ბრძანება N 17214

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2024
№ დოკუმენტი 17214
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17214

22 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის პირველი ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა ---------- (პ/ნ -----------) №90457/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №EL253609, №EL253611, №EL253614 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №----------- (№047-2204), №----------- (№047-2205), №----------- (№047-2206) საგადასახადო მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2021 წელს დაჯარიმდა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადება/დეკლარირების ვადის დარღვევის გამო. შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტისთვის იმ დროისთვის ცნობილი იყო მომჩივნის ვალდებულებების თაობაზე, თუმცა აღნიშნულზე რეაგირება არ მომხდარა და მომჩივანმაც ჩათვალა, რომ ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა. საბაჟო დეპარტამენტმა 6 წლის შემდეგ გამოსცა სადავო ადმინისტრაციული აქტები, რომლის საფუძველზე დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით და დაერიცხა იმპორტის გადასახდელები. მომჩივანს მიაჩნია, რომ გასულია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, ხოლო დაკისრებული თანხების გადახდის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას და მათ საფუძველზე დაკისრებული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ---------- (პ/ნ ----------) 2024 წლის 24 მაისის №86137/21-10 განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ აღნიშნული პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2018 წელს შემოყვანილ 3 სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ----------; ს/ნ ----------; ს/ნ ----------) არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები. მითითებული განცხადების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ დაწყებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2018 წელს (12.09.2018; 28.08.2018; 31.08.2018) და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 27 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი და 13 ნოემბერი, რაც არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2021 წლის 31 დეკემბერს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით (№----------; №---------- №----------) ---------- დაკისრებული აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებების (ს/ნ ----------; ს/ნ ----------; ს/ნ ----------) გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის.

შესაბამისად, ---------- მიერ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების (ს/ნ ----------; ს/ნ ----------; ს/ნ ----------) უკანონო განკარგვის/დაკარგვის/განადგურების ფაქტზე, ---------- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 14 ივნისს შედგენილ იქნა №----------, №---------- და №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ---------- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან ერთად, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები (№----------; №----------; №----------), რომლებითაც ---------- უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას. მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელზე წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ ---------- (პ/ნ ----------) 2024 წლის 24 მაისის №----------- განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2018 წელს შემოყვანილ 3 სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ----------; ს/ნ ----------; ს/ნ ----------) არ განუხორციელებია საბაჟო ფორმალობები. შესაბამისად, დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, მომჩივნის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლის შესაბამისად სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და დარიცხული თანხა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას და მათ საფუძველზე დაკისრებული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ აღნიშნული პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2018 წელს შემოყვანილ 3 სატრანსპორტო საშუალებაზე არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები. კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2018 წელს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 27 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი და 13 ნოემბერი, რაც არ შესრულებულა. მომჩივანს დაკისრებული აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის.

სანქციის სახით პირს შეეფარდა ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. უკანონოდ განკარგულ საქონელზე, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, ასევე შესაბამისად საურავი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

70(1);163(1);172;53;