გადაწყვეტილება №19997/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.09.2023
№ დოკუმენტი 19997/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19997/2/2023

13.09. 2023

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ

 

მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------ის“ 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19997/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16715 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №002-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 ივნისის №12109 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 44 179 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 24 063

ჯარიმა - 12 032

საურავი - 8 084

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 მარტის №6803 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წყალსადენის სისტემისთვის ტუმბოების შეძენისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის თაობაზე. საწარმოსთან 2019 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ 2019 წლის დეკემბრის თვეში განხორციელდა საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების სრული ღირებულების 151 757 ლარის ოდენობით. 2020 წლის მარტის თვეში შპს „----იმ“ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც -----ის მუნიციპალიტეტის მიერ არ დადასტურებულა, ვინაიდან შემსყიდველმა მიიჩნია, რომ ტენდერის ფარგლებში დამონტაჟებული ტუმბოები ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შპს „------ი“ არ დაეთანხმა აღნიშნულს და მის მიერ შეტანილ იქნა სარჩელი ქ. ----ის საქალაქო სასამართლოში სადავო საკითხთან დაკავშირებით და 2020 წლის მაისის თვეში გამოწერა ავანსის კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც მაისის თვეში შეიმცირა 2019 წლის დეკემბერში ავანსის სახით დაბეგრილი თანხა სრულად. საკითხის შესწავლის შედეგად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მიღებული ავანსის თანხის კორექტირების საფუძველი. შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის №11500 ბრძანება და №002-106 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 37 941 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 29 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისის №21828 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 ივლისის №21828 ბრძანება 21.07.2021 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.11.2021 წლის №62368/1/2021 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახური ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2021 წლის დასკვნა, 16.11.2021 წლის №35780 ბრძანება და 17.11.2021 წლის №002-332 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 39 508 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 7 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 31.12.2021 წლის №42431 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 17.01.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.04.2022 წლის №15484/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავალების სამსახურის 31.12.2021 წლის №42431 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 29.06.2022 წლის №16715 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 აპრილის №15484/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნა, 22.02.2023 წლის №3344 ბრძანება და 23.02.2023 წლის №002-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დღგ 24 063 ლარი 2020 წლის 15 ივნისის ვადით და დაერიცხა დღგ 24 063 ლარი 2020 წლის 15 აპრილის ვადით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 20 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 1 ივნისის №12109 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ 2020 წლის 18 მაისს უკან დაბრუნებული 2019 წლის დეკემბერში ავანსად ჩარიცხული თანხის კორექტირება გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში და აღნიშნულ პერიოდში გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად გადასახდელი დღგ შეუმცირდა 24 064 ლარით. რაც შეეხება 2020 წლის მარტის თვეში გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურას (ეა-17 3969583), შემოწმებამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადაანგარიშებით განხორციელდა ავანსის კორექტირება, ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული თანხა ჩართულ უნდა იქნეს 2020 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რადგან გადამხდელი მიიჩნევს ოპერაციას შესრულებულად, გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მიმართა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მიერ აღწერილ თანმიმდევრობაში გამოტოვებულია ყველაზე საკვანძო ფაქტობრივი გარემოება: საწარმომ იმიტომ გამოწერა 2020 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში აკ0015215 კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა, რომ შემსყიდველმა 2020 წლის 18 მაისს უკან დაიბრუნა (საბანკო/ფინანსური გარანტიის ამოქმედების გზით) 2019 წლის დეკემბერში ავანსად გადახდილი თანხა სრულად - 151 757 ლარის ოდენობით.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ 2020 წლის მაისში კომპანიას ჰქონდა დღგ-ის კორექტირების კანონიერი უფლება, ვინაიდან მოხდა 2019 წლის დეკემბრის დასაბეგრი ოპერაციის - ავანსის გადახდის უკუოპერაცია. 2020 წლის მაისში ჩარიცხული ავანსი უკან დაიბრუნა ამ ავანსის გადამხდელმა. სხვა დასაბეგრ ოპერაციას ადგილი არ ჰქონია.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №218 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ოპერაცია არ შემდგარა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმომ დაამონტაჟა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტუმბოები, შემსყიდველმა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობითი უარი განაცხადა მათ მიღებაზე, მოახდინა ტუმბოების დემონტაჟი და მოსთხოვა მომჩივანს მათი უკან წაღება, არ აღიარა ტუმბოებზე საკუთრების უფლების მიღება და ამის გამო ფინანსური ვალდებულების წარმოშობა და მთლიანად უკან დაიბრუნა გადასახადის გადამხდელისთვის ავანსად გადახდილი თანხა. არ დაადასტურა საქონლის მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შეიტანა სარჩელი ---------- საქალაქო სასამართლოში მომჩივნის წინააღმდეგ მოთხოვნით, რომ ამ უკანასკნელს დარიცხოდა პირგასამტეხლო 9 371 ლარის ოდენობით - ხელშეკრულებით გათვალისწინებული აგრეგატების ვერ მიწოდების გამო. შესაბამისად, მიწოდებას ადგილი არ ჰქონია.

უფრო მეტიც, საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის სხვა თავიდანაა, აუცილებლად მხედველობიდან გამოსატოვებელი არ არის. ის საგადასახადო კოდექსში მოხვედრილია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებიდან (ფასს), რომელიც სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის თანახმად. ეს 141-ე მუხლი და ფასს-ები, ამბობენ: გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას; ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება, რის შედეგადაც შემცირდა გადასახდელი დღგ 2020 წლის მაისის თვეში დაკორექტირებული ანგარიშფაქტურის გამო და დაერიცხა აღნიშნული დღგ გადასახდელად 2020 წლის მარტის თვეში, როდესაც გამოწერილი აქვს ა/ფ ეა-17 3969593 (დღგ 24 064 ლარი), თითქოს მიწოდების ოპერაცია შედგა. თვითონ აუდიტორიც აღნიშნავს დასკვნაში, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არ დადასტურებულა მეორე (მიმღები) მხარის მიერ და მხოლოდ გამყიდველი მხარე მიიჩნევს ოპერაციას შესრულებულად, რაც არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ ეს ოპერაცია სამართლებრივად (თუნდაც შემოსავლების კუთხით) შესრულებულად ჩაითვალოს. ამისათვის საჭიროა მეორე მხარემ მიიღოს და დაეთანხმოს ამ ოპერაციის შესრულებას. შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაცია 2020 წლის მარტის თვეში არ არსებობს. მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16715 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 აპრილის №15484/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. შედეგად, 2020 წლის 18 მაისს უკან დაბრუნებული 2019 წლის დეკემბერში ავანსად ჩარიცხული თანხის კორექტირება გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დღგით დასაბეგრ ბრუნვებში და აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად გადასახდელი დღგ შეუმცირდა 24 064 ლარით. 2020 წლის მარტის თვეში მომჩივნის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-17 3969583 შესრულებულ ოპერაციასთან დაკავშირებით 157 757 ლარზე (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც არ დადასტურებულა მეორე მხარის მიერ. გადასახადის გადამხდელმა მიმართა სარჩელით ქ. -----ის საქალაქო სასამართლოს. მომჩივნის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-17 3969583 არ იქნა გათვალისწინებული დასაბეგრ ბრუნვებში, რადგან ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვინაიდან გადაანგარიშებით განხორციელდა ავანსის კორექტირება, საგადასახადო ორგანო მიიჩნევს რომ შპს „-------ის“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით (ეა-17 3969583) განსაზღვრული თანხა ჩართულ უნდა იქნეს 2020 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რადგან გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს ოპერაციას შესრულებულად, გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ დადასტურდა მეორე მხარის მიერ. ამასთან, მიუთითა, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დღეის მდგომარეობით გაუქმებულია. შესაბამისად, მხარეები არ აღიარებენ დარიცხვას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებულია და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებით შესწავლას და შეფასებას საჭიროებს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 ივნისის №12109 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №16715 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №16715 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №15484/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. შედეგად, 2020 წლის 18 მაისს უკან დაბრუნებული 2019 წლის დეკემბერში ავანსად ჩარიცხული თანხის კორექტირება გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დღგით დასაბეგრ ბრუნვებში და აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად გადასახდელი დღგ შეუმცირდა.

2020 წლის მარტის თვეში მომჩივნის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესრულებულ ოპერაციასთან დაკავშირებით , რომელიც არ დადასტურებულა მეორე მხარის მიერ. გადასახადის გადამხდელმა მიმართა სარჩელით სასამართლოს.

მომჩივნის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გათვალისწინებული დასაბეგრ ბრუნვებში, რადგან ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვინაიდან გადაანგარიშებით განხორციელდა ავანსის კორექტირება.

საგადასახადო ორგანო მიიჩნევს რომ მომჩივანის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხა ჩართულ უნდა იქნეს 2020 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რადგან გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს ოპერაციას შესრულებულად, გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ დადასტურდა მეორე მხარის მიერ. ამასთან, მიუთითა, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დღეის მდგომარეობით გაუქმებულია. შესაბამისად, მხარეები არ აღიარებენ დარიცხვას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებულია და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმის, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებით შესწავლას და შეფასებას საჭიროებს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:141; 275;

(2021 წლამდე მოქმედი) 161; 179;

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;