გადაწყვეტილება №25515/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
01 ოქტომბერი 2025
N 25515/2/2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----" (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 04.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 25.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25515/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცი(ებ)ის კორექტირების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 03.06.2025 წლის N 081-115 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის N 16000 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
382 499,11 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 217 065,44;
ჯარიმა - 108 272,2;
საურავი - 57 161,47;.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრისა და 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საქონელი შეძენილი აქვს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და მიღებული აქვს ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები ანგარიშ - ფაქტურების სახით, რის საფუძველზეც წარმოეშვა დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება. ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა ნაკლებია დეკლარირებულზე. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურები, რომელთა საფუძველზე უნდა მოეხდინა ჩასათვლელი თანხის ოდენობის შემცირება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, 2022 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურით (-----) დაკორექტირდა 2022 წლის თებერვლის თვეში შპს ----- (ს/ნ -----) მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურა (-----), ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურებით (-----; -----; -----) დაკორექტირდა 2022 წლის ივნისის თვეში შპს ----- (ს/ნ -----) მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურები (-----; -----; -----). კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურებით შემცირდა შპს ----- ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საგადასახადო პერიოდში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლის კორექტირება არ მოუხდენია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, შემცირდა ჩასათვლელი თანხა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 03.06.2025 წლის N 081-115 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის N 16000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, 2022 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურით ( ----- ) დაკორექტირდა 2022 წლის თებერვლის თვეში შპს ----- მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურა ( ----- ), ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურებით ( -----; -----; ----- ) დაკორექტირდა 2022 წლის ივნისის თვეში შპს ----- მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურები ( -----; -----; ------; ----- ). კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით შემცირდა შპს ----- ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა, თუმცა გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო პერიოდში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლის კორექტირება არ მოუხდენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი თანხის შემცირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
03.06.2022 წელს შპს ----- და შპს ----- შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით N -----/-----. ხელშეკრულების საფუძველზე შპს ----- აიღო ვალდებულება ლიზინგის ობიექტებზე გადახდის შესახებ.
ლიზინგის ობიექტების ღირებულება თავდაპირველად იყო 2 191 292,48 ლარი, თუმცა ლიზინგის მიმწოდებელ კომპანიასთან არსებული დავის შედეგად, თანხა დაკორექტირდა 727 978,66 ლარამდე, მაგრამ დავა ამ დრომდე განიხილება სასამართლოში (საქმე N ----- ) და ჯერ დასრულებული არ არის.
იმის გათვალისწინებით, რომ დავა არ იყო დასრულებული, გადასახადის გადამხდელმა ვერ დააკორექტირა დღგ-ის დეკლარაცია და შესაბამისად ვერ დაიბრუნა დღგ. დავის დასრულებამდე არ დამდგარა/არ არსებობს ის გარემოება, რომელიც დეკლარაციისა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების წინაპირობას ადგენს, თანახმად კანონისა.
ასევე საგულისხმოა, რომ საჩივრის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ არ მისცა სათანადო შეფასება მოცემული დარიცხვისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემოებებს, რაც გამორიცხავდა თანხების დარიცხვას, კერძოდ:
- ლიზინგის ობიექტების ღირებულება თავდაპირველად იყო 2 191 292,48 ლარი. შესაბამისად, ამ თანხაზე მოხდა დეკლარაციის წარდგენა შპს ----- მხრიდან;
- ლიზინგის მიმწოდებელმა კომპანიამ შპს ----- მიმართ დაიწყო სამოქალაქო დავა, სადაც თანხა დაკორექტირდა 727 978,66 ლარზე;
- დავა ( საქმე N ----- ) ამ დრომდე განიხილება სასამართლოში და საბოლოო თანხა დადგენილი დღემდე არ არის;
- დავის დაწყების შემდეგ, დეკლარაციის კორექტირება და ჩათვლილი დღგ-ის „ამობეგვრა“ შპს ----- არ მოუხდენია, რადგან დავის დასრულებამდე ზუსტი თანხა იყო უცნობი და ელოდებოდა მის დასრულებას იმისთვის, რომ ზუსტი დასადეკლარირებელი/ამოსაბეგრი თანხა დაედგინა;
- მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ლიზინგსაც, მიუხედავად იმისა, რომ დააკორექტირეს ანგარიშ - ფაქტურები, არ მიუღია ჩათვლა უკან.
ამდენად, სახეზეა შემთხვევა, როდესაც არანაირი ზიანი, ე.წ ფისკალური შედეგი არ დამდგარა ამ ფაქტებით და სახელმწიფოს ზიანი არ მისდგომია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გარკვეული ფორმალური დარღვევა, რომელიც ვინმეს/სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანას არ ისახავდა მიზნად და მხოლოდ დავის დასრულების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო მისი დაკორექტირება და ამობრუნება, თუმცა ამის განხორციელება შპს ----- შემოწმებამდე ვერ მოასწრო დავის განხილვის გაჭიანურების გამო.
შესაბამისად, არ ეთანხმება სადავო ბრძანებაში ასახულ მოტივაციას, რასაც დაეფუძნა საჩივარზე უარი, იმის შესახებ, რომ გადამხდელის მიერ დარღვეულია N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესები, რადგან:
- არ მომხდარა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ფაქტობრივი გარემოება...
- ოპერაციის თანხის კორექტირება არ განხორციელდა კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში...
დავის დასრულებამდე არ არის შეცვლილი არსებული ვითარება და არ წარმოშობილა ახალი კორექტირების გამომწვევი გარემოება, რაზეც არასწორად აპელირებს შემოსავლების სამსახური. ზუსტად ამიტომაც, რადგან არ დამდგარა ფაქტი დავის დასრულებისა და დღგ-ის სახით დასაკორექტირებელი თანხის საბოლოოდ განსაზღვრისა - არც კორექტირების გამომწვევი საანგარიშო პერიოდი წარმოშობილა და არ უნდა მოხდეს შპს ----- მიმართ სანქციის გამოყენება.
ის, რომ კორექტირების გამომწვევი გარემოება არ დამდგარა და ჯერ კიდევ დასადგენია საბოლოო შედეგი - თანხა, ზუსტად ამიტომაც უკვე რამდენიმე წელია თავად ლიზინგსაც არ მოუხდენია დღგ-ის ჩათვლა.
თანხა არ შეცვლილა და დეკლარაციის დაუკორექტირებლობისა და დღგ-ის თანხების ამობეგვრის არარსებობის გამო, არ უნდა მოხდეს შპს ----- მიმართ თანხების დაკისრება, რადგან არ იკვეთება კანონით გათვალისწინებული საამისო საკმარისი საფუძველი.
ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებით დარიცხვა წინააღმდეგობაში მოდის რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობასთან და ეწინააღმდეგება კანონს.
სწორი შეფასება უნდა მიეცეს საქმის მასალებს და ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები შპს ----- მიმართ თანხის დარიცხვის თაობაზე.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
4. დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანხმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ - ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ - ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურები, რომელთა საფუძველზე უნდა მოეხდინა ჩასათვლელი თანხის ოდენობის შემცირება, რაც არ განახორციელა. მათ შორის, 2023 წლის ნოემბრის თვეში კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურებით (-----; -----; -----) დაკორექტირდა 2022 წლის ივნისის თვეში შპს ----- (ს/ნ -----) მიღებული და ჩათვლილი ანგარიშ - ფაქტურები ( -----; -----; -----; ).
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ 03.06.2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აიღო ვალდებულება შპს ----- ლიზინგის ობიექტებზე თანხის გადახდის შესახებ. ლიზინგის ობიექტების ღირებულება თავდაპირველად იყო 2 191 292,48 ლარი, თუმცა ლიზინგის მიმწოდებელ კომპანიასთან არსებული დავის შედეგად, თანხა დაკორექტირდა 727 978,66 ლარამდე, მაგრამ დავა ამ დრომდე განიხილება სასამართლოში. დავის დასრულებამდე არ დამდგარა/არ არსებობს ის გარემოება, რომელიც დეკლარაციისა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების წინაპირობას ადგენს. დავის დასრულებამდე ზუსტი თანხა იყო უცნობი და კომპანია ელოდებოდა მის დასრულებას იმისთვის, რომ ზუსტი დასადეკლარირებელი თანხა დაედგინა. ლიზინგის გამცემმა კომპანიამ, მიუხედავად იმისა, რომ დააკორექტირა ანგარიშ - ფაქტურები, არ დაუკორექტირებია დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის თანხა.
საბჭო ყურადღებას იმ გარემოებებზე, რომ მხარეთა შორის სალიზინგო ურთიერთობა შეწყდა, შპს ----- მიერ 2023 წლის ნოემბრის თვეში გამოწერილია კორექტირებული ანგარიშ - ფაქტურები, რომელიც დადასტურებულია მომჩივნის მიერ, საქონელის ნაწილი დაუბრუნდა სალიზინგო კომპანიას, ხოლო ოპერაცია შეწყდა.
საბჭო მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალსწინებით, სალიზინგო ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს ოპერაციის კორექტირების საფუძველს, რაც დადასტურებულია მხარეთა მიერ გამოწერილი კორექტირების ანგარიშ - ფაქტურებით და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიინევს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები არ დგინდება, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცი(ებ)ის კორექტირების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრისა და 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიინევს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები არ დგინდება, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 174; 175; 179;.