გადაწყვეტილება №19472/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19472/2/2023
04 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------- (პ/ნ --------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19472/2/2023).
დავის საგანი:
1. ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 20.03.2023 წლის №EL203523 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 20.03.2023 წლის №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8046 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 6 000 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 5 000
ჯარიმა - 1 000
ფაქტების აღწერა
16.02.2023 წელს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ელექტრონულ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez”-ში წარდგენილი საქონლის თანმხლები დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში შემოსატანი საქონლის წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შევსებული იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაცია №C12513/11117.
საბაჟო დეკლარაციის თანახმად, სატვირთო ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი -------) მოქალაქე ------- (პ/ნ -------) სახელზე -------დან საქართველოში უნდა შემოტანილიყო საქონელი - ,,დამუშავებული ქვები 344 ერთეული“.
საქართველოში შემოსატანი საქონლის საბაჟო ღირებულებამ წინასწარი საბაჟო დეკლარაციის თანახმად შეადგინა 10 612,8 ლარი. მომჩივნის მიერ წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის №3020771 (ასლი) საფუძველზე საქონელი არ დაიბეგრა იმპორტის გადასახადით და იმპორტის გადასახდელის თანხამ (დღგ) შეადგინა დღგ - 1 910.30 ლარი.
20.02.2023 წელს აღნიშნული საქონლის საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, საბაჟო დეკლარაციისათვის რისკის პროფილის შესაბამისად, შერჩეული იქნა ,,ყვითელი დერეფანი“ და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო თარიღად განისაზღვრა 21.02.2023 წელი. აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა შესრულებული და საქონელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების გარეშე, მიტანილ იქნა დეკლარანტის საწყობში.
საქონლის ვიზუალური დათვალიერებით, №C12513/11117 საბაჟო დეკლარაციით შემოტანილ საქონელთან იდენტიფიცირება საბაჟო ორგანომ ვერ მოახერხა.
საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვისათვის, მომჩივანს, 20.03.2023 წლის №EL203517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 პუნქტის შესაბამისად სამართალდამრღვევი პირი გათავისუფლდა სანქციისგან და სანქციის ოდენობის გრაფაში მითითებულ იქნა ნულოვანი თანხა.
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებისთვის, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, მომჩივანს, 20.03.2023 წლის №EL203523 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის განსაზღვრული ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
20.03.2023 წლის №EL203523 და №EL203528 სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2023 წლის №8046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-7 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე, 166-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც კანონმდებელი ავალდებულებს საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რას არ განუხორციელებია და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე ახსნილი იქნა იდენტიფიკაციის საშუალება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. ასევე დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამართალდარღვევები ჩადენილი არ არის მიზანმიმართულად და მისი ქმედებით არ არის გამოწვეული ბიუჯეტში გადასახდელი თანხების შემცირება. მის მიერ პირველად განხორციელდა აღნიშნული ოპერაცია და უცნობი იყო ვალდებულება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერმინალში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ქმედებას არ გამოუწვევია ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების დამალვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია საკითხის არცოდნით, მისი საფუძველი არ ყოფილა გადასახადის დამალვა და როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოური საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილდება, უცხო ქვეყნებს შორის (ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით, გამგზავნი საბაჟო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე.
ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანზიტული გადაადგილების ვადა შეადგენს, საქონლის შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) – 20 კალენდარულ დღეს.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
მომჩივნის 20.03.2023 წლის №48194/21-11 განცხადების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი გადმოტვირთულ იქნა მის კუთვნილ საწყობში.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე ახსნა იდენტიფიკაციის საშუალება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურება და ამასთან სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 20.03.2023 წლის №EL203523 და №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული ჯარიმებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 20.03.2023 წლის №EL203523 და №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებისთვის, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, მომჩივანს, 20.03.2023 წლის №EL203523 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის განსაზღვრული ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
20.03.2023 წლის №EL203523 და №EL203528 სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2023 წლის №8046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 20.03.2023 წლის №EL203523 და №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული ჯარიმებისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1), 71(1), 100(7), 163(11), 165, 166(3).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.