გადაწყვეტილება №18304/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18304/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: მომჩივანი (პ/ნ "------" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მომჩივანის 25.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18304/2/2022.
დავის საგანი:
1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC16632, №ELC16633, №ELC16634, №ELC16635, №ELC16636, №ELC16637, №ELC16638, №ELC16639, №ELC16640, №ELC16641, №ELC16642, №ELC16643 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
2. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №EL7777/355 (149-355), №EL7777/356 (149-356), №EL7777/357 (149-357), №EL7777/358 (149-358), №EL7777/359 (149-359), №EL7777/360 (149-360) საგადასახადო მოთხოვნები;
3. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27917 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 35 726,99 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 14 535
იმპორტის გადასახადი - 715
აქციზის გადასახადი - 13 820
ჯარიმა - 14 535
ჯარიმა - 6 000
საურავი - 656.99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული მონაცემებით, მომჩივანმა, როგორც "------"- ის, "------"-ის და "------"- ის საბაჟო წარმომადგენლმა, დროის სხვადასხვა პერიოდში განახორციელა 6 ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება რეექსპორტში, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
აღნიშნულ ვადებში არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, რაზეც მომჩივანს 22.08.2022 წლის №ELC16633; №ELC16635; №ELC16637; №ELC16639; №ELC16641 და №ELC16643 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ხოლო №ELC16632; №ELC16634; №ELC16636; №ELC16638; №ELC16640 და №ELC16642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით - ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №№EL7777/355 (149-355), №EL7777/356 (149-356), №EL7777/357 (149-357), №EL7777/358 (149-358), №EL7777/359 (149-359), №EL7777/360 (149-360) საგადასახადო მოთხოვნებით, უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე – საურავი.
სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.11.2022 წლის №27917 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის და საგადასახდო კოდექსის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დაეკისრა საბაჟო გადასახდელები და სანქციები იმ მიზეზით, რომ რეექსპორტის რეჟიმში არსებული ავტომობილების (სულ 6 ავტომობილი) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადება არ მოხდა დადგენილ ვადაში. საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან შესაბამისი საგადასახდო მოთხოვნები და სამართალდარღვევების ოქმები შედგა მისი დასწრების გარეშე ისე, რომ არ მიეცა ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება.
რეექსპორტის რეჟიმში მყოფი ავტომობილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა დაზიანებულ მდგომარეობაში. ხოლო, ავტომობილების რეექსპორტი ვერ მოესწრო ავტომობილების სრულ აღდგენამდე. ამ ეტაპზე ავტომობილები დატვირთულია და უახლოეს დღეებში გამოცხადდება საბაჟო კონტროლის ზონაში.
აღნიშნული ავტომობილები არ შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად და ბათილად უნდა იქნას ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. ამდენად, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია, დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
3. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ რეექსპორტის რეჟიმში მყოფი ავტომობილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა დაზიანებულ მდგომარეობაში. ხოლო, ავტომობილების რეექსპორტი ვერ მოესწრო ავტომობილების სრულ აღდგენამდე. ამ ეტაპზე ავტომობილები დატვირთულია და უახლოეს დღეებში გამოცხადდება საბაჟო კონტროლის ზონაში. აღნიშნული ავტომობილები არ შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად და ბათილად უნდა იქნას ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი აქტები.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი ცდება, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC16632; №ELC16634; №ELC16636; №ELC16638; №ELC16640 და №ELC16642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმისგან. ამასთან, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტარტამენტმა უნდა უზრუნველყოს 22.08.2022 წლის №EL7777/355 (149-355), №EL7777/356 (149-356), №EL7777/357 (149-357), №EL7777/358 (149-358), №EL7777/359 (149-359), №EL7777/360 (149-360) საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხების კორექტირება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27917 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC16632; №ELC16634; №ELC16636; №ELC16638; №ELC16640 და №ELC16642 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმებისგან. ამასთან, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს 22.08.2022 წლის №EL7777/355 (149-355), №EL7777/356 (149-356), №EL7777/357 (149-357), №EL7777/358 (149-358), №EL7777/359 (149-359), №EL7777/360 (149-360) საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.