ბრძანება N 4661

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2023
№ დოკუმენტი 4661
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4661

13.03.2023

ი/მ -----------------ის (პ/ნ --------------)

(იურ. მის.: -------------------------------

ფაქტ. მის.: ------------------------------)

2023 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა ი/მ -----------------ის (პ/ნ -----------) 2023 წლის 18 იანვრის №7998/21-17 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №006-593 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონებების რეალიზაციის საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხვის გაუქმებას. აღნიშნავს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2008 წელს, ამხანაგობის მიერ, რომელთა მხრიდან სამუშაოების შესრულება ბოლომდე ვერ მოხერხდა და სესხის გადაუხდელობის გამო მიწა, რომელზეც შენდებოდა საცხოვრებელი შენობა, გატანილ იქნა აუქციონზე. მიწის დაბრუნების მიზნით და მშენებლობის გასაგრძელებლად ამხანაგობაში დამფუძნებლად შევიდა შპს "-----------", რომლისგანაც მომჩივანმა შეიძინა აღნიშნულ მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში არსებული უძრავი ქონებები(ბინები). შეძენილი ბინების მეშვეობით აიღო იპოთეკური სესხები და ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება ამხანაგობის წინაშე, რის შედეგადაც მიწა აღარ გაიყიდა აუქციონზე. თუმცა შემდეგ მერიის მიერ დაკორექტირდა პროექტი და შემცირდა საცხოვრებელი ბინების რაოდენობა, ამიტომ ამხანაგობა იძულებული გახდა მოეძებნა ინვესტორი და მშენებლობა გადაიბარა შპს "----მ". აღნიშნულმა შპს-მ მოახდიან მომჩივანის სასესხო ვალდებულებების (იპოთეკური სესხები) დაფარვა და სანაცვლოდ გადაიფორმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. გადამხდელი განმარტავს, რომ მისი ქმედებები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ კორპუსის აშენებას, მას არ მიუღია არანაირი სარგებელი და იძულებული იყო განეხორციელებინა ეს ოპერაციები, რასაც ეკონომიკურ საქმიანობად არ მიიჩნევს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16609 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------------ის (პ/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის - იანვრიდან 2022 წლის - ივნისამდე საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 დეკემბრის №32361 ბრძანება და 22 დეკემბრის №006-593 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 672 905 ლარი, მათ შორის გადასახადი 369 030 ლარი, ჯარიმა 102 508 ლარი და საურავი 201 367 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ -----------------ის (პ/ნ -----------) 2016 და 2017 წლებში შპს „--------“-სგან (ს/ნ ----------) შეძენილი აქვს ქ. ------------- მდებარე მშენებარე საცხოვრებელი ბინები. სულ შეძენილი ბინების რაოდენობაა 37, საერთო ფართი ------- კვ.მ. პირმა აღნიშნული ბინები 2016-2017 წლებში იპოთეკაში ჩადო კერძო იპოთეკარებთან თანხის მიღების სანაცვლოდ, რათა დასრულებულიყო აღნიშნული ბინების მშენებლობა. ი/მ -------------მა ვერ დაფარა იპოთეკური სასესხო ვალდებულებები, რის გამოც აღნიშნული 37 ბინის რეალიზება მოახდინა 2019 და 2020 წლებში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად არ ითვლება ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია. აღნიშნულ შემთხვევაში გადამხდელს რეალიზებული აქვს 37 ბინა, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლის მიხედვით თუ ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი აღემატება 100 000 ლარს პირს ეკუთვნის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია და საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება და საქონლის მიწოდება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. 2019 წლის -- აგვისტოს დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს და შემოწმებით პირი დაექვემდებარა დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციას. სულ შემოწმებით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 2 050 180 ლარის ოდენობით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

გადახმდელს საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები არ უდგინდება. ბინების რეალიზაციისას ნამეტი თანხა არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 37 ბინის რეალიზაცია, შესაბამისად, გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინების ოდენობა 48 თვის განმავლობაში აჭარბებს 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და ვინაიდან აღნიშნული საქმიანობით მიღებული შემოსავალი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აჭარბებს 100 000 ლარს, გადასახადი გადამხდელი ვალდებული იყო ქონებების რეალიზაცია განეხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ი/მ -----------------ის (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.