ბრძანება N 33109
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33109
27 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 9 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №85936/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №007-320 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ძირითადი საშუალების (მიწის ნაკვეთის) შეძენაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას. ითხოვს, ზემოაღნიშნული ხარჯის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №19075 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 16 ნოემბრის №28240 ბრძანება და ამავე თარიღის №007-320 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 449 144 ლარი, მათ შორის, გადასახადი 806 060 ლარი, ჯარიმა 499 149 ლარი, საურავი 143 935 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------- (ს/ნ -------) 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულებაში, ასახული აქვს 14 405 897 ლარი. აღნიშნულის შესწავლით ირკვევა, რომ პირს გამოქვითვებში შეყვანილი აქვს შეძენილი მიწის ღირებულება, ხოლო, 2021 წელს შეძენილი სხვა ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენს 357 339 ლარს (დღგ-ის გარეშე). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0224 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, ვინაიდან მიწა არაამორტიზირებადი აქტივია, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯებში გამოქვითვის უფლება. გამომდინარე აქედან, შემცირებული იქნა 2021 წელს სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება. პირს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს მიწის შეძენაზე გაწეული ხარჯი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიწა არაამორტიზებადი აქტივია. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას, გამომდინარე აქედან, შემცირებული იქნა 2021 წელს სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება.
ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან მიწა, კანონმდებლობის მიხედვით, არაამორტიზებადი აქტივია, გადამხდელს არ ჰქონდა ერთობლივი შემოსავლიდან გამისაქვით ხარჯად აღიარების უფლება. ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია მიწის შესაძენად გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ძირითადი საშუალების (მიწის ნაკვეთის) შეძენაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს მიწის შეძენაზე გაწეული ხარჯი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიწა არაამორტიზებადი აქტივია. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას, გამომდინარე აქედან, შემცირებული იქნა 2021 წელს სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105(2); 111(2);