ბრძანება N 21400
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21400
30 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------- (ს/ნ -------) 2024 წლის 27 იანვრის №87245/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №125-46 საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №125-4272 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებს. განმარტავს, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და მისი საქმიანობის სფეროა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. აღნიშნავს, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან საწარმო თავისი პროფილით მონაწილეობას იღებს ------- გამოცხადებულ ტენდერებში და ახორციელებს მომსახურების მიწოდებას, რომლის თანმდევი პროდუქტია სათადარიგო ნაწილები. არ ეთანხმება შემოწმების მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების ახალი სათადარიგო ნაწილებით შეკეთების ოპერაცია ჩაითვალა ცალკე საქონლის და ცალკე მომსახურების მიწოდებად. აცხადებს, რომ კომპანიასა და მყიდველებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებშიც ხელშეკრულების საგნად ცალსახად განისაზღვრა მომსახურების შესყიდვა, ხოლო სათადარიგო ნაწილებისთვის, როგორც მომსახურების შემადგენელისთვის, ყველა ხელშეკრულებას თან ერთვის პრეისკურანტი. გადასახადის გადამხდელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებებში „ხელშეკრულების საგანი“ მკაფიოდ არის განსაზღვრული „მომსახურების შესყიდვა“, რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებს, მოთხოვნილი იყო შემსყიდველის მიერ მათი განცალკევება, რათა სახელშეკრულებო ღირებულება დაფიქსირებულიყო. ამდენად, მეწარმეს არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა, შესაბამისად, არ არის დღგ-ის გადამხდელი და არ უნდა დარიცხვოდა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. აღნიშნავს, რომ შემოწმებით მიწოდებად ჩაითვალა სათადარიგო ნაწილები, რამაც გამოიწვია მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. აცხადებს, რომ 2021 წელს მხოლოდ 16 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ფუნციონირებდა, როგორც ინდ. მეწარმე და ამ პერიოდში მიწოდებული მომსახურება შეადგენს 8 017 ლარს და მხოლოდ ამ ნაწილში ეკუთვნის წლიური საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს 2023 წლის 26 დეკემბრის №125-46 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №125-4272 შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის №32966 ბრძანება და ამავე თარიღის №125-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 266 982 ლარი, მათ შორის, გადასახადი 175 848 ლარი, ჯარიმა 55 954 ლარი, საურავი 35 180 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ზედმეტობა 4.71 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 267 071.6 ლარი. ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №125-4272 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №125-4272 შეტყობინება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 27 თებერვლის №4278 ბრძანებით ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 4 სექტემბრის №22630/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4278 ბრძანება და საჩივარი, პირველ და მე-3 დავის საგნებთან დაკავშირებით (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება, მიღებული შემოსავლებით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა; საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება), მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 სექტემბრის №22630/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივნის განმარტებით, ევროკავშირის რეგულაციებზე დაყრდნობით სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი. მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგება. ამდენად მის მიერ სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი, რომ ყოფილიყო, ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები. ნაწილების ფასი ცალკე განისაზღვრება და მომსახურებას ცალკე, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება 10 000 ლარია. ცალკე სათადარიგო ნაწილების შესყიდვა, რომ ყოფილიყო მიზანი, ხელშეკრულებას უნდა დამატებოდა CPV-ს დამატებითი კოდი, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვების კანონიდან გამომდინარე, ეს ერთ შესყიდვად განიხილება. რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებში ცალცალკე დაფიქსირებულ მომსახურებასა და ნაწილებს, ეს მოთხოვნა ემსახურება მხოლოდ შესყიდვის ფასების კონტროლს და არა სხვადასხვა ტიპის საქმიანობას. მიღება-ჩაბარების აქტებშიც (დანართი 9) დაფიქსირებულია მხოლოდ „რემონტი“ და არა „სათადარიგო ნაწილები“, მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ზედნადების მიხედვით არის ჩამოთვლილი სათადარიგო ნაწილები ცალკე, მომსახურება ცალკე. ამრიგად ტენდერი მოიცავს სათადარიგო ნაწილების გამოცვლასაც. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური ამოწმებს და მარტო საქონლის რეალიზაციას ვერ შეძლებდა, დაბლოკავდა. გამომდინარე აქედან, არასწორად მიაჩნია დღგ-ის დარიცხვა. გარდა ამისა, განმარტავს, რომ წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ 2021 წლის 16 აგვისტოდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი, სანამ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შევიდოდა ძალაში. ეს შემოსავალი შეადგენს მხოლოდ 8017 ლარს (დანართი 24). ასევე წლიურ საშემოსავლო გადასახადს ექვემდებარება ხელშეკრულება 35 (დანართი 25), CPV – 34350000, რომელიც ნიშნავს სათადარიგო ნაწილების შესყიდვას და შეადგენს 61302 ლარს.
საბჭოს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ პირველი და მე-3 სადავო საკითხები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილებში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
მეწარმე 2021 წლის პირველი სექტემბრიდან რეგისტრირებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შემოწმებისთვის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) შესწავლის მიხედვით დადგინდა, რომ მეწარმეს გააჩნია საქმიანობა, რომელიც არ წარმოადგენს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას და რომლის მიხედვით მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული შემოსავლები განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ-ის თანხა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ვინაიდან მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, საქართველოს საგადასახადო კოდექსი 951 და 956 მუხლების თანახმად, გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. შესაბამისად, მეწარმე ვალდებული იყო მიღებული შემოსავლები, რომლებიც დასტურდება დოკუმენტურად, კერძოდ, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებისა და სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) მიხედვით, აესახა შესაბამისი წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, რაც გადამხდელს არ აქვს განხორციელებული (არ არის წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები). საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების და 102-ე მუხლის თანახმად, მეწარმე ვალდებული იყო ერთობლივ შემოსავალში აესახა მიღებული შემოსავლები სრულად. შესაბამისად, შემოწმების შედეგად, მეწარმეს განესაზღვრა ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლზე, რომლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 952 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეებს და ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირისათვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის სახეები (დანართი №7).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობის დადგომის დღიდან.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად:
2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
5. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას
ამავე ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მეწარმე 2021 წლის პირველი სექტემბრიდან რეგისტრირებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის მიხედვით დადგინდა, რომ მეწარმეს გააჩნია საქმიანობა, რომელიც არ წარმოადგენს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას და რომლის მიხედვით მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული შემოსავლები განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად და პირს დაერიცხა დღგ-ის თანხა. ამასთან, ვინაიდან დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, შემოწმებით გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. შესაბამისად, მეწარმე ვალდებული იყო ერთობლივ შემოსავალში აესახა მიღებული შემოსავლები სრულად. შემოწმების შედეგად, განესაზღვრა ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაზე, რომლის დანართი №6-ით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განსაზღვრულია ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) მიხედვით, ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს მინიჭებული აქვს კოდი 45.2. აღნიშნული ქვეკლასი შეიცავს:
- ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს;
- სალტეების და საბურავების რემონტს, მათ დაყენებას ან შეცვლას;
- ანტიკოროზიულ დამუშავებას;
- ნაწილების და აქსესუარების დაყენებას, რაც არ წარმოადგენს საწარმოო პროცესის ნაწილს.
ამავე კლასიფიკატორის მიხედვით, ავტომობილების ნაწილების და აქსესუარების გაყიდვას მინიჭებული აქვს 45.3 კოდი. ეს ჯგუფი შეიცავს საბითუმო და საცალო ვაჭრობას ავტომობილების ყველა სახის ნაწილებით, კომპონენტებით, ინსტრუმენტებით და აქსესუარებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მთავრობის დადგენილებით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განსაზღვრულია ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) მიხედვით, მინიჭებული აქვს კოდი 45.2. ხოლო ამავე კლასიფიკატორის მიხედვით, ავტომობილების ნაწილების და აქსესუარების გაყიდვას მინიჭებული აქვს 45.3 კოდი, რომელიც არ შედის ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეების ჩამონათვალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი/მ ------- მიერ განხორციელებული საქმიანობიდან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განხილულ უნდა იქნას საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მომსახურების გაწევას და ადგილი არ აქვს საქონლის (სათადარიგო ნაწილის), როგორც შეცვლის მომსახურებასთან კომბინირებულ, ისე დამოუკიდებელ მიწოდებას. ამასთან, ასეთი მიწოდება ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას საერთო წესით, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №125-4272 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი, ზედმეტობა 4.71 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 267071.6 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი/მ ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე, 2023 წლის 27 დეკემბრის №125-4272 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამასთან, 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, ი/მ ------- (ს/ნ -------) ერიცხება ზედმეტობა 10,16 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 309 811.44 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებს და ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მეწარმე 2021 წლის პირველი სექტემბრიდან რეგისტრირებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შემოწმებისთვის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) შესწავლის მიხედვით დადგინდა, რომ მეწარმეს გააჩნია საქმიანობა, რომელიც არ წარმოადგენს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას და რომლის მიხედვით მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნული შემოსავლები განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად. ვინაიდან მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. შემოწმების შედეგად, მეწარმეს განესაზღვრა ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 956; 102; 165; 159; 282; 239;