ბრძანება N 10773

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2023
№ დოკუმენტი 10773
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10773

15.05.2023

ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -------------------------------------)

2023 წლის 12 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) №64467/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 10 აპრილის N21-11/29668 წერილს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 იანვარს მოხდა თვითმმართველი თემი ------ის -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) ლიკვიდაცია,რომელიც შეერწყა -------- ------ --------ას“(ს/ნ -----------------) და ამ ორი ორგანიზაციის შერწყმით შეიქმნა ახალი ორგანიზაცია -------- ------ --------ა“ (ს/ნ -----------------).

თვითმმართველი თემი „---------- -------- ------ --------ის“ ბუღალტერი სამუშაოდ გადავიდა „---------- -------- ------ --------ის“ ბუღალტრად. 2019 წლის 15 მაისს თვითმმართველი თემი ---ის --------ის ------ ---------ის ყოფილმა ბუღალტერმა ლიკვიდირებული ორგანიზაციის თვითმმართველი თემი „---------- -------- ------ --------ის“ გვერდზე შეცდომით ატვირთა „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) აპრილის თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაცია, რომლის ბუღალტრადაც მუშაობდა მოცემულ მომენტში, რის შედეგადაც კომპანია დაჯარიმდა. ----ის ცენტრმა შეცდომის აღმოჩენისას გაასაჩივრა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად იქნა მოხსნილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყოფილი ბუღალტრის მიერ არ მოხდა თვითმმართველი თემი „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) გვერდზე დეკლარაციის კორექტირება. ვინაიდან არც მაშინ და არც ახლა წვდომა არ ჰქონდათ ლიკვიდირებული ორგანიზაციის პორტალზე, შესაბამისად, ვერ შენიშნეს აღნიშნული შეცდომა და ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები. ახლა კი ხანდაზმულობის გამო დეკლარაციას ვერ აზუსტებენ.

გადამხდელი ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა დააკორექტიროს დეკლარაცია და ჩამოეწეროს დავალიანება.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით 2019 წლის 15 მაისს წარმოდგენილია 2018 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია და ინფორმაცია ბიუჯეტში გადასახდელი თანხით 8088.58 ლარი. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 22 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N049-462. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 291-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 908.86 ლარი.

გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ააიპ „---------- -------- ------ --------ა“ (ს/ნ -----------------) ლიკვიდირებულია 26.01.2018 წლიდან. ზემოაღნიშნული ორგანიზაცია შეერწყა ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად N049-462 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2019 წლის 22 მაისს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, როგორც ”საგადასახადო მოთხოვნა” შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, რომელსაც გაეცნო 30.05.2019 წელს და არ გაუსაჩივრებია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) დავალიანება 27.03.2023 წელს გადატანილია სამართალმემკვიდრის, ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 26 აპრილის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 5590.06 ლარი, ჯარიმა 908.86 ლარი და საურავი 7527.93 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

დეკლარაციის კორექტირებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. გადასახადის დარიცხვის საფუძველია: საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე.

შემოსავლების სამსახურის უფროსის „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე N13446 ბრძანების მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან). რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე ზედმეტობის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ზედმეტობა უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე მოქმედებს სალდოს გადატანის თარიღიდან. რეორგანიზებული პირის რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში „სალდო“, დავალიანების ან ზედმეტობის სახით, განაწილდება ამ უფლებამონაცვლეებს შორის მათი წილის შესაბამისად. თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ააიპ „---------- -------- ------ --------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა დააკორექტიროს დეკლარაცია და ჩამოეწეროს დავალიანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილია 2018 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია და ინფორმაცია ბიუჯეტში გადასახდელი თანხის.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 291-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:4(1,2); 53; 56(1); 69(1, 2 „ა“); 982(3 „ზ“); 274; 291;302(6);

შემოსავლების სამსახურის უფროსის „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე N13446 ბრძანების მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილი;მე-15 მუხლი;