გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№67აპ-14 12 ოქტომბერი, 2015 წელი
ა-ი ბ.- 67აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურორ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2012 წლის 26 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულმა ბ. ა-მა კვლავ უკანონოდ ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა 2013 წლის 8 სექტემბერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.
1.2. ბ. ა-ის ზემოაღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებად, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 2 დეკემბრიდან. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ა-მა და მისმა ადვოკატმა. დაცვის მხარე ითხოვდა სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით შეცვლას, ასევე განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენი გაუქმდა, კერძოდ: ბ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 273–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.
3. საკასაციო საჩივრის არსი:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა და მოითხოვა ბ. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა; სასჯელის დანიშვნა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და მსჯავრდებულისათვის საბოლოო სასჯელის ვადაში პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელის ჩათვლა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბ. ა-ის მიმართ გამოტანილ ორ გამამტყუნებელ განაჩენს (2013 წლის 5 ნოემბრისა და 2 დეკემბრის) საფუძვლად დაედო ერთი - ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება, რაც წარმოადგენს პირის ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ მსჯავრდებას; არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სამართლებრივი საფუძველი, რომელმაც ერთხელ უკვე გამოიწვია პირის მსჯავრდება, შემდგომში ვეღარ გამოიწვევს იმავე პირის მიმართ მეორედ მსჯავრდებას. ამ ლოგიკით სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის მსჯავრდებისათვის აუცილებელია, მაგალითად: სუბიექტის ასაკი (14 წელი) და ნასამართლობა, ხოლო მსჯელობის იმგვარად განვითარება, რომ თუ ერთხელ უკვე დადგა განაჩენი 14 წლის ასაკს მიღწეული ან ნასამართლობის მქონე პირის მიმართ, ეს ნიშნები ვეღარ გამოიწვევს იმავე პირის დანაშაულის შემადგენლობის ამ ნიშნების საფუძველზე მეორედ მსჯავრდებას, რაც არასწორია; ერთი დანაშაულისთვის რომ მსჯავრი განმეორებით ვერავის დაედება, ცალსახაა, თუმცა მოცემულ ვითარებაში, როცა დანაშაულის ჩადენის დრო ერთ შემთხვევაშია - 2013 წლის 8 სექტემბერი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2013 წლის 3 ნოემბერი, ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ ქმედებებს; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე მანამდე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას; ბ. ა-ს სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა განაჩენი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში, სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ნასამართლობაზე მიიღება პრეიუდიციად, ხოლო მის შინაარსს სრულად ეთანხმებიან მხარეებიც და სადავოდ არ გაუხდიათ
4. საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და საქმისწარმოების შეჩერება:
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინებით პროკურორ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.
4.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება პროკურორ თ. მ-ის საკასაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც უგულებელყოფს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდება.
4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N609 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ა-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 273-ე მუხლით, გარდა თავად ბ. ა-ის აღიარებითი ჩვენებისა, დასტურდება საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით - ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილებითა და ნარკოლოგიური შემოწმების №… დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N609 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, გასცდენოდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ საფუძლით, რომ სახეზე იყო პირის ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდება, შესაბამისად, პროცედურული თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მართებულია, თუმცა საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს, წარმოადგენდა თუ არა ბ. ა-ის ქმედებები მოცემულ შემთხვევაში ერთსა და იმავე დანაშაულს და რამდენად დაირღვა ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირის განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი.
4. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა და სათანადო სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბ. ა-ის სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა სახეზე იყო ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირის განმეორებით მსჯავრდება.
5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის №134აპ-14 განაჩენით ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილია პრაქტიკა, რომელსაც ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს მიერ ბ. ა-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ:
6. საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების გამო, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ან ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამდენად, სსკ–ის 273–ე მუხლის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელი, ან პირის ნასამართლობა სსკ–ის 273–ე მუხლით.
7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39–ე მუხლისა და ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
8. ამავე კოდექსის მე–10 მუხლის მეორე ნაწილით ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
9. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოხსენებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, პირი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ითვლება სახდელის მოხდის დღიდან ან სახდელის სახით ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში და ამ კოდექსით სხვა საგამონაკლისო სამართლებრივი საფუძველი არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის ამ სამართლებრივი რეჟიმის გაუქმების, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ან ნასამართლობის მოხსნის გამო.
10. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება (თუნდაც რამდენჯერმე) 1 წლის განმავლობაში, თუ არც ერთ ფაქტზე არ არის მიღებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი, გვაძლევს მოცემულ თითოეულ შემთხვევაში სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, ე.ი. სახეზე გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ. ა-ის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულ პირად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ არის შეწყვეტილი და ის გრძელდება 2013 წლის 26 დეკემბრამდე. შესაბამისად, ბ. ა-ის მიერ 2013 წლის 8 სექტემბერს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი გვაძლევს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რადგან სახდელის დადებიდან - 2012 წლის 26 დეკემბრიდან არ არის გასული 1 წელი და შესაბამისად, გრძელდება მისი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი.
12. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ მსჯავრდება და, შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით/საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის სტანდარტი, საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე საბოლოოდ იქნა გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად.
15. აღნიშნული პრინციპი ასევე განმტკიცებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა.
16. ამდენად, სისხლის სამართლის პრინციპის - ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა (ne bis in idem) წარმოადგენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტს, რომლის მიზანია ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირის გასამართლების ან დასჯის თავიდან აცილება. საქმეზე ოსტერლუნდი ფინეთის წინააღმდეგ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Österlund v. Finland, §35-52) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოყოფს კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა შეფასდეს, ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდების საკითხის გადაწყვეტისას, კერძოდ: 1. იყო თუ არა სანქცია/პროცედურები სისხლისსამართლებრივი ხასიათის; 2. იყო თუ არა ერთი და იგივე ის ქმედებები, რომლისთვისაც დაიწყეს მომჩივნის სისხლისსამართლებრივი დევნა; 3. არსებობდა თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება; 4. არსებობდა თუ არა სამართალწარმოების გამეორება (bis). მეორე კრიტერიუმთან (იყო თუ არა ერთი და იგივე ის ქმედებები, რომლისთვისაც დაიწყეს მომჩივნის სისხლისსამართლებრივი დევნა) მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი კრძალავს სისხლისსამართლებრივ დევნას ან გასამართლებას ისეთი „მეორე დანაშაულისთვის“, რომელიც გამომდინარეობდა იდენტური ან არსებითად მსგავსი ფაქტებიდან.
17. მოცემულ შემთხვევაში სადავოა და უნდა შეფასდეს, იყო თუ არა ბ. ა-ის ქმედებები ორივე მსჯავრდებასთან მიმართებით ერთი და იგივე, ე.ი. მსჯავრდება გამომდინარეობდა თუ არა იდენტური ან არსებითად მსგავსი ფაქტებიდან.
18. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ბ. ა-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით. აღნიშნულის შემდეგ მან ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით უკანონოდ ორჯერ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა 2013 წლის 8 სექტემბერსა და 2013 წლის 3 ნოემბერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად. მართალია, ამ ორი ქმედებისათვის (2013 წლის 8 სექტემბრისა და 3 ნოემბრის ეპიზოდები) ბ. ა-ის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე 2012 წლის 26 დეკემბრის ერთი დადგენილება, მაგრამ მისი ქმედება გამოიხატა ორ დამოუკიდებელ მოქმედებაში - ორჯერ, დროის გარკვეული ინტერვალით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში, რაც არ წარმოადგენს ერთსა და იმავე დანაშაულს ან ქმედებას. აღნიშნული ქმედებები (ორჯერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება) ქმნის დანაშაულის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს, ხოლო ადმინისტრაციულ სახდელდადებულობა წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის დამოუკიდებელ ნიშანს, რომელიც ვერ შეფასდება ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირის ორჯერ მსჯავრდებად. ბ. ა-ის მსჯავრდება სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდ) არ გამომდინარეობს იდენტური ან არსებითად მსგავსი ფაქტებიდან, ვინაიდან მათ საფუძვლად უდევს ორი, ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული (მათ შორის დროში), დამოუკიდებელი ქმედება - სხვადასხვა დროს ნარკოტიკული საშუალების ორჯერ მოხმარება. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სახეზეა ბ. ა-ის ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
19. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ა-ის მიმართ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
20. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საკასაციო პალატა ითვალისწინებს ბ. ა-ის პიროვნებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) და მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი. ბ. ა-ს დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 2000 ლარი, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხდილი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინებით (2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით), უნდა შეუმსუბუქდეს და მას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით. მასვე 3 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი.
3. ბ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა -1000 ლარი.
4. ბ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი