ბრძანება N 12658

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.06.2023
№ დოკუმენტი 12658
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12658

07.06.2023

ფ/პ ---------- (პ/ნ -----------)

(მის.:---------------)

2023 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა

ფ/პ ------------ (პ/ნ -----------) №80821/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №999-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს არცოდნაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შესაძლებლობის ფარგლებში ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას. ასევე ითხოვს, რომ არ დაერიცხოს მიმდინარე გადასახდელები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №8725 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ --------- (პ/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს 26.09.2022წ. №------------- (შემოსვ. №-------------26.09.2022წ.) წერილით გადმოგზავნილი 2022 წლის 23 სექტემბრის თემატური რევიზიის აქტის შესაბამისად 2022 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 1 მაისის №9483 ბრძანება და 2023 წლის 2 მაისის №999-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 048 ლარი, მათ შორის, გადასახადი 691 ლარი, ჯარიმა 346 ლარი, საურავი 11 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ახორციელებდა სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე სესხის, იპოთეკის ხელშეკრულებებით და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოქალაქეებზე ფულადი საშუალებების სესხის სახით გაცემას შემდგომში საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ ----------- სესხის იპოთეკის ხელშეკრულებებისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, ხოლო სესხის სახით გაცემული თანხებიდან, ძირითად თანხებთან ერთად იღებდა საპროცენტო სარგებელს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში სესხის სახით გაცემული თანხებიდან საპროცენტო სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის პერიოდში შეადგინა 3 455 ლარი. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 73-ე და 102-ე მუხლების მიხედვით, დადგინდა, რომ ფ/პ --------- მიერ 2022 წელს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 455 ლარი, რაზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი შემოსავლო გადასახადი 691 ლარი. ამასთანავე, მის მიერ პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში, რაზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე ფაქტორინგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად:

1. საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი

3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ ------------ სესხის იპოთეკის ხელშეკრულებებისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, ხოლო სესხის სახით გაცემული თანხებიდან, ძირითად თანხებთან ერთად იღებდა საპროცენტო სარგებელს.

აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში სესხის სახით გაცემული თანხებიდან საპროცენტო სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის პერიოდში შეადგინა 3 455 ლარი, ხოლო აღნიშნულ პერიოდზე გადამხდელს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური ნულოვანი დეკლარაცია ნულოვანი ფორმით. შედეგად, გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ სანქციასთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ---------- (პ/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს არცოდნაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შესაძლებლობის ფარგლებში ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას. ასევე ითხოვს, რომ არ დაერიცხოს მიმდინარე გადასახდელები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, პირს ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება.ირკვევა, რომ მომჩივანი ახორციელებდა სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე სესხის, იპოთეკის ხელშეკრულებებით და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოქალაქეებზე ფულადი საშუალებების სესხის სახით გაცემას, შემდგომში საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით.გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით.გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.მიერ პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში, რაზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(1,3);61(3);15(2გ);73(1,2,4);79(ა);80(1);81(1);100(3ბ);102(3ვ);155;270(1,2);275(2);272(1);269(7)