ბრძანება N 10025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10025
08.05.2023
ფ/პ ---ის (პ/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 13 და 24 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2023 წლის 13 აპრილის №80363/1/2023 და 24 აპრილის №80541/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №007-62 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან და 2021 წლის მიმდინარე გადასახდელებისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №975 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 23 მარტის №5842 ბრძანება და ამავე თარიღის №007-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 7 061 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 681 ლარი, ჯარიმა 1 405 ლარი, საურავი 975 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მასალებით დადგინდა, რომ ფ/პ --- გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს. ფ/პ -- 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემულად უფიქსირდებოდა 44 499 აშშ დოლარი, მათ შორის: 2020 წელს 33 306 აშშ დოლარი, 2021 წელს 11 193 აშშ დოლარი.
ამასთან, ---ის მიერ აღნიშნული ოპერაციებიდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, გაცემული სესხებიდან სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 2020 წელს 1 530 აშშ დოლარი, შესაბამისი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით - 4 702.76 ლარი, 2021 წელს- 2 871 დოლარი, (9 348.17 ლარი), ხოლო 2022 წელს კი 1 117 დოლარი (3 439.69 ლარი.) 2022 წლის შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა პირს ევალება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციით, რომელიც საგადასახადო ორგანოსთვის უნდა წარედგინა 2023 წლის პირველ აპრილამდე.
საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 73-ე და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, ფ/პ ---ის მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან, პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივრები განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივრები განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მიმდინარე გადასახდელებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არაუგვიანეს 15 მაისისა - 25 პროცენტი;
ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა - 25 პროცენტი;
გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა - 25 პროცენტი;
დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა - 25 პროცენტი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბარათებზე საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიხედვით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დასარიცხი გადასახადის თანხა შეადგენს 2 810 ლარს, კერძოდ, 2020 წელს 941 ლარი, ხოლო 2021 წელს 1 870 ლარს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №5842 ბრძანების თანახმად, ფ/პ---ს (პ/ნ ---) გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 216 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 811 ლარი, ჯარიმა 1 405 ლარი, ამასთან, დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 2 811 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 941 ლარით.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №007-62 საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ სულ 7 061 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 681 ლარი, ჯარიმა 1 405 ლარი, საურავი 975 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ---ს მიმართ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები შემცირებულია საგადასახადო შემოწმების აქტითა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ჩანაწერებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან და 2021 წლის მიმდინარე გადასახდელებისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 73-ე და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, ფ/პ ---ის მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან, პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს..
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269; 270; 272 ; 275; 155