ბრძანება N 24905

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 24905
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24905

27 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ---)

(მის.:---) 2024 წლის 17 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილების უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №23846/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2024 წლის 17 ივლისის №90773/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №007-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველი. მის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა, რომელიც სრულყოფილად ასახავს დასაბეგრ ოპერაციებს. შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №10 დანართი, ვინაიდან აღნიშნული დანართის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მათ მიერ ფასნამატი განისაზღვრა/გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატიდან გამომდინარე, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება რას დაეყრდნო შემმოწმებელი. გადამხდელი განმარტავს, რომ არსებობს დოკუმენტური რეალიზაცია და შესაბამისად დოკუმენტური ფასნამატი რაც დაფიქსირებულია საბუღალტრო პროგრამაში და თანხვედრაშია 2024 წლის 13 მარტს ჩატარებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემებთან.

შემოწმების მიერ არაა გათვალისწინებული არც დოკუმენტური ფასნამატი, არც ინვენტარიზაციის ფასნამატი და გავრცელებულია მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი. მისთვის არაა ცნობილი ვისი ფასნამატი იქნა გამოყენებული, რამდენად არის შესადარისი პირი, აქვს თუ არა მსგავსი საქმიანობა, გათვალისწინებულია თუ არა ტერიტორიული პრინციპი, რომელი წლების ფასნამატია გათვალისწინებული. საგადასახადო შემოწმების აქტში ასევე არაა დაფიქსირებული მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი რამდენ პროცენტს შეადგენს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდას და აღნიშნულიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადში დამატებით განხორციელებულ დარიცხვებს. განმარტავს, რომ აღნიშნული გამოწვეულია 2021-2022 წლების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების კორექტირებით.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3456 და 4 აპრილის №7526 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ----) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 5 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 ივნისის №14044 ბრძანება და ამავე თარიღის №007-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 158 578 ლარი, მათ შორის, გადასახადი 91 168 ლარი, ჯარიმა 45 360 ლარი, საურავი 22 050 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 15 ნოემბრის №23846/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანება და საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №23846/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს. ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ჩანთებითა და ჩემოდნებით ვაჭრობა --- ს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია სრულად. მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე მეწარმე ვერ ახდენს საქონლის სტანდარტების მიხედვით ჩამოწერას. ჩამოწერა ხორციელდება ყოველი თვის ჭრილში და შესაბამისად ვერ დგინდება დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რეალური ფასნამატი და საქონლის ჭრილში სარეალიზაციო ფასი.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 745 828 ლარს დღგ-ის გარეშე. შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2024 წლის 13 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 406 794 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი, შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებით გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი. დაკორექტირდა 2021-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილი. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ მეწარმე არ ახდენდა საქონლის სტანდარტების მიხედვით ჩამოწერას, საქონლის ჩამოწერა ხორციელდებოდა ყოველი თვის ჭრილში და შესაბამისად, ვერ დგინდება დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რეალური ფასნამატი და საქონლის ჭრილში სარეალიზაციო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2024 წლის 13 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 406 794 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავალის გაზრდა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მეწარმეს გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და მიუთითებს, რომ საბურალტრო პროგრამაში დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი თანხვედრაშია 2024 წლის 13 მარტს ჩატარებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემებთან/ფასნამატთან.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ფიქსირდება საკონტროლო შესყიდვის პროცედურები. ასევე, 2024 წლის 13 მარტს განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია რა დროსაც გამოვლინდა ფაქტობრივი ნაშთი სარეალიზაციო ღირებულებით 406 794 ლარი, მიმდინარე კონტროლის დროს არ ჩატარებულა საკონტროლო შესყიდვა, შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებას არ გააჩნდა არც ინვენტარიზაციის ფასნამატი და არც საკონტროლო შეყიდვის შესახებ ინფორმაცია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილი. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდას და აღნიშნულიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადში დამატებით განხორციელებულ დარიცხვებს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 406 794 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი, შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოწმებით გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი. დაკორექტირდა 2021-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილი. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 201; 202; 205.