გადაწყვეტილება №18891/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18891/2/2023
9.03.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ -ს 15.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18891/2/2023).
დავის საგანი:
1. ავტოგასამართი სადგურიდან მიწოდებული საწვავის აქციზის გადასახადით დაბეგვრა;
2. საწვავის ნაშთებში გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა;
3. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება;
4. შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №006-1020 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1246 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
27.12.2021 წლის №006-1020 საგადასახადო მოთხოვნა - 28 762 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 18 551
აქციზის გადასახადი - 830
დღგ - 4 196
მოგების გადასახადი - 4 113
საშემოსავლო გადასახადი - 9 412
ჯარიმა - 8 017
საურავი - 2 194
8.08.2022 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა - 19 640,57 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 12 331
აქციზის გადასახადი - 830
დღგ - 886
მოგების გადასახადი - 648
საშემოსავლო გადასახადი - 9 967
ჯარიმა - 5 597
საურავი - 1 712,57
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №006-1020 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2022 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №006- 366 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1246 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 და 30.01.2023 წლის №1246 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ავტოგასამართი სადგურიდან მიწოდებული საწვავის აქციზის გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია ბიოდიზელის წარმოება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლით წარმოადგენს აქციზურ საქონელს და ამავე კოდექსის 184-ე მუხლით აქციზის გადასახადით იბეგრება საქონლის მიწოდების მომენტში.
წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამების მიხედვით, შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული ბიოდიზელის რაოდენობა, რასაც დაემატა 13.12.2019 წლის №43636 ბრძანებით განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ბიოდიზელის დანაკლისი და შესაბამისი განაკვეთით (1 ტ=150 ლარი) დაიბეგრა აქციზის გადასახადით, გამოვლენილი სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა აქციზის გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწვავის ნაშთებში გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამების მიხედვით საწვავის ნაშთები შედარებული იქნა წარმოდგენილი საწვავის ჟურნალებში დაფიქსირებულ ნაშთებთან, რის შედეგადაც ცალკეულ თვეებში გამოვლინდა სხვაობები (ბუღალტრულ პროგრამაში ნაშთი აღემატება ჟურნალში დაფიქსირებულს), რაც შემოწმების მიერ ჩაითვალა მიწოდებად, საწვავის ჟურნალში საწვავის სახეობისა და შესაბამისი თვის საშუალო ფასით და საგადასახადო კოდექსის 161-ე, 97-ე და 983 მუხლების თანახმად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.12.2019 წლის №43636 ბრძანებით განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც 15.07.2020 წელს შედგენილია №CB1097836 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 161-ე, 97-ე და 983 მუხლების მიხედვით ჩართულ იქნა 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების მონაცემებით (ორისი და ფინა) და საბანკო ანგარიშების ამონაწერებით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სახელფასო განაცემები და ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხები, რაც არასრულადაა ასახული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ პირველი, მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 31.08.2022 წლის №„------“ წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 21.06.2022 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 11.07.2022 წელი. ხოლო, საჩივარი (№27411/01) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 15.02.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი პირველი, მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
4. შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებსა და საწვავის ჟურნალში დაფიქსირებულ ნაშთებს შორის სხვაობის მოგების გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, მათ შორის შეისწავლოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართებულობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საჩივარში აღნიშნული ტექნიკური ხარვეზები, კერძოდ გასწორდა 2020 წლის აგვისტოს საწვავს (პრემიუმ) ნაშთი, საწვავის ჟურნალში (ID „------“ ) მითითებული ნაშთის მიხედვით და დაფიქსირდა 3 775 ლიტრი, ასევე საწვავი (რეგულარი) 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის ნაშთები გასწორდა საწვავის ჟურნალში (ID „------“ ) მითითებული ნაშთების მიხედვით, შესაბამისად 2020 წლის ნოემბრის ნაშთი - 7 107 ლიტრი და 2020 წლის დეკემბერი - 9 707 ლიტრი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ჟურნალების მონაცემებით განისაზღვრა თვის ბოლოს ნაშთებით და საწვავის სახეობების მიხედვით ყველა აგს-ის ჯამური ნაშთი და შესაბამისი პერიოდის მიხედვით შეუდარდა შესაბამისი სახეობის საწვავის ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებს. ამასთან, 2021 წლის მაისის ბოლოს ბუღალტრულ პროგრამაში მითითებული საწვავის (პრემიუმი) ნაშთი 2021 წლის ივნისში მიწოდებულია შპს ზენექსზე, ხოლო ჟურნალში ჩამოწერილია 2021 წლის მაისის ბოლოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მიერ საწვავის (პრემიუმი) შეძენა 2021 წლის ივნისში არ ფიქსირდება. შესაბამისად, 2021 წლის მაისში სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს და საწვავის ჟურნალის ნაშთს შორის მიწოდებულია შპს ზენექსზე და დეკლარირებულია 2021 წლის ივნისის თვეში. ამასთან, სხვაობა დეკლარირებულ და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებით დადგენილ ბრუნვებს შორის გადაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, სრულად შემცირდა (დარჩა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი დანაკლისის თანხა) სადავო საკითხში მოგების გადასახადში დარიცხული თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აღნიშნულ საკითხში გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან შემცირდა სულ 8 640 ლარი. მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 6 220 ლარი და ჯარიმა 2 420 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა საჩივარში აღნიშნული ტექნიკური ხარვეზები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ჟურნალების მონაცემებით საწვავის სახეობების მიხედვით განისაზღვრა ყველა აგს-ის ჯამური ნაშთი თვის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისის პერიოდის მიხედვით შეუდარდა შესაბამისი სახეობის საწვავის ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებს. ამასთან, სხვაობა დეკლარირებულ და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებით დადგენილ ბრუნვებს შორის გადაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.
აგრეთვე შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა 2020-2021 წლების აქციზის გადასახადი გაიანგარიშა არასწორად. ბიოდიზელის საწვავის აქციზის გადასახადით დაბეგვრა ხდება მისი საწარმოდან გატანისთანავე (როგორც სარეალიზაციოდ, ასევე შიდა გადაზიდვისთვის), შესაბამისად აგს-ზე მიტანილი საწვავი უკვე დაბეგრილია აქციზის გადასახადით.
აუდიტორმა დამატებით დარიცხვა განახორციელა საწვავის ნაშთებიდან გამომდინარე. როგორც აუდიტორმა განმარტა, სპეციალური ჟურნალებსა და ბუღალტრულ პროგრამას შორის არსებული სხვაობა დაბეგრა. აღნიშნული სხვაობა დათვლილია არასწორად, სპეციალური ჟურნალებიდან
რიცხვები არასწორადაა ამოწერილი: 2020 წლის აგვისტოს ბოლოს აგს გლდანის სპეციალური ჟურნალის პრემიუმის (0290) ნაშთი არის 3 775 ლიტრი, აუდიტორის მიერ გადმოტანილია 4 450 ლიტრი. 2020 წლის ნოემბერში აგს გულუას სპეციალურ ჟურნალში ნოემბრის ბოლო ნაშთი არის 9 707 ლიტრი, აუდიტორის გათვლაში აღნიშნული ლიტრაჟი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. 1.06.2021 წელს გადაწერილია დარჩენილი საწვავი სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით შპს ზენექსზე, სპეციალურ ჟურნალებში მენეჯერმა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები განაშთა 31 მაისის მდგომარეობით. საბოლოო ჯამში კომპანიის მიერ შესყიდული საწვავის მარაგის რეალიზაცია განხორციელდა სრულად და მოექცა დაბეგვრის რეჟიმში, რაც აისახა შესაბამის დეკლარაციებში.
სულ შემოწმების პერიოდში შესყიდული იქნა იმდენივე საწვავი, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა შესაბამისი დეკლარაციებით. გაუგებარია თუ რატომ დაიბეგრა ხელმეორედ საწვავის ნაშთები, რომელთა აღრიცხვა და რეალიზაციის სისწორე აისახა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში, ექსელის ფაილებში და სპეციალურ ჟურნალში.
მიუხედავად იმისა, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილში აქტის გამოცემამდე შემცირდა დასარიცხი თანხის 80%, საბოლოო ცხრილში ბევრი არასწორად დაბეგრილი თანხა იქნა წარმოდგენილი.
მხედველობაში არ არის მიღებული უკან დაბრუნებული და საქვეანგარიშო თანხები, რომელიც გახარჯულია კომპანიის საჭიროების მიხედვით და მათზე წარმოდგენილია შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია.
ასევე დაბეგრილია ინდივიდუალური მეწარმისთვის გადახდილი მომსახურების თანხები და მარტოხელა დედის სტატუსით მოსარგებლე თამარ ციცქიშვილის ხელფასი.
2018 წელს დაბეგრილია დარიცხული თანხები, რომელთა გაცემაც არ ფიქსირდება. ასევე, აუდიტორებს დაბეგრილი აქვთ სადაზღვევო კომპანიისთვის გადახდილი მთლიანი თანხები, რომელიც მოიცავს არა მარტო ავტომობილების დაზღვევის თანხებს ასევე თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას. ხორციელდებოდა თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის თანხების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.
გაუგებარია თუ რატომ განხორციელდა ზემოაღნიშნული დარიცხვები, როცა კომპანია ზედმიწევნით იცავდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და სწორ ახორციელებდა საბუღალტრო აღრიცხვიანობას.
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2022 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1246 ბრძანების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებსა და საწვავის ჟურნალში დაფიქსირებულ ნაშთებს შორის სხვაობის მოგების გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, მათ შორის შეისწავლოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართებულობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2022 წლის დასკვნის მიხედვით, დაკორექტირდა საჩივარში მითითებული ტექნიკური ხარვეზები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ჟურნალების მონაცემებით განისაზღვრა თვის ბოლოს ნაშთებით და საწვავის სახეობების მიხედვით ყველა აგს-ის ჯამური ნაშთი და შესაბამისი პერიოდის მიხედვით შეუდარდა შესაბამისი სახეობის საწვავის ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებს. ამასთან, 2021 წლის მაისში სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს და საწვავის ჟურნალის ნაშთს შორის მიწოდებულია შპს ზენექსზე და დეკლარირებულია 2021 წლის ივნისის თვეში. სხვაობა დეკლარირებულ და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებით დადგენილ ბრუნვებს შორის გადაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, სრულად შემცირდა (დარჩა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი დანაკლისის თანხა) სადავო საკითხში მოგების გადასახადში დარიცხული თანხები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2022 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15713 ბრძანების შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი, მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.