ბრძანება N 21879

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 21879
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21879

15 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 19 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ------- -ის (ს/ნ -------) №147355/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №ELC50190, №ELC50191 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და № ------- საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დროულად ვერ მოხერხდა სატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გაყვანა მისი სარემონტო სამუშაოების გამო.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას, რათა მიეცეს სატრანსპორტო საშუალების განბაჟების უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----) ------ (პასპორტი №-------; ს/ნ -------) მიერ 2025 წლის 18 იანვარს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (№------) დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 3 მარტი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2025 წლის 25 აპრილს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -------- ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №-------საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან ერთად, 2025 წლის 25 აპრილს გამოიცა №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ------ უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.

მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2025 წლის 19 სექტემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. მე-2 ნაწილის მიხედვით კი, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად „რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და ასევე რეექსპორტის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა.

აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მოჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სამართალდამრღვევი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2025 წლის 25 აპრილის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ---------ის (ს/ნ--------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;

3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 25 აპრილის №ELC50190 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 2025 წლის 25 აპრილის №------ (№------) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას, რათა მიეცეს სატრანსპორტო საშუალების განბაჟების უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება მომჩივანის მიერ, 2025 წლის 18 იანვარს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 3 მარტი. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა ოქმი, რომლითაც პირს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს სამართალდამრღვევს დაეკისრა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან , ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

70(1);160(1);163(1);165;172