ბრძანება N 21018
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21018
25 .08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- -----------ის (ს/ნ ------------------)
(მის: ----------------------------------------)
2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა ------- -----------ის (ს/ნ ------------------) №135292/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 22 აგვისტოს №ELC16457, №ELC16456 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/267 (№007-267) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის 13 მაისს რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო დადგენილ ვადაში ვერ გაიყვანა ქვეყნიდან.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადაო აქტების გაუქმებას, რათა შეძლოს ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, 2022 წლის 13 მაისს ----- --------ის მიერ №----/----- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე რეექსპორტში დეკლარირებული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------, სატრანზიტო №------), რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2022 წლის 26 ივნისი.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 22 აგვისტოს შედგენილი №ELC16456 და №ELC16457 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით ----- -------ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 10 750 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, 2022 წლის 22 აგვისტოს გამოიცა №EL7777/267 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი - 301 ლარის ოდენობით.
მომჩივანს სადავო საბაჟო აქტები ჩაჰბარდა პირადად 2023 წლის 4 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი აზუსტებს, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის შესაბამის პერიოდში მოქმედი 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამსიად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165 და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს პირის ვალდებულებას.
კანომდებელი ვალდებულ პირს ავალდებულებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამდენად, სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და საბაჟო ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი უცხოური საქონლის ერთ-ერთ შემდეგ საბაჟო პროცედურაში მოქცევისას:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;
ბ) დროებით შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს მათი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს 2022 წლის 22 აგვისტოს №ELC16456 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით), ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- -----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს მისი რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დოკუმენტები;
3. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 22 აგვისტოს №ELC16456 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 2022 წლის 22 აგვისტოს №EL7777/267 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო დადგენილ ვადაში ვერ გაიყვანა ქვეყნიდან.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადაო აქტების გაუქმებას, რათა შეძლოს ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანა.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას დადგინდა, რომ მომჩივანის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე რეექსპორტში დეკლარირებული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ აგვისტოს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.მომჩივანს სადავო საბაჟო აქტები ჩაჰბარდა პირადად .
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2 „დ“); 272; 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 47(1); 49(1 „ა“); 160(5); 163(1,7,11); 165; 172(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი (1,2);3 (12 );
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი