ბრძანება № 241

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 241
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 241

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 24 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86248/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №072-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ანგარიშ-ფაქტურები, რომლების დეკლარაციებში აუსახველობისთვისაც მოხდა კომპანიის დაჯარიმება ასახული და დაბეგრილი აქვს სხვა პერიოდის დეკლარაციებში. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული გადასახადი გასაუქმებელია, ხოლო ჯარიმა 50% ნაცვლად უნდა განსაზღვრულიყო 10% ოდენობით. ამასთან, საურავი, რომელიც დარიცხულია სავადო პერიოდიდან დღემდე, უნდა იყოს მხოლოდ სავადო პერიოდიდან ფაქტიურად დეკლარირებულ პერიოდამდე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თანხის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ --------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის აპრილის, 2021 წლის თებერვლისა და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 ნოემბრის №28676 ბრძანება და ამავე თარიღის №072-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 16 664 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 916 ლარი, ჯარიმა 3 958 ლარი, საურავი 4 790 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, 2020 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს გამოწერილი აქვს 35 180 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის თანხა 5 336.44 ლარი), რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე 2021 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს 1 101 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის თანხა 167.99 ლარი), რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგის დეკლარაციაში, ხოლო 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს 32 956 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის თანხა 5 027 ლარი), საიდანაც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული 15 626.38 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), დღგ-ის თანხა 2 383.68 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

გადამხდელის პოზიციასთან, კერძოდ, შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სხვა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული გადასახადი გასაუქმებელია, ხოლო ჯარიმა 50% ნაცვლად უნდა განსაზღვრულიყო 10% ოდენობით. ამასთან, საურავი, რომელიც დარიცხულია სავადო პერიოდიდან დღემდე, უნდა იყოს მხოლოდ სავადო პერიოდიდან ფაქტიურად დეკლარირებულ პერიოდამდე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თანხის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:160;161(1);158(1);163(1);164(1);