ბრძანება N 4492

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 4492
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაგადასახადის გადამხდელის ვალდებულებებისაგადასახადო ორგანოთა უფლებებიგადასახადის დარიცხვაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებისაქონლის მიწოდებამომსახურების გაწევადაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასსაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებასაჩივრის განხილვა

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4492

10.03.2023

შპს „--------------------ს“ (ს/ნ -------------------)

(ფაქტ. მის.: --------------------------------------)

(იურ. მის.: ---------------------------------------)

2022 წლის 31 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „--------------------ს“ (ს/ნ -------------------) საჩივარი №77757/1/2022, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №081-243 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. არ ეთანხმება ფასნამატის გაანგარიშების მეთოდიკასა და სისწორეში. არასწორად მიაჩნია სასაქონლო ჯგუფებისა და ფასნამატების გამოყვანა ჯგუფური მეთოდით. კომპანია აწარმოებს მეტალის, პლასტმასის და სხვა საქონლის რეალიზაციას, სადაც ერთი დასახელების საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ფერის, სიფართის, სისქის და ასე შემდეგ. აცხადებს, რომ აუდიტორებმა არ მოახდინეს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შესაბამისად იდენტიფიცირებადი დოკუმენტების მონაცემების ჩართვა. აღნიშნავს, რომ მათ დამატებით მოახდინეს იმ საქონლის მიღება - რეალიზაციის გაშიფვრა დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც აუდიტორებს არ ჰქონდათ გათვალისწინებული ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე რეალიზებული საქონლის სწორ იდენტიფიკაციას, რის საფუძველზეც განხორციელდება დარიცხული თანხების (დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის) კორექტირება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3259 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------------ს“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის -- მაისიდან 2022 წლის -- იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის -- ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 2 დეკემბრის №30392 ბრძანება და №081-243 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 97 123 ლარი, მათ შორის გადასახადი 61 534 ლარი, ჯარიმა 26 928 ლარი და საურავი 8 661 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

• საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი იქნა შპს „----------------ს“ დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის სისწორე. შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელს განხორციელებული აქვს დოკუმენტური რეალიზაცია და აგრეთვე საქონელი რეალიზებული აქვს საცალო ვაჭრობით (საკონტროლო-სალარო აპარატით). გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. შესწავლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები პროცენტულად, რომელიც გავრცელდა საცალო ვაჭრობაზე. შემოწმებით მოხდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. გადამხდელს რიგ შემთხვევაში არასწორად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა (არაპირდაპირი მეთოდით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის) 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის შესაბამისად ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

• არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) შემოწმებით ჩაითვალა ხელფასის სახით გაცემულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ აქვს ნაწარმოები საქონლის ბრუნვის ინდივიდუალური აღრიცხვა, შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი, ვერ დგინდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაოდენობა და სარეალიზაციო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა რეესტრი საწარმოს მიერ დოკუმენტური რეალიზაციებსა და საქონლის შესყიდვებს შორის, რის საფუძველზეც გაანგარიშებულია ფასნამატი. აღნიშნულის შესწავლით დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი 2019 წელს შეადგენს 47,21%-ს, 2020 წელს-41,34 %-ს, 2021 წელს- 39,15%-ს. აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე, შესაბამისი პერიოდების, დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------------------ს“ (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. არ ეთანხმება ფასნამატის გაანგარიშების მეთოდიკასა და სისწორეში. არასწორად მიაჩნია სასაქონლო ჯგუფებისა და ფასნამატების გამოყვანა ჯგუფური მეთოდით.ითხოვს, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე რეალიზებული საქონლის სწორ იდენტიფიკაციას, რის საფუძველზეც განხორციელდება დარიცხული თანხების (დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის) კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა რეესტრი საწარმოს მიერ დოკუმენტური რეალიზაციებსა და საქონლის შესყიდვებს შორის, რის საფუძველზეც გაანგარიშებულია ფასნამატი.

აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №081-243 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:2 (2 ); 43(4 ); 49(1 „ე“ ); 61(3 ); 73-(5„ა“ 9 „ბ“); 101(1); 136(1); 154(1 „ა“ );158(1); 159(1 „ა“);163(1,2 );164(1);275; 302(6);

(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1„ა“ „ა,ბ,დ");