ბრძანება N 33948

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33948
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33948

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 10 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20341/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 10 მაისის №19645/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №036-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები. აცხადებს, რომ ექვსივე სადავო საკითხთან მიმართებაში მიღებულია მცდარი გადაწყვეტილება. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 98-ე, 53-ე და 601 მუხლებზე.

 

გადასახადის გადამხდელს წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდა შემდეგი საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხის არამიზნობრივი ხარჯის სახით განხილვას. განმარტავს, რომ საწარმომ აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწის ნაკვეთზე ააშენა ღვინის მარანი და შეიძინა ჭურები ღვინის დასამზადებლად.

2. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, ხის დახერხვის შედეგად მიღებული სუბპროდუქციის - ნაგვერდულის ე.წ. „გარბილის“ და სამშენებლო ბლოკის მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მორის დასახერხად იყენებს კუსტარული წესით დამზადებულ ე.წ. „ლენტურ ხერხს“ და მიუთითებს, რომ ყველა ასეთი სახის დანადგარით ხე-ტყის დახერხვის შედეგად მიღებული გამოსავლიანობა დასახერხი მორის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ინდივიდუალურია. ამასთან, გადამხდელი მიიჩნევს, რომ დაკლული ცხოველების რაოდენობა უნდა დათვლილიყო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით.

3. გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს საკალმახე რეზერვუარები სრულად შევსებულია სარეალიზაციო თევზით. აცხადებს, რომ 2019 წლის სექტემბრის შემდეგ საწარმოს არ შეუძენია ლიფსიტა, ხოლო გაზრდილ თევზს დაკარგული აქვს სასაქონლო ხარისხი მათი სარეალიზაციო ზომის გამო. მიუთითებს, რომ 2018 წელს შეიძინა საცდელად მცირე რაოდენობის ლიფსიტა, რომელიც სხვადასხვა ეტაპებზე დაავადების გამო გაუნადგურდა. მიუთითებს, რომ აღნიშნული თევზი ინახება მაცივარში. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი განმარტავს, რომ უნდა გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით თევზის რეალიზაციის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულებები.

4. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დამატებით განსაზღვრული შემოსავლების მიხედვით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ არ განხორციელებულა გაწეული ფინანსური დანახარჯების გათვალისწინება, მ.შ. აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ობიექტების მშენებლობის ღირებულება.

5. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით არასწორად მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა. მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ტყის მიწით სარგებლობად ითვლება მხოლოდ ის პერიოდი, როდესაც ხდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ტყე-კაფის გახსნა. განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის მიხედვით საწარმოსათვის მიკუთვნებულია ტყის მიწა, ვერ დასტურდება კერძოდ, კანონით იზღუდება ამ მიწით სარგებლობა.

6. გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ გადამოწმებულია ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დეკლარაციის წარდგენის ვადები და მიუთითებს, რომ ყველა დეკლარაცია წარდგენილია დროულად. თვლის, რომ აუდიტორების მხრიდან დაშვებულია მექანიკური შეცდომა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №8991 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2021 წლის 29 იანვრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------”-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტს №8991 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 5 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 104 729 ლარი, მათ შორის: გადასახადი 70 022 ლარი, ჯარიმა 34 707 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 აპრილის №036-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 10 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13848 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13848 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ნოემბრის №20341/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13848 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20341/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, მომჩივნის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები არ არის შესწავლილი და შეფასებული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

● საკითხი შესწავლილ იქნა დამატებით გადასახადის გადამხდელთან ერთად, რის შედეგად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, მოგების გადასახადით დაბეგრილი ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხა გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.

● გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით განხილულ იქნა სადავო საკითხი. კერძოდ, საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებული არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავალი დარჩა უცვლელი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან მიმართებაში არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯები (ლიფსიტების კვების, ზრდის ტემპისა და სხვა პრაქტიკული გათვლების გამოყენებით გასაწევი ხარჯის ოდენობა) გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის კუთხით. ასევე, ფულის მოძრაობაში შემოსავალი შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული საქონლის რაოდენობა, რომელზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, დაქირავებულ პირზე გაცემული სარგებელი გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.

● საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) რამდენი ჰექტარი იყო გამოყოფილი 2017-2020 წლებში უშუალოდ ტყეკაფისთვის (მ.შ. რა მოცულობის მიწის ნაკვეთს ფლობდა პირი ფაქტობრივად). მიღებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით ათვისებული მიწის ფართობი შეადგენს 62.4 ჰექტარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა, რის საფუძველზე გაანგარიშდა ქონების გადასახადი.

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა. ქონების შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა. შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომელიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად. დღგ-ის ნაწილში ასევე დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული ცხოველების რაოდენობა და საერთო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 14 დეკემბერს გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, საწარმომ მიწის ნაკვეთზე ააშენა ღვინის მარანი და შეიძინა ჭურები ღვინის დასამზადებლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20341/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მომჩივნის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, რაც არ არის შესწავლილი და შეფასებული.

ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20341/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მომჩივნის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, რაც არ არის შესწავლილი და შეფასებული.

ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები, კერძოდ, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ტყის მიწით სარგებლობად ითვლება მხოლოდ ის პერიოდი, როდესაც ხდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ტყე-კაფის გახსნა. განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის მიხედვით საწარმოსათვის მიკუთვნებულია ტყის მიწა, ვერ დასტურდება კერძოდ, კანონით იზღუდება ამ მიწით სარგებლობა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20341/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მომჩივნის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, რაც არ არის შესწავლილი და შეფასებული.

ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტის №8991 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელის განცხადებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული მის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 მარტს №8991 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 10 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13848 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13848 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელის 2023 წლის 16 ნოემბრის №20341/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13848 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 982(1); 101; 154; 203; 204; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;