ბრძანება N 32079

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2023
№ დოკუმენტი 32079
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 32079

20 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------” (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „-------” (ს/ნ -------) 2023 წლის 7 ნოემბრის №84727/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №007-292 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული სავარჯიშო მოწყობილობის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას. პირი განმარტავს, რომ მართალია კომპანიის მთავარი მიზანი დიდი სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის დაწყებაა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში იგი დაკავებულია სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობებით, მათ შორის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტით კანადაში, მსუბუქი ავტომობილების იმპორტით, ასევე აპირებდა ჩამოეტანა და გაეყიდა სავარჯიშო მოწყობილობები. ზემოაღნიშნული სავარჯიშო მოწყობილობაც შეძენილი იყო გასაყიდად და არა საკუთარი მოხმარებისთვის, აქედან გამომდინარე, ითხოვს გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის აღდგენას და დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აგვისტოს №21046 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------” (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვრის და მარტის თვეების საანგარიშო პერიოდები ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №25503 ბრძანება და ამავე თარიღის №007-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 11 611 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 494 ლარი, ჯარიმა 3 117 ლარი და საურავი 0 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,-------” (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 18 ოქტომბერს, ხოლო, დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 21 ოქტომბერს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, გეგმავენ საქართველოში სამშენებლო ბიზნესში ჩართვას. გადამხდელს 2023 წლის მარტის თვეში უფიქსირდება ტრენაჟორის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, რომელზეც არ დგინდება ჩათვლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ არამიზნობრივ შეძენაზე მიღებული ჩათვლა და გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. გადამხდელს 2023 წლის მარტის თვეში უფიქსირდება ტრენაჟორის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, რომელზეც არ დგინდება დღგ-ის ჩათვლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი. შემოწმების შედეგად შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ არამიზნობრივ შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა და გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი ინფორმირებული იყო საგადასახადო შემოწმების აქტში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, თავდაპირველად გადამხდელმა დაადასტურა, რომ იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ნივთები და სავარჯიშო მოწყობილობა (ე.წ. ტრენაჟორი) განკუთვნილი იყო ოფისში თანამშრომელთა სივრცის მოსაწყობად, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული პოზიცია შეცვალა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------” (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული სავარჯიშო მოწყობილობის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. გადამხდელს 2023 წლის მარტის თვეში უფიქსირდება ტრენაჟორის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, რომელზეც არ დგინდება ჩათვლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი. შემოწმების შედეგად, შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ არამიზნობრივ შეძენაზე მიღებული ჩათვლა და გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 275