046/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. №03/10574) გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელიც სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტში ინფორმაცია არ წარუდგენია, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა და გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხები რომელიც, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
კომპანიის დირექტორი/დამფუძნებელია ბულგარეთის მოქალაქე, რომელსაც 17.09.2018 წლიდან 2.11.2019 წლამდე პერიოდში სულ 6-ჯერ უფიქსირდება საქართველოში შემოსვლა და გასვლა.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა არალითონური საქონლით, რაც არ დასტურდება შემოწმებით.სასამართლოს მეშვეობით საწარმოს მომსახურე ბანკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია საბანკო ანგარიშების/ამონაწერების შესახებ, რომლის მიხედვითაც საწარმოს უცხოური კომპანიებისაგან მიღებული აქვს 8 690 028 ლარის ექვივალენტი შემოსავალი, დანიშნულებაში მითითებულია კონტრაქტები, ინვოისები, პროფორმა ინვოისები. აღნიშნული შემოსავლის ნაწილი 7 432 114 ლარის ოდენობით დეკლარირებული მონაცემებით დაფიქსირებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ ბრუნვაში. ვინაიდან, შემოწმების შედეგად ვერ დგინდება საწარმოს საქმიანობის სახე, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები,მიღების თვის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვად. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.21.10.2019 წელს გადამხდელის მიერ საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა.შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ დგინდება მისი კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
97,982.