ბრძანება N 11346
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11346
22.05.2023
ფ/პ ---- ---------ის (პ/ნ ----------------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------------------;
იურ. მის.:-------------------------------------)
2023 წლის 29 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ფ/პ ---- ---------------ის (პ/ნ ----------------------)№80659/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №002-35 და 26 აპრილის №002-56 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, ითხოვს საპროცენტო შემოსავლის საკასო მეთოდით განსაზღვრას. ამასთან აცხადებს, რომ 2021 წელს პროცენტის სახით შემოსავალი არ მიუღია, დაუბრუნდა მხოლოდ სესხის ძირი თანხა. ითხოვს მიმდინარე გადასახდელების შემცირებას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება თაღლითობის მუხლით იმ პირების მიმართ, რომელთაც ასესხა თანხა და რომელთა მიერაც ჩარიცხული თანხები განხილულია საპროცენტო სარგებლად. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.
2023 წლის 27 მარტის №002-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის N4909 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება სისხლის სამართლის №-------- საქმეზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვალს შედგენილი თემატური რევიზიის აქტის შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 13 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 23 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 მარტის №6062 ბრძანება და ამავე თარიღის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 914 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 217 ლარი, ჯარიმა 5 288 ლარი, საურავი 3 409 ლარი.
2023 წლის 26 აპრილის №002-56 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №8753 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვალს შედგენილი თემატური რევიზიის აქტის შესაბამისად 2022 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 აპრილის N9097 ბრძანება და ამავე თარიღის №002-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 14 718 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 728 ლარი, ჯარიმა 4 864 ლარი, საურავი 126 ლარი.
2023 წლის 27 მარტის №002-35 და 26 აპრილის №002-56 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტების მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
• საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N--------- საქმეზე ფ/პ ---- ---------------ის (პ/ნ ----------------------) მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემულია: 2020 წელს 25 000 აშშ დოლარი, 2021 წელს 45 100 აშშ დოლარი. გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებულია: 2020 წელს 9 674 ლარი, 2021 წელს 43 205 ლარი, 2022 წელს 48 640 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე-81-ე, მე-100 და 102-ე მუხლების თანახმად, გადამხდელის მიერ მიღებული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
• ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 13 მარტამდე საანგარიშო პერიოდებზე 2023 წლის 23 მარტს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია 2023 წლის 1 აპრილამდე წარმოსადგენ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მიღებული საპროცენტო შემოსავლების ასახვასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარმოდგენა არ ფიქსირდება. შედეგად, შემოწმებით, მიღებული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №--------- საქმეზე გადამხდელის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად. გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებული აქვს შემოსავალი, რაზეც არ აქვს წარდგენილი შესაბამისი პერიოდის (2020-2022 წლები) დეკლარაციები. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში და ასევე დაერიცხა კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №002-35 და 26 აპრილის №002-56 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---- ---------------ის (პ/ნ ----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკურ პირებზე სესხის სახით გაცემული ჰქონდა ფულადი სახსრები სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მისაღებად.
გაცემული თანხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით მიღებული აქვს შემოსავალი, რაზეც არ აქვს წარდგენილი შესაბამისი პერიოდის (2020-2022 წლები) საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.
შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე-81-ე, მე-100 და 102-ე მუხლების თანახმად, გადამხდელის მიერ მიღებული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 79(1 „ა“); 80(1); 81(1); 100(1 .3„ბ“);102(1 „ვ“); 153(1 „ა“);155(1) ; 275; 302(6) ;