ბრძანება N 7783

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 7783
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7783

08 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის და 2024 წლის 21 მარტის სხდომებზე (ოქმი №116, №30) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 27 ოქტომბრის №84429/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25667 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე. აცხადებს, რომ დეკლარაციების დაზუსტება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან 2022 წლის 10 იანვარს, 9 სექტემბერს და 30 სექტემბერს საწარმომ შეიძინა ხე-ტყის მასალა, თუმცა საგადასახადო ანგარიშფაქტურები გამოწერილ იქნა 2023 წლის 15 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შევსებულ იქნა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები და აღნიშნული ანგარიშფაქტურები დაფიქსირებულ იქნა ჩასათვლელ თანხებში, ხოლო რეალიზაცია განსაზღვრულ იქნა შემოწმების აქტის მიხედვით. გადამხდელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რამდენჯერმე სცადა პორტალიდან დეკლარაციების დაზუსტება, თუმცა გასწორებული დეკლარაციის წარდგენას ვეღარ ახერხებს. ითხოვს 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას და დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის №28752 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აპრილის №7825 ბრძანება და ამავე თარიღის №071-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 78 977 ლარი, მათ შორის, გადასახადი 49 511 ლარი, ჯარიმა 15 547 ლარი, საურავი 13 919 ლარი.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25667 ბრძანებით უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის № 28752 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე დამატებით ელექტონული ფორმით წარმოდგენილი 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) დეკლარაციების (დეკ. № -------; -------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

2023 წლის 15 სექტემბერს ი/მ ------- წარმოადგინა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) (დეკ: №-------; -------) დეკლარაციები.

საკითხის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს სურს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ საქონელზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რომლებიც გამოწერილია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, დღგ-ის თანხის ჩათვლა, მაგრამ შეცდომით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში მითითებული აქვს შემოწმებით დადგენილი ბრუნვები და ამით აორმაგებს კუთვნილ გადასახადს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ------- (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილი 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) (დეკ: № -------; -------) დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის №28752 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. გადამხდელის მიერ 2023 წლის 15 სექტემბერს წარდგენილ იქნა 2022 წლის იანვრის და სექტემბრის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (პირველადი) (დეკ: №-------; -------) დეკლარაციები, თუმცა დეკლარაციების გადამხდელის პირად ბარათზე ასახვა არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელს წარმოდგენილ დაზუსტებულ დეკლარაციებში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გარდა მითითებული აქვს შეცდომით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვაც, რაც წარმოადგენს შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს და ამით ორმაგად ერიცხება გადასახადის თანხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2022 წლის იანვრის და სექტემბრის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (პირველადი) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დღგ-ის ჩათვლის უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილ პირველად ან შესწორებულ (დაზუსტებულ) დეკლარაციასთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ის ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ახორციელებს დღგ-ის თანხების ჩათვლას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2022 წლის სექტემბრისა და იანვრის საანგარიშო პერიოდებში განხორციელებულ ოპერაციებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხების ჩათვლას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამავე პირის კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდებზე. შესაბამისად, მოცემულ ოპერაციებზე დღგ-ის თანხების ჩათვლის უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდი (დეკემბრის თვე) არ ექცევა ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და არ ზღუდავს პირის შესაძლებლობას ამავე პერიოდზე წარმოადგინოს დაზუსტებული ან პირველადი დეკლარაცია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე შესაძლებელია განახორციელოს დეკლარაციის წარმოდგენა, რომელსაც დღგ-ის თანხებზე ჩათვლის მიღების მიზნით დაურთავს ამავე წლის იანვრისა და სექტემბრის თვეების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს.

ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების 2022 წლის იანვრისა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილ დღგ-ის (დახარვეზებული) დეკლარაციებიდან ჩამოხსნის მიზნით, გადასახადის გადამხდელს აქვს შესაძლებლობა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარადგინოს განცხადება „დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილებების შესახებ“, რომლის შედეგად, განხორციელდება მოცემული ანგარიშ-ფაქტურების დახარვეზებული დეკლარაციებიდან ჩახსნა და გადამხდელს მიეცემა შესაძლებლობა მოახდინოს მათი მიბმა 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საკითხის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს სურს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ საქონელზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რომლებიც გამოწერილია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, დღგ-ის თანხის ჩათვლა, მაგრამ შეცდომით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში მითითებული აქვს შემოწმებით დადგენილი ბრუნვები და ამით აორმაგებს კუთვნილ გადასახადს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (პირველადი) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(3)