ბრძანება N 24459

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.11.2025
№ დოკუმენტი 24459
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24459

05 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. ---) 2025 წლის 24 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 24 ოქტომბრის №98525/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის (დარჩენილი თანხის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს დამატებით არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას, ასევე საკითხის შემმოწმებლებთან ერთად შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. ითხოვს დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას და შემმოწმებლებთან ერთად გამოსაქვითი ხარჯების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13571 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 16 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 17 სექტემბრის №20362 ბრძანება და ამავე თარიღის №081-259 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 252 414 ლარი, მათ შორის, გადასახადი 157 949 ლარი, ჯარიმა 83 288 ლარი, საურავი 11 176 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. საწარმოს 2024 წლის 26 და 31 იანვარს, ასევე 2024 წლის 1 მარტს არარეზიდენტ მომწოდებელზე "---" გადახდილი აქვს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით 184 797,47 აშშ დოლარი (252 080 ექვივალენტი ლარი), შემდგომში ლითონის სამშენებლოს ასაწყობი კონსტრუქციის მოწოდების პირობით. არარეზიდენტ მომწოდებელმა "---" 2024 წლის 5 თებერვალს საწარმოს მიაწოდა ლითონის სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქცია 85 718 ლარის ღირებულების, რაც დასტურდება შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით.

ამასთან, ავანსის გადახდის თარიღიდან გონივრულ ვადაში - 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, არ დასტურდება არარეზიდენტ მომწოდებელის "--- " მიერ საქონლის დარჩენილი ნაწილის საწარმოსთვის მიწოდების ფაქტი, ამასთან, არ დასტურდება არც ავანსის თანხის დარჩენილი ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში (სადაც, განსახილველ შემთხვევაში ჩაითვალა 12 კალენდარული თვე), ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის "---" მიერ შესაბამისი საქონლის საწარმოსთვის მიწოდების ან ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსის ნაშთი -166 362 ლარის ოდენობით, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად ,,დებიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე --- ზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა უალკოჰოლო სასმელებით, კერძოდ ეწევა თურქეთიდან იმპორტირებული, ასევე ადგილობრიც ბაზარშე შეძენილი სასმელი წყლით, ელ. საქონლით, ავეჯით, ჭურჭელითა და სხვა წვრილი საყოფაცხოვრებლო ტექნიკითა და ნაწარმით საბითუმო ვაჭრობას, ამასთან 2024 წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული აქვს თურქეთში დამზადებული ბარის მეტალის კონსტუქციისა და პერგოლების მოწყობა/მიწოდების მომსახურება, ხოლო 2024 წლის 9 სექტემბრიდან ეკონომიკურ სამიანობას არ ახორციელებს. პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები, რის შემდეგაც შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ფულის ნაშთი 457 008 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ამასთან, შემოწმების ფარგლებში, ,,კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლის დავალიანების გათვალისწინება მოხდა სრულად. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 101-ე მუხლის გათვალისწინებით, გამოვლენილი თავისუფალი სახსრები, 571 261 ლარის ოდენობით (457008/0,8), ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე --ზე გაცემულ ხელფასად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს 2024 წლის 26 და 31 იანვარს, ასევე 2024 წლის 1 მარტს არარეზიდენტ მომწოდებელზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი აქვს 184 797,47 აშშ დოლარი (252 080 ექვივალენტი ლარი), შემდგომში ლითონის სამშენებლოს ასაწყობი კონსტრუქციის მოწოდების პირობით. არარეზიდენტ მომწოდებელმა 2024 წლის 5 თებერვალს საწარმოს მიაწოდა 85 718 ლარის ღირებულების ლითონის სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქცია. შემოწმებით დგინდება, რომ ავანსის გადახდის თარიღიდან გონივრულ ვადაში, ამავდროულად საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, არ დასტურდება არარეზიდენტ მომწოდებელის მიერ საქონლის დარჩენილი ნაწილის მიწოდების, მათ შორის ავანსის თანხის დარჩენილი ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.

შემოწმებით, გადახდილი ავანსის ნაშთი, 166 362 ლარის ოდენობით, ,,დებიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდური მითითების მიხედვით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასა და ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ არარეზიდენტზე გადარიცხული თანხის ნაწილით შეძენილ იქნა ლითონის სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქცია, ხოლო დანარჩენი თანხა მოხმარდა აღნიშნული კონსტრუქციის მონტაჟს, რომელიც განახორციელა იმავე არარეზიდენტმა კომპანიამ. ასევე, ის ფაქტი, რომ ლითონის სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქცია დამონტაჟებულია დამკვეთის ობიექტზე დასტურდება მიღება ჩაბარების აქტით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს შესაძლებლობას, წარადგინოს მტკიცებულებები არარეზიდენტი კომპანიის მიერ ლითონის სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციის მონტაჟის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში/ზეპირი განხილვისას მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით, განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი თავისუფალი ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასა და ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გააჩნია საწარმოს მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში/ზეპირი განხილვისას მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში/ზეპირი განხილვისას მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის (დარჩენილი თანხის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს დამატებით არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას, ასევე საკითხის შემმოწმებლებთან ერთად შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით, გადახდილი ავანსის ნაშთი, 166 362 ლარის ოდენობით, ,,დებიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდური მითითების მიხედვით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასა და ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ არარეზიდენტზე გადარიცხული თანხის ნაწილით შეძენილ იქნა ლითონის სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქცია, ხოლო დანარჩენი თანხა მოხმარდა აღნიშნული კონსტრუქციის მონტაჟს, რომელიც განახორციელა იმავე არარეზიდენტმა კომპანიამ. ასევე, ის ფაქტი, რომ ლითონის სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქცია დამონტაჟებულია დამკვეთის ობიექტზე დასტურდება მიღება ჩაბარების აქტით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით, განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი თავისუფალი ფულადი სახსრები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში/ზეპირი განხილვისას მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101(1); 154(1); 105 (2); 72(1).