ბრძანება N 21654
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21654
02 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 3 აგვისტოს №103856/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №232-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით დარიცხული დღგ.
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 იანვრის №977 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 1 ივლისის №14854 ბრძანება და 2026 წლის 2 ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა - 95 825 ლარი
მათ შორის:
გადასახადი - 61 199 ლარი:
დღგ - 12 956
საშემოსავლო გადასახადი - 48 243
ჯარიმა - 31 472
საურავი - 3 154
საკითხი №1.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შპს „-----“ (ს/ნ ------) მიერ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში მონაწილეობა მიიღო 3 სახელმწიფო ტენდერში, აქედან 2 დასრულებულია, ხოლო ერთი მათგანი ამ ეტაპზე მიმდინარეა. სამუშაოები შესრულდა ----- და ----- დაცულ ტერიტორიაზე. 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შპს-მ მოახდინა მომსახურების მიწოდება, რაზეც მიიღო ანაზღაურება და გამოწერილ იქნა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის გარშე თანხით 71 981 ლარი. მოცემულის ასახვა დეკლარაციაში გადამხდელს არ განუხორციელებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა შპს „-----" (ს/ნ -----) შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვა, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ს. განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ „-----“ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები 2025 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე - ---- - ღირებულებით 142 800 ლარი (დღგ-ის გრეშე) და 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე - ----- - ღირებულებით 84 937,21 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომელიც დღემდე არ არის დადასტურებული მყიდველის მიერ, რის გამოც საწარმოს დირექტორის მიერ სწორად ვერ იქნა აღქმული აღნიშნული გარემობა და ასახული არ არის შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა მოითხოვა ჯარიმის პატიება.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა მოახდინა მომსახურების მიწოდება, რაზეც მიიღო ანაზღაურება და გამოწერილ იქნა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც გადამხდელის მიერ არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად განხორციელდა 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით დღგ-ის დარიცხვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საკითხი №2.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შემოწმების მიერ გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები. შემოწმების მიერ განისაზღვრა კომპანიის მიერ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები. შპს „------“ (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში, არ მოახდინა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. შესაბამისად, შემოწმების გუნდმა საწარმოს ხარჯი განსაზღვრა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შპს-ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემულმა/დაბეგრილმა განაცემებმა შეადგინა 0 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის თავისუფლად განკარგვადმა თანხამ შეადგინა - 241 216 ლარი. ზემოაღნიშნული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემომწების მიერ განსაზღვრული სალაროს ნაშთი წარმოადგენს ხარჯს, რომლის დამდასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გამოყენებული მეთოდური მითითება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობობის შემთხვევაში მიღებული შემოსავლის 75%-ის ხარჯად აღიარების შესახებ. გარდა ამისა, ჯამურად კომპანიის ბრუნვის თითქმის ნახევარი ჩათვლილია დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც შეუძლებელია, ვინაიდან კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების ფარგელბში დადგენილი აქვს მაქსიმალური მოგების ოდენობა 7%. მითითებულ ციფრს მიმწოდებელი კომპანია ვერ გაზრდის, ვინაიდან ხარჯთაღრიცხვა წინასწარ არის შედგენილი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. ამასთან, საჯაროდ გამოქვეყნებულ სატენდერო ხელშეკრულებებში გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში მკაფიოდ არის მითითება გადამეტებული მოგების დაუშვებლობაზე. გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახლა განხილვას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განისაზღვრა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმებამ საწარმოს ხარჯი განსაზღვრა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. შემოწმებით შედგა ფულადი სახსრების მოძრაობა, განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა განკარგვადი თანხის განსაზღვრა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. 2025 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით დარიცხული დღგ.
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში მონაწილეობა მიიღო 3 სახელმწიფო ტენდერში, რომელთაგან 2 დასრულებულია, ხოლო ერთი ამ ეტაპზე მიმდინარეა. 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელმა მოახდინა მომსახურების მიწოდება, რაზეც მიიღო ანაზღაურება და გამოწერილ იქნა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის გარეშე თანხით 71 981 ლარი. მოცემულის ასახვა დეკლარაციაში გადამხდელს არ განუხორციელებია. შედეგად, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელმა კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინა გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
შესამოწმებელ პერიოდში გაცემულმა/დაბეგრილმა განაცემებმა შეადგინა 0 ლარი. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის თავისუფლად განკარგვადმა თანხამ შეადგინა 241 216 ლარი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;275;101;154