გადაწყვეტილება №20555/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20555/2/2023
30 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 11.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20555/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25545 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №002-115 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18418 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 68 693 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 40 701
ჯარიმა - 13 102
საურავი - 14 890
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა წლებში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან გაფორმებული აქვს საიჯარო ხელშეკრულებები, სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, კონტრაქტის გაფორმებიდან 7 წლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარებოდა გამოსყიდვას და მძღოლის საკუთრებაში გადასვლას 1 ლარად. ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ქირა განსაზღვრული იყო 12 139 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელი საიჯარო შემოსავალს განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ბრუნვად. საგადასახადო კოდექსის მე-14, 73-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან გაფორმებული, სატრანსპორტო საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და ვინაიდან გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა, განხორციელდა ჩასათვლელი თანხების კორექტირება (გაზრდა). ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;
2. კომპანიას 2011 წელს შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები), რომელთა ნაწილი გამოსყიდვის პირობით გაცემული აქვს ფიზიკურ პირებზე იჯარით. გადასახადის გადამხდელს, ძირითად საშუალებებზე საიჯარო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სასარგებლო მომსახურების 7 წლიანი ვადა აქვს გამოყენებული. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საექსპლოატაციო ვადა და ასევე, კომპანიის საკუთრებაში ყოფნის ვადა შეადგენს 10 წელს (2011 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელი სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემიდან 10 წლის განმავლობაში იღებს შემოსავალს. კომპანიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებების მოიჯარეებზე გადაფორმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაიწყო 2021 წლის აგვისტოდან. გადასახადის გადამხდელი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპისა და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ვებ-გვერდზე www.reportal.ge გასაჯაროებული აქვს მხოლოდ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება. კომპანია „ფასს მსს“-ის მე-17 მუხლის შესაბამისად ვალდებული იყო განეხორციელებინა სასარგებლო მომსახურების ვადის შეცვლა და აესახა, როგორც სააღრიცხვო შეფასების ცვლილება. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება გაანგარიშდა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მე-17 მუხლის მიხედვით გაანგარიშებული ცვეთის შესაბამისად. შემოწმებით, დადგენილ დასაბეგრ საშუალო წლიურ ღირებულებასა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული მონაცემებიდან გამომდინარე, კომპანიას დებიტორულ დავალიანებად უფიქსირდება დიდი ოდენობის უძრავი ნაშთი. აღნიშნული დავალიანება წარმოადგენს მოიჯარე ფიზიკური პირების (სამარშრუტო ტაქსის მძღოლი) მიერ დაუბრუნებელ თანხებს ჯამში 326 086 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხების ამოღება ვერ ხერხდება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით, უძრავი დებიტორული დავალიანება განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (22.9%) გაანგარიშდა სარგებელი თვეების მიხედვით და სარგებლის თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავლად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №42679 ბრძანება და №002-481 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.03.2022 წლის №6673 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სამარშრუტო ტაქსების დროებით სარგებლობაში გადაცემის მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხის, მ.შ. საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხის შესწავლა, კერძოდ, დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (22,9%) გამოყენების საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის №6673 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 562 830 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2022 წლის №002-84 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25545 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 131 528 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №002- 115 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18418 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხების შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები სულ 131 528 ლარით, მათ შორის, გადასახადი 92 964 ლარით და ჯარიმა 38 563 ლარით. გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა ქონების გადასახადში დარიცხული თანხებიც. რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებულ ქონების გადასახადსა და გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ გადასახადს შორის სხვაობას, აღნიშნავს, რომ 2021 წლის 23 ივლისის №24215 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2021 წლის 31 დეკემბრის №002-481 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული 2021 წლის ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელი 14 497 ლარის ოდენობით გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 28 მარტს წარდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია 2023 წლის 21 ივნისს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელი აისახა აღნიშნულ კორექტირებულ მოთხოვნაში, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე აღნიშნული თანხა (14 497 ლარი) არ ერიცხება და ქონების გადასახადში შემოწმებით დარიცხული თანხა, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 26 204 ლარს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა სრულად შემცირებას, ხოლო ქონების გადასახადის ნაწილში, დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნული გადაანგარიშება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში მხოლოდ ქონების გადასახადის გადაანგარიშების ნაწილში და საჩივარში მიუთითებდა შემდეგს:
შემოწმებამ თავიდანვე სადავო გახადა მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა, რომელიც კომპანიის მიერ თავიდანვე განისაზღვრა 7 წლით, ხოლო შემოწმების აქტში აღნიშნა, რომ: „კომპანიას 2011 წელს შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები), მათგან ნაწილი იჯარა-გამოსყიდვის პირობით გაცემული აქვს ფიზიკურ პირებზე. კომპანიას ძირითად საშუალებებზე საიჯარო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სასარგებლო მომსახურების 7 წლიანი ვადა აქვს გამოყენებული. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ვადა და ასევე კომპანიის საკუთრებაში ყოფნის ვადა 10 წელიწადია (2011 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ჩათვლით)“.
საგადასახადო დავის განხილვის დროს, კომპანიამ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა უნდა განსაზღვრულიყო მათი ფაქტობრივად გამოყენების პერიოდით, თუმცა არა თავიდანვე (როგორც ეს საგადასახადო შემოწმების აქტში იყო აღნიშნული და გაანგარიშებებიც შესაბამისად იყო გაკეთებული), არამედ მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადის (7 წელი) გადახედვა უნდა მოეხდინა 2017 წელს. კერძოდ, უნდა შეეცვალათ ცვეთის ნორმა (და სასარგებლო მომსახურების ვადა) და ფინანსურ ანგარიშგებაში აესახათ პერსპექტიულად, ანუ არ შეეცვალა წინა პერიოდების ანგარიშგებები და მიკროავტობუსების საბალანსო („ნარჩენ“) ღირებულებებზე, სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლომდე ცვეთის დარიცხვა უნდა გაეგრძელებინა ახლად შეფასებული ცვეთის ნორმის გამოყენებით.
თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტიც დაეთანხმა კომპანიის ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებელ აუდიტორებს წარუდგინეს გაანგარიშების ცხრილი, რომელიც ითვალისწინებდა მიკროავტობუსების ცვეთის და მის საფუძველზე გაანგარიშებული ქონების გადასახადის „პერსპექტიულ“ გადათვლას. თუმცა, შემმოწმებელთა ჯგუფმა, მათთან კომუნიკაციის გარეშე, მოახდინა აღნიშნული ცხრილის კორექტირება და გადასახადის თანხის არასწორი კალკულაცია, კერძოდ:
აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ცხრილის მიხედვით, 2011, 2012, 2014 და 2017 წლებში შეძენილი მიკროავტობუსებისათვის სასარგებლო მომსახურების ვადა და ცვეთის დარიცხვის პერიოდი განისაზღვრა მათი ფაქტობრივად გამოყენების ვადით.
შემმოწმებელი აუდიტორებისათვის ცნობილია, რომ 2021 წლიდან ეტაპობრივად მოხდა ძველი (ყვითელი) მიკროავტობუსების ახალი (ლურჯი) მიკროავტობუსებით ჩანაცვლება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ გამოიყენებოდა მგზავთა გადაყვანის მიზნით და დაიწყო მათი რეალიზაციის პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელთათვის ცნობილი იყო ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესახებ, მათ მიერ წარდგენილ ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილში, დაუსაბუთებლად შეცვალეს 2017 წელს შეძენილი მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა და ის 7 წლიანი პერიოდით განსაზღვრეს.
აღნიშნავს, რომ 2017 წელს კომპანიას შეძენილი აქვს გარკვეული რაოდენობის მეორადი მიკროავტობუსები, რომლებიც სხვა კომპანიების (შპს „----------“ და შპს „----------“) მიერ შეძენილი იყო 2011-2012 წლებში, გამოიყენებოდა ანალოგიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად იგივე ფიზიკურ მდგომარეობაში იყო გადმოცემის მომენტში, როგორშიც მანამდე შპს „----------“ საკუთრებაში არსებული მიკროავტობუსები. ამასთანავე, აღნიშნულ მიკროავტობუსების მიმართ ლოგიკურად განსასაზღვრი სასარგებლო მომსახურების ვადა არ იქნებოდა განსხვავებული წინა წლებში შეძენილი მიკროავტობუსებისგან, რადგან ყველა მათგანი ფაქტობრივად გამოიყენებოდა შეძენიდან, 2020-2021 წლების ჩათვლით პერიოდში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შემმოწმებელთა ჯგუფმა დაუსაბუთებლად შეცვალა 2017 წელს კომპანიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანებით მიცემული დავალება მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და არ დააკმაყოფილა. სადავო ბრძანებას (გადაწყვეტილებას) და მასში მოყვანილ არგუმენტაციას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიღებულია დაუსაბუთებლად და საქმის დამატებითი შესწავლის გარეშე. მართალია, აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე მოახდინა დარიცხული თანხების კორექტირება, თუმცა როგორც საჩივარშია აღნიშნული გადაანგარიშების დროს დაშვებულია არსებითი შეცდომა, რაც მნიშვნელოვნად ცვლის დასაკორექტირებელი (შესამცირებელი) თანხის მოცულობას.
იმისათვის, რათა შემოსავლების სამსახური დარწმუნებულიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების პროცესში დაშვებულ შეცდომაში და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის სისწორეში, აუცილებლად უნდა შესულიყო საქმის დეტალურ განხილვაში, მოესმინა როგორც გადასახადის გადამხდელის ასევე, აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და საკითხის ამგვარი შესწავლის შედეგად მიეღო სწორი გადაწყვეტილება (ან თვითონ შეესწავლა შემმოწმებელთა მიერ მომზადებული გადაანგარიშების ცხრილები). თუმცა ნაცვლად ამისა, შემოსავლების სამსახურმა, გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად, მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ გადაანგარიშებით ნაწილობრივ შემცირდა დარიცხული თანხები (რაც სრულიად არ გამორიცხავს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ გადაანგარიშების პროცესში შეცდომის დაშვებას) მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და საჩივარი არ განუხილავს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი „სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების“ დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 17.03.2022 წლის №6673, 6.10.2022 წლის №25545 ბრძანებებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25545 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა/გამოკვლება და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის დასკვნის მიხედვით ირკვევა რომ:
- განხორციელდა დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე მითითებით, რომ 2011 წელს ძირითადი საშუალებების (მიკროავტობუსების) ცვეთის პერიოდი განისაზღვრა ქალაქ ---------- მერიასთან დადებული საიჯარო ხელშეკრულების ვადის შესაბამისად (7 წლით), შემმოწმებელი განმარტავს, რომ აღნიშნული შესაბამისობაში იყო იმ დროს მოქმედ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას 2017 წლიდან შეექმნა ფინანსური კრიზისი და მისთვის ცხადი გახდა, რომ ვერ შეძლებდა ახალი მიკროავტობუსების შეძენას ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მე-17 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების გამოყენების ვადის შესაბამისად გაეზარდა ცვეთის პერიოდი აღმოჩენის მომენტში. შემოწმებით ქონების გადასახადის გაანგარიშება დაექვემდებარა კორექტირებას ცვეთის პერიოდის შეცვლის აღმოჩენის მომენტიდან. ამდენად, გადაანგარიშების შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ქონების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს ქონების გადასახადის ნაწილში და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებელ აუდიტორებს წარუდგინა გაანგარიშების ცხრილი, რომელიც ითვალისწინებდა მიკროავტობუსების ცვეთის და მის საფუძველზე გაანგარიშებული ქონების გადასახადის „პერსპექტიულ“ გადათვლას. თუმცა, მოხდა აღნიშნული ცხრილის კორექტირება და გადასახადის თანხის არასწორი კალკულაცია. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ცხრილის მიხედვით, 2011, 2012, 2014 და 2017 წლებში შეძენილი მიკროავტობუსებისათვის სასარგებლო მომსახურების ვადა და ცვეთის დარიცხვის პერიოდი განისაზღვრა მათი ფაქტობრივად გამოყენების ვადით. 2021 წლიდან ეტაპობრივად მოხდა ძველი (ყვითელი) მიკროავტობუსების ახალი (ლურჯი) მიკროავტობუსებით ჩანაცვლება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ გამოიყენებოდა მგზავთა გადაყვანის მიზნით და დაიწყო მათი რეალიზაციის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შემმოწმებელთათვის ცნობილი იყო, წარდგენილ ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილში, დაუსაბუთებლად შეიცვალა და 2017 წელს შეძენილი მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა 7 წლიანი პერიოდით განისაზღვრა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანებით მიცემული დავალება მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღსრულების შედეგად, მხოლოდ ქონების გადასახადის ნაწილში დარჩა სადავო. აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა გაანგარიშების ცხრილი, ძირითად ნაწილში შემმოწმებელი დაეთანხმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2017 წელს შეძენილ მიკროავტობუსებზე, რომლებზეც 2020-2021 წლის ჩათვლით უნდა გამოყენებულიყო 4 წლიანი ვადა, ანუ მათი ფაქტობრივად გამოყენების პერიოდით უნდა განსაზღვრულიყო მათი სასარგებლო მომსახურების ვადა, შემმოწმებლის მიერ მაინც გამოყენებული იქნა 7 წელი, თუმცა ყველამ იცის და მათაც იცოდნენ, რომ 2021 წლიდან მოხდა ძველი (ყვითელი) მიკროავტობუსების ახალი (ლურჯი) მიკროავტობუსებით ჩანაცვლება და აღნიშნული პერიოდიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ გამოიყენებოდა. თუ შემმოწმებლის ლოგიკა იყო, რომ სასარგებლო მომსახურების ვადა იყო ფაქტიურად გამოყენების ვადა, მიკროავტობუსების გამოყენება ხდებოდა 2020- 2021 წლის ჩათვლით, რაშიც დაეთანხმნენ, მაგრამ 2017 წელს კომპანიას ახალი მიკროავტობუსები კი არ უყიდია, არამედ იყიდა იგივე საქმიანობის მქონე სხვა კომპანიებისაგან, იგივე ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი მიკროავტობუსები, როგორშიც მათ საკუთრებაში არსებული მიკროავტობუსები იყო და ამდენად ასეთ, 2017 წელს შეძენილ მიკროავტობუსებზე სასარგებლო მომსახურების 7 წლიანი ვადის გავრცელებას არ ეთანხმება, რადგან ძველი, მათ საკუთრებაში არსებულის იდენტურის შეძენა მოხდა. 7 წელის მიყენება ხდება ახალზე როცა შეიძენდნენ, ხოლო ძველ მიკროავტობუსზე, რომელიც 2017 წელს შეიძინეს ახალზე დაწესებული სასარგებლო მომსახურების 7 წლიანი ვადის გამოყენება არ მიაჩნია სწორად.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების ჩამოწერა არ მომხდარა, გადასახადის გადამხდელისგან განემარტათ, რომ მძღოლებზე ხდებოდა ძველი მიკროავტობუსების გადაყიდვა, როგორც წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2020-2021 წლებში მათი გამოყენება არ ხდებოდაო, მისი ჩამოწერის ან გასხვისების აქტი უნდა არსებობდეს და იმ პერიოდის ღირებულებით (რაც გააჩნდა) უნდა მომხდარიყო ჩამოწერა და ბუღალტრული გატარებები. ამასთან, ჩათვალეს, რომ შემოწმების პერიოდში შეძენილ მიკროავტობუსებზე 4 წელის გამოყენება, როგორც მომჩივანი ითხოვს არასწორია და რომ 2017 წელს შეძენილ ძველ მიკროავტობუსებზე, საერთაშორისო სტანდარტის დებულებათა გათვალისწინებით, გამოყენებულია სასარგებლო მომსახურების 5 წლიანი ვადა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25545 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 17.03.2022 წლის №6673, 6.10.2022 წლის №25545 ბრძანებებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, შემოსავლების სამსახურის 6.10.2022 წლის №25545 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა/გამოკვლება და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის დასკვნის მიხედვით ირკვევა რომ: - განხორციელდა დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე მითითებით, რომ 2011 წელს ძირითადი საშუალებების (მიკროავტობუსების) ცვეთის პერიოდი განისაზღვრა მერიასთან დადებული საიჯარო ხელშეკრულების ვადის შესაბამისად (7 წლით), შემმოწმებელი განმარტავს, რომ აღნიშნული შესაბამისობაში იყო იმ დროს მოქმედ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას 2017 წლიდან შეექმნა ფინანსური კრიზისი და მისთვის ცხადი გახდა, რომ ვერ შეძლებდა ახალი მიკროავტობუსების შეძენას ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მე-17 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების გამოყენების ვადის შესაბამისად გაეზარდა ცვეთის პერიოდი აღმოჩენის მომენტში. შემოწმებით ქონების გადასახადის გაანგარიშება დაექვემდებარა კორექტირებას ცვეთის პერიოდის შეცვლის აღმოჩენის მომენტიდან. ამდენად, გადაანგარიშების შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ქონების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს ქონების გადასახადის ნაწილში და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებელ აუდიტორებს წარუდგინა გაანგარიშების ცხრილი, რომელიც ითვალისწინებდა მიკროავტობუსების ცვეთის და მის საფუძველზე გაანგარიშებული ქონების გადასახადის „პერსპექტიულ“ გადათვლას. თუმცა, მოხდა აღნიშნული ცხრილის კორექტირება და გადასახადის თანხის არასწორი კალკულაცია. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ცხრილის მიხედვით, 2011, 2012, 2014 და 2017 წლებში შეძენილი მიკროავტობუსებისათვის სასარგებლო მომსახურების ვადა და ცვეთის დარიცხვის პერიოდი განისაზღვრა მათი ფაქტობრივად გამოყენების ვადით. 2021 წლიდან ეტაპობრივად მოხდა ძველი (ყვითელი) მიკროავტობუსების ახალი (ლურჯი) მიკროავტობუსებით ჩანაცვლება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ გამოიყენებოდა მგზავთა გადაყვანის მიზნით და დაიწყო მათი რეალიზაციის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შემმოწმებელთათვის ცნობილი იყო, წარდგენილ ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილში, დაუსაბუთებლად შეიცვალა და 2017 წელს შეძენილი მიკროავტობუსების სასარგებლო მომსახურების ვადა 7 წლიანი პერიოდით განისაზღვრა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანებით მიცემული დავალება მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღსრულების შედეგად, მხოლოდ ქონების გადასახადის ნაწილში დარჩა სადავო. აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა გაანგარიშების ცხრილი, ძირითად ნაწილში შემმოწმებელი დაეთანხმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2017 წელს შეძენილ მიკროავტობუსებზე, რომლებზეც 2020-2021 წლის ჩათვლით უნდა გამოყენებულიყო 4 წლიანი ვადა, ანუ მათი ფაქტობრივად გამოყენების პერიოდით უნდა განსაზღვრულიყო მათი სასარგებლო მომსახურების ვადა, შემმოწმებლის მიერ მაინც გამოყენებული იქნა 7 წელი, თუმცა ყველამ იცის და მათაც იცოდნენ, რომ 2021 წლიდან მოხდა ძველი (ყვითელი) მიკროავტობუსების ახალი (ლურჯი) მიკროავტობუსებით ჩანაცვლება და აღნიშნული პერიოდიდან ყვითელი მიკროავტობუსები აღარ გამოიყენებოდა. თუ შემმოწმებლის ლოგიკა იყო, რომ სასარგებლო მომსახურების ვადა იყო ფაქტიურად გამოყენების ვადა, მიკროავტობუსების გამოყენება ხდებოდა 2020- 2021 წლის ჩათვლით, რაშიც დაეთანხმნენ, მაგრამ 2017 წელს კომპანიას ახალი მიკროავტობუსები კი არ უყიდია, არამედ იყიდა იგივე საქმიანობის მქონე სხვა კომპანიებისაგან, იგივე ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი მიკროავტობუსები, როგორშიც მათ საკუთრებაში არსებული მიკროავტობუსები იყო და ამდენად ასეთ, 2017 წელს შეძენილ მიკროავტობუსებზე სასარგებლო მომსახურების 7 წლიანი ვადის გავრცელებას არ ეთანხმება, რადგან ძველი, მათ საკუთრებაში არსებულის იდენტურის შეძენა მოხდა. 7 წელის მიყენება ხდება ახალზე როცა შეიძენდნენ, ხოლო ძველ მიკროავტობუსზე, რომელიც 2017 წელს შეიძინეს ახალზე დაწესებული სასარგებლო მომსახურების 7 წლიანი ვადის გამოყენება არ მიაჩნია სწორად. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების ჩამოწერა არ მომხდარა, გადასახადის გადამხდელისგან განემარტათ, რომ მძღოლებზე ხდებოდა ძველი მიკროავტობუსების გადაყიდვა, როგორც წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2020-2021 წლებში მათი გამოყენება არ ხდებოდაო, მისი ჩამოწერის ან გასხვისების აქტი უნდა არსებობდეს და იმ პერიოდის ღირებულებით (რაც გააჩნდა) უნდა მომხდარიყო ჩამოწერა და ბუღალტრული გატარებები. ამასთან, ჩათვალეს, რომ შემოწმების პერიოდში შეძენილ მიკროავტობუსებზე 4 წელის გამოყენება, როგორც მომჩივანი ითხოვს არასწორია და რომ 2017 წელს შეძენილ ძველ მიკროავტობუსებზე, საერთაშორისო სტანდარტის დებულებათა გათვალისწინებით, გამოყენებულია სასარგებლო მომსახურების 5 წლიანი ვადა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25545 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 205.