ბრძანება N 13275

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.06.2024
№ დოკუმენტი 13275
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13275

05 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---------ის (პ/ნ -----------------)

ფაქტ. მის.: -------------------------;

(იურ. მის.: -------------------------)

2024 წლის 16 და 28 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) იმსჯელა ფ/პ ---------ის (პ/ნ -----------------) 2024 წლის 16 მაისის №89700/1/2024 და 28 მაისის №89915/1/2024 საჩივრებზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №025-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2023 წელს იჯარით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღარ შეადგენს 100 000 ლარს, რაც დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ითხოვს, 2023 წლის პირველი იანვრიდან მიღებულ შემოსავლებზე დარიცხული დღგ-ის შემცირებას.

2.გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №025-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 26 დეკემბრის №33050 ბრძანება და ამავე თარიღის №025-18 საგადასახადო მოთხოვნა ფ/პ --------ეს (პ/ნ -------------) 2023 წლის 26 დეკემბერს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით, თუმცა ვერც ელექტრონულად და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით ვერ მოხერხდა დოკუმენტების ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, განხორციელდა 2023 წლის 26 დეკემბრის №33050 ბრძანების და ამავე თარიღის №025-18 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. აღნიშნული დოკუმენტები ფ/პ ---------ის (პ/ნ ---------------) მიერ ჩაბარებულად ითვლება 2024 წლის 18 მარტს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფ/პ -----------ის (პ/ნ ---------------) მიმართ შედგენილი 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 26 დეკემბრის №33050 ბრძანება და ამავე თარიღის №025-18 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2024 წლის 11 და 25 იანვარი) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე (ქ. -------, -------ის გამზ. №------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2024 წლის 27 თებერვალს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 18 მარტს, ამასთან გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე გაეცნო 2024 წლის 16 მაისს, ხოლო საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია - 2024 წლის 16 და 28 მაისს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა. აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო საჩივრები დაშვებულ იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი დეკემბრის №30060 და 2023 წლის 21 დეკემბრის №32318 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ----------ის (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022, 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის და გადახდის წყაროსთან დაკავებული მომსახურების თანხების ნაწილში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სისწორის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდზე დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №33050 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №025-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 520 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 42 259 ლარი, ჯარიმა 14 900 ლარი და საურავი 8 361 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. ფ/პ -----------ძე იჯარის მომსახურებას უწევს სს ------ს ბანკს, რაზეც იღებს საიჯარო შემოსავალს. პირის მიერ მიღებული შემოსავლები 2022 წლის იანვარში უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აჭარბებს 100 000 ლარს, შესაბამისად, ----------ეს წარმოეშვება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 და 165-ე მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

2. ფ/პ ---------ეს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადი დასბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ ფ/პ ---------ეს 2019, 2020, 2021 და 2022 წლის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი ოდენობით შემოსავალი. შემოწმების პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონება. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202- ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წელს იჯარით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღარ შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და 2023 წლის პერიოდზე დარიცხული დღგ ექვემდებარება გაუქმებას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს ფ/პ ------------ძე (პ/ნ --------------) დღგის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. ამასთან, ფიზიკურ პირს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №025-18 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი გადახდილი აქვს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ ------------ძე (პ/ნ -----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №025-18 საგადასახადო მოთხოვნით ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ---------ის (პ/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს ფ/პ -----------ე (პ/ნ -----------------) დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფ/პ ------------ე (პ/ნ -----------------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №025-18 საგადასახადო მოთხოვნით ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს 2023 წლის პირველი იანვრიდან მიღებულ შემოსავლებზე დარიცხული დღგ-ის შემცირებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №30060 და №32318 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022, 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის და გადახდის წყაროსთან დაკავებული მომსახურების თანხების ნაწილში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სისწორის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდზე დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №33050 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №025-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 520 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანი იჯარის მომსახურებას უწევს კომერციულ ბანკს, რაზეც იღებს საიჯარო შემოსავალს. პირის მიერ მიღებული შემოსავლები 2022 წლის იანვარში უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აჭარბებს 100 000 ლარს, შესაბამისად,გადასახადის გადამხდელს წარმოეშვება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 და 165-ე მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

ამასთან,მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადი დასბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ მომჩივანს 2019, 2020, 2021 და 2022 წლის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი ოდენობით შემოსავალი. შემოწმების პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონება. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202- ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს მომჩივანი დღგის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №025-18 საგადასახადო მოთხოვნით ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1 „ა“ და ,,ბ“); 165(1.2); 1651(1.4); 269(7); 282.