ბრძანება N 17222
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17222
22 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის №22934/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 26 იანვრის №87221/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №021-127 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას შემოწმების მიერ და აცხადებს, რომ 2020 წლის 3 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 30 ერთეული უძრავი ქონება 1 340 000 ლარად, აღნიშნულ ოპერაციაზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წლის 17 იანვარს გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა „ეა----------“ №----------, რომელიც მისი მხრიდან დადასტურდა 2021 წლის 18 იანვარს. მომჩივნის განმარტებით, მან შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები და გაუგებარია, რატომ ჩაითვალა გამყიდველი დღგ-ის დაბეგვრისგან გათავისუფლებულად ან რატომ გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მიუთითებს, რომ მისთვის საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურა გაუქმდებოდა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა და ფაქტურა დღეის მდგომარეობითაც მოქმედია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33293 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია „----------“ №---------- დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33667 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 309 275 ლარი, მათ შორის, გადასახადი 204 406 ლარი, ჯარიმა 102 203 ლარი და საურავი 2 666 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 2 აპრილის №7288 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №021-127 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7288 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 ივნისის №22934/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების 2024 წლის 2 აპრილის №7288 ბრძანება და საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელმა შეიძინა უძრავი ქონებები, გადაამოწმა იყო თუ არა გამყიდველი დღგ-ის გადამხდელი, გადაიხადა თანხა, რომელიც მოიცავდა ყველა გადასახადს და ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, მაგრამ შემოწმების შედეგად გაუქმდა მიღებული ჩათვლა, რის გამოც ზიანდება კეთილსინდისიერი შემძენი. ის, რომ გამყიდველს არ ჰქონდა უფლება, გამოეწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათთვის ცნობილი გახდა 2023 წელს სექტემბერში, აღნიშნული ცნობილი არ იყო ასევე საგადასახადო ორგანოსთვის. როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარეობს შპს „----------“ (გამყიდველი) შემოწმება, მაგრამ დღეის მდგომარეობით სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებული არ არის საგადასახადო ორგანოს მიერ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ოპერაცია შპს „----------“ დაბეგრილი აქვს თავის დროზე და გადასახადი გადახდილი, მაგრამ შემოწმება ახლა გადაანგარიშების ეტაპზეა და კომპანიას უმცირდება დარიცხული თანხები, რადგან მერიიდან მიღებული ინფორმაციით, მასზე ვრცელდება შეღავათი, კერძოდ, სადავო ოპერაციის ფარგლებში იგი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შპს „----------“ სადავოდ გახადა საკითხი და ითხოვა გადახდილი თანხების შემცირება, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის მერიისგან.
საბჭოს სხდომაზე მხარეთა მოსმენისა და პოზიციების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერთან (შპს „----------“) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება განხორციელებულ კონკრეტულ ოპერაციაზე დარიცხვის კანონიერებაზე და საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოწმება დასრულებული არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად (შპს „----------“ საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით) უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის („ეა----------“ №----------) საფუძველზე. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული საქონლის (უძრავი ქონება) მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. შემოწმების მიერ დაკორექტირდა ფ/პ „----------“ მიერ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი თანხა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 204 406 ლარის ოდენობით და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 102 203 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
ამავე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა შპს „----------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული უძრავი ქონების მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) ფ/პ „----------“ მიერ ჩათვლილი დღგ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2024 წლის 01 ივლისს გამოიცა შპს „----------“ (ს/კ ----------) დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც შპს „----------“ (ს/კ ----------) შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „----------“ მიერ ფ/პ „----------“ უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული უძრავი ქონების მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) მომჩივანის მიერ ჩათვლილი დღგ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2024 წლის 01 ივლისს გამოიცა კომპანიის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც კომპანიას შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, კომპანიის მიერ მომჩივანზე უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275;
(2021 წლამდე მოქმედი): 173; 174.