ბრძანება N 4807

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2025
№ დოკუმენტი 4807
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4807

18 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------;

იურ. მის.:---------------------------)

2025 წლის 20 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის, 20 თებერვლის და 7 მარტის სხდომებზე (ოქმები №11, №15 და №19) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) 2025 წლის 20 იანვრის №6519/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №021-89 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. განმარტავს, რომ კომპანია მოქმედებს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიხედვით, მინდობილი მესაკუთრე კომპანია მესამე პირებთან, მათ შორის, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებებით. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას. განმარტავს, რომ დეკლარაციაში წარმოდგენილი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გამომდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად და წარმოადგენს კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული შენობა-ნაგებობის აღჭურვაზე გაწეულ ხარჯებს. აცხადებს, რომ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფარგლებში შენობა-ნაგებობაზე ხარჯს წევს საკუთრების მიმნდობი, თუმცა აღნიშნული ხარჯების აღრიცხვას საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან ახორციელებს მესაკუთრის უფლებებით აღჭურვილი მინდობილი მესაკუთრე. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, კერძოდ, კომპანია აპირებდა წარდგენილი დეკლარაციების დაკორექტირებას, თუმცა, რადგან ყველა სათანადო წესით დამოწმებული ფინანსური დოკუმენტაციის მოპოვება დროსთან არის დაკავშირებული, ხოლო სხვადასხვა ორგანიზაციები აგვიანებდნენ დოკუმენტაციის წარმოდგენას, ამასთან, დაწყებული იყო კომპანიის საგადასახადო შემოწმება, საწარმომ ვერ მოახერხა წარდგენილი დეკლარაციების კორექტირება. აცხადებს, რომ შემოწმება ფორმალურად მიუდგა საკითხს და აქტში არ ასახა ყველა ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც ტექნიკურად ვერ მოხვდნენ დეკლარაციაში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აგვისტოს №18415 და 30 აგვისტოს №19579 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 23 აპრილიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 დეკემბრის №26797 ბრძანება და ამავე თარიღის №021-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 835 181 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 555 474 ლარი, ჯარიმა 1 277 737 ლარი, საურავი 1 970 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მატერიალური ფორმით წარმოადგინა 2024 წლის ივნისის თვის (პირველადი და დაზუსტებული) დღგ-ის დეკლარაციები, სადაც საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ჩათვლის სახით აქვს წარმოდგენილი თანხა (877 026 ლარი), რომელიც არ აქვს დაბეგრილი. შემოწმებისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემები და დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 177-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მატერიალური ფორმით წარმოადგინა 2024 წლის ივლისის თვის (პირველადი და დაზუსტებული) დღგ-ის დეკლარაციები, სადაც ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 1 672 916 ლარს. შემოწმებამ შეისწავლა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ-ის თანხა ჯამში შეადგენს 460 ლარს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას არ უფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების წარმოდგენა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხავს. საწარმოს მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;

ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება, უძრავ ნივთზე ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 732 -ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია, დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიამ წარადგინა 2024 წლის ივნისის თვის (პირველადი და დაზუსტებული) დღგ-ის დეკლარაციები, სადაც საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ჩათვლის სახით აქვს წარდგენილი თანხა, რომელიც არ აქვს დაბეგრილი. შემოწმებამ დაადგინა, რომ საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება. ამასთან, 2024 წლის ივლისის თვის (პირველადი და დაზუსტებული) დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 1 672 916 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ-ის თანხა შეადგენს 460 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება, ხოლო წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში კომპანიას მხოლოდ ჩათვლის სახით აქვს მიღებული თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი, ასევე, გადასახადის გადამხდელს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი აქვს დღგ-ის თანხა 460 ლარის ოდენობით, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 1 672 916 ლარს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გაუქმება განხორციელდა მართზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

2. დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას.ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

3. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №18415 და №19579 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 23 აპრილიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26797 ბრძანება და №021-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 835 181 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 555 474 ლარი, ჯარიმა 1 277 737 ლარი, საურავი 1 970 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მატერიალური ფორმით წარმოადგინა 2024 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციები, სადაც საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ჩათვლის სახით აქვს წარმოდგენილი თანხა(877 026 ლარი) , რომელიც არ აქვს დაბეგრილი. შემოწმებისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემები და დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 177-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მატერიალური ფორმით წარმოადგინა 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციები, სადაც ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 1 672 916 ლარს. შემოწმებამ შეისწავლა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ-ის თანხა ჯამში შეადგენს 460 ლარს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას არ უფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების წარმოდგენა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხავს. საწარმოს მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ,რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“); 174(1.2); 175(1 „ა“ და „ბ“); 176(1 „ა“); 177(5); 269(.7);