ბრძანება N 13755
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13755
16.06.2023
შპს „-------“ (ს/ნ ---------)
(მის.:-------------)
2023 წლის 2 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 2 ივნისის №81436/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №085-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძვლით განსაზღვრულ ჯარიმას. განმარტავს, რომ შემოწმებით მართალია შემცირდა გადასახადი, თუმცა დაერიცხა ჯარიმა რაც უკანონოა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია კომპანიის დირექტორთან შეუთანხმებლად. ბუღალტრის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და შპს „-------“ სახელზე გამოცემულია დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9337 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება ი/მ -------გან (ს/ნ ---------) მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ვ-70 №------ და შპს „--------ზე“ (ს/ნ -------) გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ეა-72 N-------; ეკ- №------ საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის პირველ მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 მაისის №9729 ბრძანება და ამავე თარიღის №085-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 219 397 ლარი, მათ შორის, შეუმცირდა გადასახადი 91 525 ლარი და დაერიცხა ჯარიმა 310 922 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 ნოემბრის №36061 ბრძანებით დაინიშნა შპს „-------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2021 წლის 21 დეკემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. წინა საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დგინდება, რომ შპს „-------“ მიერ შპს „---------თვის“ გაწეული მომსახურება არის ფიქტიური და მასთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა-72 -------- და ეკ--------) არის ყალბი. ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის 2023 წლის 22 თებერვლის და 2023 წლის 5 აპრილის ბრძანებებითა და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9337 ბრძანებით დაინიშნა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე შემოწმებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა წინა შემოწმებით დარიცხული გადასახადი 91 525 ლარი და ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით 45 762 ლარი. ხოლო საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.
საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე ასევე დგინდება, რომ შპს „-------“ ი/მ ------გან მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-70 №--------) და ჩათვლილი დღგ-ის თანხა შეადგენს 86 817 ლარს. აღსანიშნავია, შპს „-----“ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 18 დეკემბრის №37716 და 2021 წლის 19 ნოემბრის №36061 ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტებით სრულად შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, ასევე გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვა დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძვლით განსაზღვრულ ჯარიმას.
ფაქტობრივი გარემოებები
წინა საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანის მიერ გაწეული მომსახურება არის ფიქტიური და მასთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) არის ყალბი. დაინიშნა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე შემოწმებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა წინა შემოწმებით დარიცხული გადასახადი 91 525 ლარი და ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით 45 762 ლარი. ხოლო საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.
საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე ასევე დგინდება, რომ მომჩივანს მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილი დღგ-ის თანხა შეადგენს 86 817 ლარს. მომჩივანს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 18 დეკემბრის №37716 და 2021 წლის 19 ნოემბრის №36061 ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებების შედეგად შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტებით სრულად შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, ასევე გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვა დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 269(1), 270, 280(1).