შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2274აპ ქ. თბილისი
17 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ გ. შ-ს
მსჯავრდებულ _ მ. დ-ს
მონაწილეობით განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. ც.-ისა და მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით მ. დ-ს, _ დაბადებულს ---- წელს, -საქართველოს მოქალაქეს, ადრე ნასამართლევს, _ ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე», ,,ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 373-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 13 მაისს, დაახლოებით 16.00 საათზე, მ. დ. ნ. ე-სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ---- ქუჩაზე, საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შევიდნენ სკოლის საპირფარეშოში. იმ დროს, როდესაც მ. დ. და ნ. ე. იმყოფებოდნენ სკოლის დერეფანში, შეამჩნიეს, რომ ამავე სკოლის პედაგოგს, ლ. ხ-ს, საკლასო ოთახში დატოვებული ჰქონდა ხელჩანთა. მათ განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ აღნიშნულ ხელჩანთას და მასში არსებულ ფასეულობას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. დ. შევიდა საკლასო ოთახში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ. ხ-ს კუთვნილ ხელჩანთას, ღირებულს 30 ლარად, რომელშიც იდო ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით, ლოცვების წიგნი და სხვა პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენა 45 ლარის ზიანი. ამის შემდეგ მ. დ-მ ფარულად გატაცებული ხელჩანთა გადასცა ნ. ე-ს, რომელმაც იგი დამალა ქურთუკის ქვეშ. ხელჩანთის ქურდობის ფაქტი დაზარალებულმა ლ. ხ-მ მალევე აღმოაჩინა და გამოიძახა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც ნ. ე. დააკავეს შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებულ იქნა ფარულად გატაცებული ლ. ხ-ს კუთვნილი ხელჩანთა, ხოლო მ. დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მანვე შეიტყო რა, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის დაკავებული იყო ნ. ე., ვითარების გარკვევის მიზნით, მივიდა მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოში, სადაც ეს უკანასკნელი ეჭვმიტანილის სახით იკითხებოდა, მაგრამ, ვინაიდან მან სათანადოდ არ იცოდა ქართულად წერა-კითხვა, დიდ დროს ანდომებდა მის მიერ არჩეული დუმილის უფლების დაკითხვის ოქმში პროცესუალურად დაფიქსირებას. ამის გამო პოლიციის თანამშრომლებმა მ. დ-ს, როგორც მის ახლობელს, შესთავაზეს დაკითხვის ოქმში ნ. ე-ს ნაცვლად ჩანაწერების გაკეთება. მ. დ., მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დათანხმდა პოლიციის თანამშრომლებს და ეჭვმიტანილის სახით დაკითხვის ოქმში, ნ. ე-ს ნაცვლად, გააკეთა ჩანაწერები, რითაც შექმნა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, მოახდინა მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი_ნ. ე. მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
2005 წლის --- ნოემბერს მ. დ. იმყოფებოდა ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა, რომ მოქ. ლ. ნ-მა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა მისი კუთვნილი «ჰონდა-სივიკის» მარკის ავტომანქანა, სახ.¹------ და გადმოვიდა სალონიდან, რა დროსაც მანქანის გასაღები დატოვა მორგებულ მდგომარეობაში. ამასთან, ავტომანქანაში დარჩა მისი ფეხმძიმე მეუღლე _ თ. ზ., რომელიც იჯდა მანქანის წინა, მარჯვენა სავარძელზე. მ. დ-მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა აღნიშნულ ავტომანქანას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი ჩაჯდა ლ. ნ-ს კუთვნილ ავტომანქანაში და თ. ზ-ს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ იგი რაიმე ხერხით შეუშლიდა ხელს. ამასთან, იმ მიზნით, რომ მის მიერ ავტომანქანის გატაცება არ შეფერხებულიყო და გაადვილებოდა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და მოკვლის მუქარით, არ მისცა თ. ზ-ს ავტომანქანიდან გადასვლის საშუალება, რითაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და დიდი სიჩქარით დაძრა ავტომანქანა. თ. ზ-მა გააღო ავტომანქანის კარი და ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ მ. დ-მ კვლავ არ მისცა მანქანიდან გადასვლის საშუალება და თ. ზ-ს მოკვლით დაემუქრა, თუ იგი არ შეწყვეტდა ყვირილს და მანქანიდან გადასვლის მცდელობას. თ. ზ-მა რეალურად აღიქვა მუქარა, რის გამოც იძულებული გახდა, დამორჩილებოდა მას. დაახლოებით 700-800 მეტრის გავლის შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ ორმოსთან, მ. დ. იძულებული გახდა, შეენელებინა მოძრაობა, რითაც ისარგებლა თ. ზ-მა და გადმოხტა ავტომანქანიდან, ხოლო მ. დ. დაეუფლა რა ავტომანქანას, გააგრძელა მოძრაობა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ავტომანქანის დაუფლებისას მ. და-მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაიტაცა ასევე ლ. ნ-ს კუთვნილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და ლ. ნ-ს მიაყენა 3500 აშშ დოლარის ზიანი.
2006 წლის 4 აგვისტოს მ. დ. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის დაჯარიმდა 100 ლარით. მიუხედავად ამისა, მან არ გააკეთა სათანადო დასკვნები და კვლავ განაგრძო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, კერძოდ: 2006 წლის 30 ოქტომბერს მან ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ კვლავ მიიღო ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც დაკარგა გონება. ამის გამო იგი ახლობლებმა გადაიყვანეს ქ. თბილისის V კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი _ ნარკომანია. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მ. დ. იმავე დღეს გამოეწერა საავადმყოფოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
მ. დ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.
მ. დ-ს მოეხსნა ასევე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილშიც გამართლდა.
მ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. დ. პატიმრობაში იმყოფება 2006 წლის 15 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2005 წლის 4 დეკემბრიდან 2005 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. ც-მა და მსჯავრდებულმა მ. დ-მ.
პროკურორი ნ. ც. სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. დ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე», ,,ზ», ,,თ» ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, 273-ე მუხლით და საბოლოოდ მისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
მსჯავრდებულმა მ. დ-მ და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. დ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 177-ე, 362-ე, 369-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, ხოლო 273-ე მუხლით _ სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გასაჩივრებულ განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. დ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები და ამ ნაწილში გამართლდა.
მ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ. ც. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სააპელაციო სასამართლომ მ. დ. გაამართლა წარდგენილი ბრალდების ნაწილში საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გაიზიარა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი მ. დ-ს ჩვენება, რომელმაც უარყო ლ. ნ-ზე ყაჩაღური თავდასხმისა და თ. ზ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი. განაჩენის სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულ თ. ზ-ს ფსიქიკური აღქმის ფაქტორს მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით და გაიზიარა მისი ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, როდესაც მან უარყო მ. დ-ს მონაწილეობა მასზე განხორციელებულ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და შეფასება არ მისცა დაზარალებულების _ ლ. ნ-სა და თ. ზ-ს ჩვენებებს _ ერთმანეთთან და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ თ. ზ-მა თანმიმდევრული ჩვენება მისცა როგორც მომხდარ ფაქტთან, ისე თავდამსხმელის გარეგნულ აღწერილობასთან დაკავშირებით. თ. ზ-ს ჩვენებით, პირს, რომელიც მანქანაში ჩაჯდა და უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აღუკვეთა თავისუფლება, შუბლზე ჩამოფარებული ჰქონდა ქუდი, ხოლო ქურთუკის საყელო _ ბოლომდე აწეული და სახე კარგად არ უჩანდა. ასეთ ვითარებაში არც არის გასაკვირი, რომ თ. ზ-ს ვერ ამოეცნო მ. დ., თუმცა თ. ზ-ს ჩვენებით, მ. დ. თავდამსხმელს ჰგავდა. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა თ. ზ-ს ვარაუდი, რომ მის მეუღლეს არ შეეძლო, დაენახა მის გვერდით მჯდომი პიროვნება, რაც ბრალდებას მიაჩნია, რომ თ. ზ-ს მხრიდან ზედმეტად სუბიექტურია და დამაფიქრებელი. ამასთან ერთად, მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ წინასწარი გამოძიება დაწყებულია 2005 წლის 28 დეკემბერს ლ. ნ-ს კუთვნილი ავტომანქანის გატაცების ფაქტზე და აღნიშნული ა/მანქანა ლ. ნ-ს მეგობარმა შ. მ-მა ნახა 2006 წლის 15 დეკემბერს _ მ. დ-ს დაკავების შემდეგ.
მსჯავრდებული მ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას ან საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ მას თავისუფლების სანაცვლოდ ხელი დაადო რამდენჯერმე ნასამართლევმა ვინმე ე-მ, რის გამოც დღემდე უდანაშაულოდ იმყოფება საპატიმროში. კასატორი ითხოვს ასევე მისი ოჯახური მდგომარეობის მხედველობაში მიღებას, კერძოდ, რომ ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელიც იზრდება ნათესავებთან.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. შ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. დ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. დ. უკანონოდ გაამართლა წარდგენილი ბრალდების ნაწილში საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ თ. ზ-მა თანმიმდევრული ჩვენება მისცა როგორც მომხდარ ფაქტთან, ისე თავდამსხმელის გარეგნულ აღწერილობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა ეთანხმება I-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დაზარალებულ ლ. ნ-ს ჩვენებები, რომლებითაც ის ამხელდა მ. დ-ს განსახილველი დანაშაულის ჩადენაში, არ იყო საკმარისი მტკიცებულება მ. დ-ს მსჯავრდებისათვის აღნიშნულ ეპიზოდში.
სასამართლო გამოძიებისას დაიკითხა დაზარალებული თ. ზ., რომლის მიმართაც უშუალოდ განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თ. ზ-მა როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას თანმიმდევრულად აღწერა, თუ როგორ მოხდა მასზე ყაჩაღური თავდასხმა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. წინასწარი გამოძიებისას მან ასევე დეტალურად აღწერა დანაშაულის ჩამდენი პირის გარეგნობა და განაცხადა, რომ კარგად დაიმახსოვრა მისი სახე და ნახვის შემთხვევაში შეუძლია ამოცნობა. პირის ფიზიკურად ამოცნობისას თ. ზ-მა ამოსაცნობ პირთა შორის ვერ შეძლო ვერც ერთი პირის ამოცნობა, თუმცა მიუთითა, რომ მ. დ. «ჰგავს იმ პირს, რომელმაც გაიტაცა მათი კუთვნილი ავტომანქანა, მაგრამ ეს ის პიროვნება არ არის, რადგან მისი აღწერილობა მხოლოდ მიემსგავსება ამ პირის აღწერილობას». სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას თ. ზ-მა განაცხადა, რომ არ იცნობს განსასჯელს და კატეგორიულად უარყო მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, მან განმარტა, რომ, მართალია, მისმა მეუღლემ ამოიცნო განსასჯელი, მაგრამ მეუღლეს არ შეეძლო, დაენახა მის გვერდით მჯდომი პიროვნება. თვითონ უფრო ახლოს ხედავდა ამ პიროვნებას, ვიდრე მისი მეუღლე _ ლ. ნ. და მიუხედავად ამისა, მან ვერ ამოიცნო აღნიშნული პიროვნება. მისივე განცხადებით, მან კარგად დაიმახსოვრა დამნაშავის სახე და ნახვის შემთხვევაში შეუძლია მისი ამოცნობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გარდა ამ ორი პირის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მ. დ-ს მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების თანახმად, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის თაობაზე მ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. დ-ს მსჯავრდებას ქურდობის ეპიზოდში საფუძვლად დაედო მხოლოდ ამავე ბრალდების საქმეზე ბრალდებულისა და მოწმის სახით დაკითხული ნ. ე-ს მიერ მიცემული არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი, მამხილებელი ჩვენებები, მაშინ, როდესაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:
I-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მ. დ-ს საქმის განხილვისას ნ. ე-ს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები არ ყოფილა გამოკვლეული მათი გამოქვეყნების გზით.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ. ე-მ განმარტა, რომ ტუალეტში შესვლა უნდოდა მ. დ-ს. სკოლის ეზოში შევიდნენ და ავიდნენ მეორე სართულზე, ის პირველი შევიდა ტუალეტში. რომ გამოვიდა, მ. დ-მ მიაწოდა ჩანთა, მან იკითხა, თუ რა იყო. მ. დ-მ უთხრა, რომ დაეკავებინა და ის მალე გამოვიდოდა საპირფარეშოდან. მას ელოდებოდა, მაგრამ არ გამოჩნდა. ამ დროს კლასიდან გამოვარდა ერთი ქალი და ჩანთა გამოგლიჯა. ის მას ჩანთას არ აძლევდა, უთხრა, რომ პიროვნება, რომელმაც ჩანთა მისცა, საპირფარეშოში იყო შესული. ერთ წუთში გამოვიდა სასწავლო ნაწილი, მასაც უნდოდა მისთვის ჩანთის გამორთმევა, მაგრამ არ მისცა. მერე შეიყვანეს დირექტორის კაბინეტში, დარეკეს პოლიციაში, ჩანთა წაართვეს და ისიც პოლიციაში წაიყვანეს. ასევე უჩვენა, რომ ორივეს შეეძლო შესვლა საპირფარეშოში, რადგან იქ სამი კაციც დაეტეოდა. არ იცის, მასთან ერთად მ. დ. რატომ არ შევიდა. მან ტუალეტთან მისცა ჩანთა, მერე კი დაიკარგა. ის დააკავეს დირექტორის კაბინეტში. მან მ. დ-ზე მიუთითა, რომ იგი ტუალეტში იყო შესული, გამომძიებელსაც აუხსნა, რომ ჩანთა მისი არ იყო. ის და მ. დ. იცნობენ ერთმანეთს 2003 წლიდან, მან ის დაასმინა. ის მშიერი იყო და ყველი მოიპარა, 1 კილოც კი არ ყოფილა ყველი და გამოუშვეს, მაგრამ მას ეს გულში არ ჩაუხვევია.
საქმის მასალების მიხედვით, ნ. ე-ს მიერ აღნიშნულ ჩვენებაში მითითებული გარემოებები არ დასტურდება დაზარალებულ ლ. ხ-სა და ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ წინასწარ და სასამართლოში მიცემული თანმიმდევრული ჩვენებებით; საქმეში კი არ არის არც ერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ. ე-ს აღნიშნულ ჩვენებას, კერძოდ:
დაზარალებული ლ. ხ. როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებში განმარტავს, რომ, როდესაც ის შევიდა ოთახში, ერთ-ერთმა მოსწავლემ უთხრა, რომ ვიღაც კაცი შევიდა ოთახში და იმან გაიტანა ხელჩანთა. ისინი ორივენი გამოვიდნენ გარეთ, დერეფანში, სადაც იმავე ბავშვმა მიუთითა ვიღაც კაცზე, რომელიც გადიოდა ქუჩაში. ის მას გამოეკიდა და გააჩერა ადგილზე. თავის თანამშრომლებს სთხოვა, დაერეკათ პოლიციაში, ის გაჩერებული ჰყავდა სკოლის შესასვლელ კართან. მას რამდენჯერმე სთხოვა, რომ დაებრუნებინა ჩანთა, მაგრამ ის უარზე იყო. ამ დროს მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მან მათ აუხსნა ვითარება. ყოველივე ამის შემდეგ, ორი მოქალაქის თანდასწრებით, მას ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის უბიდან ამოუღეს ხელჩანთა. როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი, ეს პიროვნება არის ნ. ე.. დაზარალებული იმავეს ამბობს შემდეგ ჩვენებაში, ამასთან, დამატებით უჩვენა, რომ ჩანთა იმ პირს ისე ედო უბეში, რომ არ უჩანდა და მის მოთხოვნაზე, რომ მას ჩანთა დაებრუნებინა, უპასუხა: ,,რა ჩანთა, მე არაფერი არ მაქვსო» დაზარალებულმა ლ. ხ-მ სასამართლო პროცესზე მისცა ანალოგიური ჩვენება: მოსწავლემ მას მიუთითა ვიღაც პიროვნებაზე, რომელიც გადიოდა, ის მას გამოეკიდა და გააჩერა სკოლის კართან, სთხოვა ჩანთის დაბრუნება, მაგრამ მან არ დააბრუნა. ამ დროს მივიდა პოლიცია, რომელიც გამოიძახა მისმა თანამშრომელმა. ჩხრეკის დროს ამ მითითებულ პიროვნებას ქურთუკის უბიდან ამოუღეს თავისი ხელჩანთა
ამდენად, დაზარალებულ ლ. ხ-ს აღნიშნულ ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ნ. ე-ს ჩხრეკის შედეგად უბიდან ამოუღეს ხელჩანთა, რომელიც მან მისი მოთხოვნით ნებაყოფლობით არ წარმოადგინა, ის უარყოფდა, რომ ჰქონდა ხელჩანთა და მას ხელჩანთა არ უჩანდა, _ განსხვავებულად უჩვენებს ნ. ე. თავის ჩვენებაში, კერძოდ: მან განმარტა, რომ ის ელოდებოდა მ-ს, მაგრამ არ გამოჩნდა. ამ დროს კლასიდან გამოვარდა ერთი ქალი და ჩანთა გამოგლიჯა. ის მას ჩანთას არ აძლევდა, უთხრა, რომ პიროვნება, რომელმაც ჩანთა მისცა, საპირფარეშოში იყო შესული. ერთ წუთში გამოვიდა სასწავლო ნაწილი, მასაც უნდოდა მისთვის ჩანთის გამორთმევა, მაგრამ არ მისცა. მერე შეიყვანეს დირექტორის კაბინეტში და დარეკეს პოლიციაში.
დაზარალებულ ლ. ხ-ს ჩვენებები მთლიანად დადასტურებულია ჩხრეკაში დამსწრეების სახით მონაწილე პირების, მოწმეების სახით დაკითხული ა. ზ-სა და ლ. შ-ს ჩვენებებითა და პირადი ჩხრეკის ოქმით _ ჩხრეკის შედეგად ნ. ე-ს ქურთუკის უბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ხელჩანთა, რომელიც მან ნებაყოფლობით არ წარმოადგინა.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით მ. დ-ს მსჯავრდებას ქურდობის ნაწილში საფუძვლად უდევს მხოლოდ ე-ს მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის დადასტურებული საქმეში არსებული სხვა, უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც უნდა შეწყდეს მ. დ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებითა და განაჩენით ასევე არ არის დადასტურებული მ. დ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია) ჩადენა.
მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ. დ-მ თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ მის მიერ მიცემული ჩვენებიდან ჩანს, რომ იგი არ არის გარკვეული, თუ რას ნიშნავს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ იმაში, რომ თავისი ჩანაწერით გააყალბა ნ. ე-ს ეჭვმიტანილის სახით დაკითხვის ოქმი, კერძოდ, მან უჩვენა, რომ ქურდობა არ ჩაუდენია, სკოლის შენობის გარეთ იდგა ნ. ე-სთან ერთად, მათ ერთად დალიეს. ნ. ე-ემ უთხრა, რომ ტუალეტში უნდოდა და სთხოვა, რომ გაჰყოლოდა. მას უბნელი შეხვდა და ელაპარაკებოდა. ნ. ე. შევიდა სკოლაში. ამ დროს მოვიდა პოლიცია. მასაც უნდოდა შესვლა ტუალეტში, მაგრამ უბნელს ელაპარაკებოდა. 5 წუთში პოლიცია შევარდა და ნ. ე. გამოიყვანეს, ისიც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში. მის შესახებ ყოყმანობდნენ, მაგრამ მერე გამოუშვეს, ნ. ე. კი დატოვეს. იგი იმ დღეს დაესწრო ნ. ე-ს დაკითხვას, ოქმი გააყალბა თავისი ჩანაწერით, ბოლო ნაწილი დაწერა თავისი ხელით, რადგან ნ. ე-ს უჭირდა ქართულად წერა, რაშიც თავს ცნობს დამნაშავედ. გამომძიებელი ამ დროს გასული იყო, ე.ი. მან ფაქტობრივად თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით წადგენილ ბრალდებაში.
საბრალდებო დასკვნით მის მიერ საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გამოიხატა იმაში, რომ ვინაიდან ნ. ე-მ სათანადოდ არ იცოდა ქართულად წერა-კითხვა, დიდ დროს ანდომებდა მის მიერ არჩეული დუმილის უფლების დაკითხვის ოქმში პროცესუალურად დაფიქსირებას. ამის გამო პოლიციის თანამშრომლებმა მ. დ.-ს, როგორც მის ახლობელს, შესთავაზეს დაკითხვის ოქმში ნ. ე.-ს ნაცვლად ჩანაწერების გაკეთება. მ. დ. მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით დათანხმდა პოლიციის თანამშრომლებს და ეჭვმიტანილის სახით დაკითხვის ოქმში ნ. ე-ს ნაცვლად გააკეთა ჩანაწერები, რითაც შექმნა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, მოახდინა მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი _ ნ. ე. მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მტკიცებულების ფალსიფიკაციამ გამოიწვია მძიმე შედეგი _ ნ. ე. მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც აუცილებელია ფალსიფიკაციის დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური შემადგენლობისათვის, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რადგან ნ. ე-ს მიერ მ. დ-ს მხილების შემდეგაც, ჩადენილი დანაშაულისათვის ნ. ე. მ. დ-სთან ერთად მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტებით, ხოლო 2007 წლის 10 თებერვალს ბრალდებულ ნ. ე-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან გავიდა ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის 12-თვიანი ვადა. ამდენად, მ. დ-ს მიერ ნ. ე-ს ეჭვმიტანილის სახით დაკითხვის ოქმის გაყალბებას, რაშიც მხილებულ იქნა მ. დ., გავლენა არ მოუხდენია ნ. ე-ს ბრალეულობაზე, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა იმიტომ, რომ მას არ დაუდასტურდა დანაშაულის ჩადენა მ. დ-ს მიერ მტკიცებულების ფალსიფიკაციის გამო, არამედ იმიტომ, რომ გავიდა მისი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის 12-თვიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა შეწყდეს მ. დ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მესამე ნაწილით მსჯავრდების ნაწილშიც.
რაც შეეხება სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, რაშიც მ. დ. მთლიანად ცნობს თავს დამნაშავედ, იგი სწორად აქვს წარდგენილი. ამ მუხლით მას სასჯელად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ასევე წარსულში მისი არაერთგზის ნასამართლობის მხედველობაში მიღებით, უნდა შეეცვალოს ჯარიმით _ 15 ათასი ლარის ოდენობით.
მ. დ. პატიმრობაში იმყოფება 2006 წლის 15 დეკემბრიდან. ზემოაღნიშნულის გამო, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. დ. მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მის სასიკეთოდ, კერძოდ:
მ. დ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.
მ. დ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მესამე ნაწილით მსჯავრდების ნაწილში.
მ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
მ. დ. პატიმრობაში იმყოფება 2006 წლის 15 დეკემბრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. დ. მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მ. დ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.