ბრძანება N 20454

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 18.09.2025
№ დოკუმენტი 20454
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20454

18 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 26 აგვისტოს

საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №135170/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №024-2025-122993 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №ELA051991 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 2 ივნისს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე შეეფარდა საბაჟო სანქცია. მიმდინარე წლის 5 აგვისტოს საინკასო დავალების საფუძველზე ანგარიშიდან ჩამოეწერა 345.56 ლარი. ამავე წლის 8 აგვისტოს გადამხდელის მიერ სრულად იქნა გადახდილი სანქციის თანხა (1000 ლარი). გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული საბაჟო სანქცია გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, რის გამოც ვერ მოხერხდა იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილ ვადებში გამზადება და რეალიზება. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელ შედეგებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებას. ასევე საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოწერილი თანხისა და საბაჟო სანქციის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2025 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ჯარიმა 999.04 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 5 აგვისტოს გამოიცა №024-2025- 122993 ბრძანება ი/მ ---ის (ს/ნ ---) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (999.04 ლარზე).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 5 აგვისტოს. ამასთან, 2025 წლის 5 აგვისტოს №024-2025-122993 საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 345.56 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2025 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 346.52 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, 2025 წლის 8 აგვისტოს №011-2025-127263 ბრძანებით გაუქმდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2025 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 346.52 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №024-2025-122993 ბრძანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

ამავე ბრძანების 23-ე მუხლის თანახმად,1. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

2. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის ან/და სანქციის თანხა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით;

ბ) არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის ან/და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიმართვის მომენტისათვის პირს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას არამართლზომიერად ჩამოწერილ და აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებს შორის დადებითი სხვაობის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ გადამხდელს 2025 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამდენად, 2025 წლის 5 აგვისტოს №024-2025-122993 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 345.56 ლარი, რის შემდეგადაც დავალიანებაში დარჩა 653.48 ლარი. ხოლო 2025 წლის 8 აგვისტოს მომჩივანმა თავად გადაიხადა ბიუჯეტში 1000 ლარი. შედეგად, ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2025 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 346.52 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I 13 დანართის ფორმით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ---ს (ს/ნ ---) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით, ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №ELA051991 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ადრესატი გაეცნო 2025 წლის 15 ივნისს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

ამდენად, საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2025 წლის 15 ივლისს. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2025 წლის 26 აგვისტოს (გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის - 30 დღის გასვლის შემდეგ).

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 5 აგვისტოს №024-2025- 122993 ბრძანების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №ELA051991 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებას. ასევე საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოწერილი თანხისა და საბაჟო სანქციის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მეწარმეს მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ჯარიმა 999.04 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (999.04 ლარზე).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 5 აგვისტოს. ამასთან, 2025 წლის 5 აგვისტოს საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 345.56 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მეწარმეს 2025 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 346.52 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმდა მეწარმის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, პირს 2025 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 346.52 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

საჩივარი, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, დარჩა განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 243 (1,4); 63 (1); 301 (ე).