გადაწყვეტილება №25933/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25933/2/2025
18 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25933/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა და დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა;
2. საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებათა გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10937 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 464 817,37 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 777 358,2
დღგ - 282 640,80
საშემოსავლო გადასახადი - 494 717,40
ჯარიმა - 396 862,10
საურავი - 290 597,07
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 12.02.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10937 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.07.2025 წლის №25373/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 29.09.2025 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი (№25933/2/2025) და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის განახლება აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე.
1. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა და დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, რეალიზებული აქვს დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, შესაბამისად, 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი რეალიზებულია დოკუმენტების გარეშე, რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საწარმოს არ აქვს შესრულებული. საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოწმების შედეგად 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რამაც შეადგინა 1 677 008 ლარი (დღგ-ის გარეშე).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 1 677 008 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის (1 978 869 ლარი) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე, არ დასტურდება აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. დამატებით დადგენილი შემოსავალი 1 978 869 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის, ხოლო საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისთვის (100 ლარი).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 145-ე მუხლის პირველ და მე-6 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში, მათ შორის, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის 24 მარტის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება №5400 გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რაც 2025 წლის 28 მაისის №10937 ბრძანების თანახმად არ დაკმაყოფილდა. 7.02.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად შპს ---ს დაერიცხა სულ 1 464 817,37 ლარი, საიდანაც გადასახადი არის 777 358,20 ლარი, დღგ 282 640,80 საშემოსავლო გადასახადი 494 717,40 ლარი, ჯარიმა 396 862,10 ლარი, ხოლო საურავი 290 597,07 ლარი, რაც 2025 წლის 24 მარტის აუდიტის დეპარტამენტის №5400 ბრძანების საფუძველზე შეუმცირდა 1 174 221 ლარამდე, საიდანა ძირითადი გადასახადი არის 777 358,20 ლარი, ჯარიმა 396 862,10 ლარი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ დარიცხვა უკანონოა, რადგან ის პროდუქტი რაზეც მოხდა შპს დაჯარიმება არის მალფუჭებადი, კანგაცლილი ნიგოზი, რომელიც წვიმაში დასველდა და გაფუჭდა, რისი გადარჩენაც შეძლეს სახეზეა, რომლის ნახვა აუდიტის დეპარტამანეტის თანამშრომლებს არ მოუხდენიათ, რადგან მათთვის კარგად იყო ცნობილი მოსული უხვი ნალექის შესახებ და ---ში არსებული ზარალის თაობაზე, სადაც ის საწყობი ინახებოდა შეძენილი საქონლის უხვი ნალექის/თოვლის მოსვლის გამო ჩამოინგრა და იქ არსებული საქონელი განადგურდა, ასევე ჩამოინგრა თხილის გადამამუშავებელი საწარმოს, აღნიშნულმა ფაქტმა საკმაო ზარალი მიაყენა შპს ---ს. ასევე ძალიან ბევრის პროდუქტი გაცემული იყო შემდეგი გადახდით, რაც აუდიტის დეპარატამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული და შპს --- დააჯარიმეს. შემოწმების დროს აუდიტის დეპარატამენტის თანამშრომლებს არ მოუთხოვიათ პროდუქციის ნახვა, არც რაიმე დოკუმენტაცია, თავისით მოახდინეს შემოწმება და დაჯარიმება.
შპს ---ის მიერ მოხდა ნიგოზის გაცვლა სხვა პროდუქტში, კერძოდ მწვანე ჩაიში, რომლის რეალიზაცია მოხდა როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, რეალიზაცია მოხდა შემდგომი გადახდით, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოხდა მის გაზიარება. მომჩივანი ითხოვს 2025 წლის 28 მაისის შემოსავლების სამსახურის №10937 ბრძანების გაუქმებას, ასევე 2025 წლის 24 მარტის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება №5400 გაუქმებას, რადგან დაჯარიმება მოხდა უკანონოდ. გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელია, მას არასდროს ჰქონია დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, არც რაიმე გადასახადი დაუმალია და მოხდეს თავიდან არსებული დავალიანების გადამოწმება, შევიდეს შესაბამისი ცვლილება/დაკორექტირდეს (შეუმცირდეს) დაკისრებული ჯარიმა, რადგან მას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით აქვს უკანონოდ დაკისრებული ჯარიმები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 25.06.2025 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10937 ბრძანება, მითითებულ სადავო საკითხეზე (შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა და დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა), რაზეც მიღებულია საბჭოს 11.07.2025 წლის №25373/2/2025 გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიმართ იმავე სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებათა გამო ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 12.02.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10937 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.07.2025 წლის №25373/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 29.09.2025 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი (№25933/2/2025) და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის განახლება აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ძირითადად საუბრობს დარიცხვის არამართლზომიერებაზე, ითხოვს 2025 წლის 28 მაისის შემოსავლების სამსახურის №10937 ბრძანების გაუქმებას, ასევე 2025 წლის 24 მარტის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება №5400 გაუქმებას, რადგან შპს --- დაჯარიმება მოხდა უკანონოდ. მიუთითებს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, არასდროს ჰქონია დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, არც რაიმე გადასახადი დაუმალია. მსგავსი საჩივრით მათ უკვე მიმართული ჰქონდა როგორც შემოსავლების სამსახურისათვის, ასევე დავების განხილვის საბჭოსათვის, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ, ხოლო მათ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე წვდომა არ აქვთ და უცნობია rs.ge გამოგზავნილია თუ არა რაიმე სახის პასუხი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
მომჩივანი საჩივარს ასათაურებს როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო წარდგენილ საჩივარს თუმცა, არანაირ გარემოებასა თუ არგუმენტზე არ მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ მიუთითებს რაიმე არგუმენტზე/დოკუმენტზე/გარემოებაზე, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, საბჭო მიიჩნევს, რომ დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა და დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა;
2. საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებათა გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, საიდანაც დოკუმენტურად რეალიზებულია 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ.
საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა 116 675 კგ-ის ოდენობით შემოწმებით ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, რის საფუძველზეც გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და დაიბეგრა დღგით.
ამასთან, ვინაიდან შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და სალაროში არსებობის ფაქტი არ დადასტურდა, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კვლავ წარმოადგინა საჩივარი და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის განახლება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დარჩა განუხილველი; საბჭო მიიჩნევს, რომ დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ზ); 299; 308 (1).