გადაწყვეტილება №19452/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19452/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 19.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19452/2/2023).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2023 წლის ID:-------- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7002 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 20.02.2023 წლის ID:---------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, სადაც მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის პირადი აღრიცხვის ბარათებისა) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ 136 159,77 ლარის ოდენობით და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ერთიან საბიუჯეტო გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან 136 159,77 ლარის დაბრუნება ბანკის ანგარიშზე. ზედმეტობის წარმოშობის მიზეზად დაფიქსირებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.05.2018 წლის №3/7859-16 გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს ---------- საქმის სადავო საკითხის აღსრულება.
აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2023 წლის ID:--------- შესაგებელით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ სახეზეა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის ან ანგარიშსწორების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე, აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2023 წლის ID:---------- შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7002 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის ან ანგარიშსწორების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავზე, 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7002 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 9.03.2023 წლის შესაგებელი, რადგან არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე არ დაურთავს შესაბამისი დოკუმენტები, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებები აღასრულა აუდიტის დეპარტამენტმა, შეადგინა შესაბამისი დოკუმენტები და გადასცა მომჩივანს. ამიტომ, საჭიროდ აღარ მიიჩნია იგივე დოკუმენტები წარედგინა აუდიტის დეპარტამენტისთვის.
არ უარყოფს, რომ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე არ ჰქონდა დართული დოკუმენტები, მაგრამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლის პროცესში საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილი იყო ხარვეზის აღმოფხვრის და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოეთხოვა გადასახადის გადამხდელისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არ შესრულებულა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის ან ანგარიშსწორების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (შემდგომში - ინსტრუქცია) 131 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” (შემდგომში - „მოთხოვნა”), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის” შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე” არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ინსტრუქციის 134 მე-5 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის შესწავლის პროცესში საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ან/და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს წერილობითი განმარტების ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე არ დაურთავს შესაბამისი დოკუმენტები, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებები აღასრულა აუდიტის დეპარტამენტმა, შეადგინა შესაბამისი დოკუმენტები და გადასცა მომჩივანს. ამიტომ, საჭიროდ აღარ მიიჩნია იგივე დოკუმენტები წარედგინა აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლის პროცესში საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილი იყო ხარვეზის აღმოფხვრის და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მოეთხოვა გადასახადის გადამხდელისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არ შესრულებულა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7002 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2023 წლის შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7002 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7002 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
63(1);65;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (შემდგომში - ინსტრუქცია) 131; მუხლის პირველ პუნქტი; 134;135;
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.