დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700098577
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №46აგ-19 ქ. თბილისი
ო.გ. 46აგ-19 12 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ნინო ბაქაქური
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა განაჩენით:
გ. ო. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
გ. ო. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N05/14/კ-050 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N05/14/კ-050 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ო-სა და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის დავით ნეფარიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი გ. ო-ს მიმართ.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მარტის განაჩენით გ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ, გ. ო-ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი. გ. ო-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, ასევე მის მიმართ გამოყენებული იქნა კანონის უკუძალა სასჯელის სრული შეკრებითობის პრინციპის გაუქმებიდან გამომდინარე და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 იანვრის განკარგულებით შეწყალების შესახებ გ. ო-ს მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. ო. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 10 თვითა და 14 დღით ადრე.
4. მიუხედავად აღნიშნულისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა გ. ო-მ, პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ: 2014 წლის 2 სექტემბერს, საღამოს საათებში, გ. ო. და ვ. ბ. ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „Mescedes-Benz“-ის მარკის, GL მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით …, თ-ში, ი. ა-ს ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. ხსენებული ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ო-მ შენიშნა ნაცნობი ლ. მ., ვ. ბ-ს ავტომანქანა გააჩერებინა და ლ. მ-ს გამოელაპარაკა. საუბრის დაწყებისთანავე, გ. ო. გადმოვიდა ავტომანქანიდან და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები განახორციელა ლ. მ-ს მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, გ. ო. კვლავ ჩაჯდა ვ. ბ-ს კუთვნილ ავტომობილში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლ. მ. მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
5. 2019 წლის 12 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ო-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა განაჩენის (საქმე N1/7063-14წ), თბილისის სააპელაციო სასამართლოს (საქმე N1ბ/124-16წ) განაჩენის გადასინჯვა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. მსჯავრდებული გ. ო. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მოსაზრებით, 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არსებობს მისთვის ბრალის წაყენების საფუძველი; მის მიმართ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება უკანონოა; განაჩენის დადგენისას სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის (შესაბამისად - სააპელაციო სასამართლომ) მოთხოვნები და არ გააუქმა ვერდიქტი როგორც უსაფუძვლო, რომელიც არ იყო მტკიცებულებებით გამყარებული; არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა; საქმე განიხილა ნაფიც მსჯულთა სასამართლოს არალეგიტიმურმა შემადგენლობამ; არის პოლიტპატიმარი; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება აგებულია მოწმეთა მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებებზე; საქმეზე არსებობს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რაც მის უდანაშაულობას ადასტურებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითებას შუამდგომლობის დაშვების შესახებ. კასატორი იმავდროულად მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება მკაფიოდ არის განსაზღვრული კასატორის მიერ მითითებულ სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის თანახმად, შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების განხილვისას საკასაციო სასამართლოს არ აქვს შუამდგომლობის არსებითად განხილვის და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის უფლებამოსილება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ ან ძალაში უნდა დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან უნდა გააუქმოს განჩინება და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა. საკასაციო სასამართლოს ასევე არ აქვს უფლება დააკმაყოფილოს გ. ო-ს მოთხოვნა და სააპელაციო სასამართლოს მიუთითოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. შესაბამისად ამ ნაწილში გ. ო-ს მოთხოვნა არასწორია.
4. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა. შესაბამისად, გ. ო-ს საკასაციო საჩივრის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსსკ-ის აღნიშნული მუხლით განსაზღვრული გარემოების( -ების) არსებობა. სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
6. გ. ო-ს განმარტებით მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა)“, „ბ)“ და „ზ)“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას და შესაბამისად არსებობს მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ბრალდების მხარის მამხილებელი ყველა მოწმის (ვ. ბ., ნ. ა., ნ. ა., კ., ნ.) მიერ ცრუ ჩვენების მიცემა და შესაბამისად, მისთვის წაყენებული ბრალდების სიყალბე. მათ შორის საჩივარზე დართული, CD დისკზე არსებული ჩანაწერები აბათილებს მოწმე ნ. ა-ს და ნ. ა-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ცრუ ჩვენებებს. კასატორის განცხადებით, საპელაციო ინსტანციის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით გადასინჯვისას არ შეაფასა ნ. ა-ს მიერ მიცემული ჩვენების სიყალბე და არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, მაშინ როდესაც, სააპელაციო სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო აღნიშნულ მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისთვის მტკიცებულების სიყალბე (მოცემულ შემთხვევაში - მოწმის ჩვენების) დადგენილი უნდა იყოს მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (რომელიც ადგენს შესაბამისი მტკიცებულების სიყალბეს) და იმავდროულად ასეთი განაჩენის არსებობის შემთხვევაშიც კი, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ყალბად მიჩნეული მტკიცებულება საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამდენად, სსსკ 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ მტკიცებულების სიყალბის დადგენის წესს, რომელსაც ემყარება გადასასინჯი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში გ. ო-ს მიერ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა მის მიერ მითითებული რომელიმე მოწმის ჩვენების სიყალბე, ხოლო ევროკავშირის ელჩის წერილი, ჟურნალისტური გამოძიების მასალები და საქმეზე დართული ყველა სხვა ინფორმაცია ვერ გახდება განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველი.
8. სსსკ-ის 310 მუხლის ,,ზ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ისეთი ახალი ფაქტის ან მტკიცებულების არსებობა, „რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.“ ამდენად, სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ)“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე, რაც მოცემულ შემთხვევაში ასევე არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. განაჩენის გადასინჯვისთვის, გ. ო-ს მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები არ უნდა ყოფილიყო მისთვის ცნობილი გადასასინჯი განაჩენის დადგენის დროს. შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველს არ წარმოადგენს დანართში მითითებული დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის განხილვისას ცნობილი იყო კასატორისთვის ( მაგ., 07/11/2014 წლის ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური N115/ფ ექსპერტიზა, პროკურატურის მიერ სასამართლოზე წარდგენილი კრებსების აუდიო ჩანაწერები, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 ივლისის N..დადგენილება, სასამართლო პროცესზე ვ. ბ-ს მიერ ექსპერტიმენტის განხორცილების ამსახველი ფოტო, ლ. მ-ს გ. ო-სთან სახლში ყოფნის ამსახველი ფოტო და ა.შ) და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
9. საკასაციო საჩივრის დანართში მითითებული ინფორმაციის ნაწილი არარელევანტურია (მაგ. N 23-25), ხოლო ინფორმაციის და დოკუმენტაციის ნაწილი მართალია ეხება გ. ო-ს მიმართ სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა სსსკ-ის 310-ე მუხლის მიზნებისთვის არ წარმოადგენს თავისთავად (მაგალითად, სასამართლოს შესაბამისი აქტების გარეშე) ისეთ გარემოებას, რაც ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად ( მაგ. N 7; 9 და ა.შ.).
10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული სსსკ-ის 310-ე მუხლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივარში მითითებულ იმ საკითხებზე მსჯელობის და მათი შეფასების შესაძლებლობას, რომლებიც სსსკ-ის თანახმად ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს და სათანადო საფუძვლის არსებობისას სსსკ-ის 266-ე მუხლით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ფარგლებში (მათ შორის მაგალითად, ქუჩის შუქნიშნების კამერების ჩანაწერების მოპოვება, მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებების შეფასება, სასამართლოს მიერ სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 266-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვა და ა.შ.). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებების საკმარისობის საკითხი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან აღნიშნული საკითხი ფასდება განაჩენის დადგენისას განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით ან/და განაჩენის სსსკ-ის 266-ე მუხლით გასაჩივრების ფარგლებში (როგორც წარმოდგენილი მასალებით დგინდება აღნიშნული საკითხიც შეფასებულია სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენში). ამავე ფარგლებში უნდა მომხდარიყო კასატორის იმ არგუმენტის განხილვაც, რომლის თანახმად სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლების პირობებში არ არსებობდა მისი დამნაშავედ ცნობის და გამამტყუნებელი ვერდიქტის დადგენის საფუძველი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის დანაშაულში. ანალოგიურად - ვ. ბ-ს მიერ მიცემული ჩვენებების ურთიერთთავსებადობის და წინააღმდეგობრიობის საკითხი განხილული უნდა ყოფილიყო არსებითი განხილვის და სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო წესით განაჩენის განხილვისას. სსსკ-ის იმპერატიული ხასიათიდან და საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობის და შეფასების შესაძლებლობა, რომელი საკითხებიც კასატორისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას.
11. მოცემული საკასაციო საჩივრის მიზნებისთვის ახლად გამოვლენილ გარემოებას არ წარმოადგენს ასევე კასატორის მიერ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი (ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინება), ვინაიდან აღნიშნული აქტები არ ადასტურებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენთან მიმართებით (სასამართლოების აღნიშნული განაჩენები და განჩინება ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან კასატორის მიმართ სსკ-ის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული მოპყრობის შესახებ გ. ო-ს მიერ ცრუ დასმენის და მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე და 373-ე მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლებას. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ მიუთითა რომ გ. ოქროპიძის სხეულზე აღნიშნული დაზიანებების თვითდაზიანების გზით მიყენება და სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდება დაზიანებების წარმომავლობის შესახებ, ისევე როგორც ცრუ ჩვენების მიცემა გ. ო-ს მიერ, ვერ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საქმეში არსებული მტკიცებულებებით).
12. კასატორი სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის საფუძვლად ასევე უთითებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის N გ-… გადაწყვეტილებას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ სსსკ-ის 310-ე მუხლის „ ზ)“ ქვეპუნქტის თანახმად ახალი ფაქტი ან გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს პირის პასუხისმგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით საქართველოს შსს ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გ. ო-ს პირდაპირ იდენტიფიცირებადი ფორმით ამსახველი ვიდეოკადრების ხელმისაწვდომად გახდომის გზით გამჟღავნებისთვის. გადაწყვეტილებაში მითითებული დარღვევა არ ახდენს გავლენას კასატორის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა-არჩადენის და შესაბამისად, კასატორის პასუხისმგებლობის საკითხზე. ამდენად, აღნიშნული დასკვნაც არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, რის გამოც სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილშიც კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
13. კასატორის მტკიცებით მის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს დადგენილი აქვს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტი, თუმცა გადაწყვეტილების ასლი წარმოდგენილი არ არის. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებას ევროპული სასამართლოს აქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ ის აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ შემდეგ ოთხ კრიტერიუმს კუმულაციურად: ა) ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში უნდა იყოს შესული; ბ) გადასინჯვის საფუძველია მხოლოდ გადაწყვეტილება ან განჩინება; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით/ განჩინებით დადგენილი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და მისი ოქმების დარღვევა კასატორის განსახილველ საქმესთან დაკავშირებით; დ) გადასასინჯი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ამ დარღვევას. ამდენად, განაცხადის კომუნიცირების შესახებ სასამართლოს აქტი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ხოლო სხვა საქმესთან დაკავშირებთ სასამართლოს მიერ კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება დავის მეგობრული მოგვარების დამტკიცების შესახებ, არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს არც ამ საფუძვლით შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
14. რაც შეეხება სასამართლოს თათბირის საიდუმლოებასთან და უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით დანართში მითითებულ დოკუმენტებს და კასატორის არგუმენტაციას, სასამართლო აღნიშნავს რომ თათბირის საიდუმლოება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება დადგენილია საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით. თუმცა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი აღნიშნული გარემოება გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დააკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. კასატორი ასევე აღნიშნავს ნაფიცი მსაჯულების მხრიდან დანარჩენ ნაფიც მსაჯულებზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლაზე და აღნიშნულის დასადასტურებლად უთითებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ)“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ შემთხვევაშიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა იყოს დადგენილი ნაფიცი მსაჯულების მიმართ დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი განაჩენი არ არის წარმოდგენილი.
16. კასატორი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უკანონო შემადგენლობაზე მსჯელობისას მიუთითებს რომ ნაფიცი მსაჯულის სახით საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ ნ. ხ., რომელიც სასამართლო განხილვის დროს წარმოადგენდა აშშ -ის საელჩოს დაცვის თანამშრომელს და ნ. მ., ვინც იყო იურისტი. კასატორის მტკიცებით არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი შეფასებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს N47აგ-19 განჩინებაში ( განჩინების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მხარეებს არ დაუყენებიათ აღნიშნული კანდიდატებისთვის აცილება მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანდიდატების საქმიანობის შესახებ - რომ ნ. ხ. იყო აშშ-ის დაცვის თანამშრომელი, ხოლო ნ. მ.- მუშაობდა კერძო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად და იყო საჯარო მმართველობის სტუდენტი - კანდიდატების მიერ მითითებული იყო კანდიდატების მიერ შევსებულ კითხვარებში და ცნობილი იყო მხარეებისთვის). ამავე განჩინებით არის შეფასებული გ. ო-ს მითითება ევროკავშირის ელჩის წერილზე, ასევე სოფ. ყ-ს საქართველოს ტერიტორიისათვის კუთვნილების საკითხი, საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი აუდიო-/ვიდეო ჩანაწერები.
17. ამდენად, კასატორი აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გ. ო-ს ადვოკატის იგივე საფუძვლით და იგივე გარემოებებზე დამყარებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში ( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N47აგ-19). კასატორი არ უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N47აგ-19 განჩინებაში განხილულისგან განსხვავებულ გარემოებაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმეორებით აღარ შეაფასებს წინამდებარე საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებს, რომლებიც შეფასებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს N47აგ-19 განჩინების ფარგლებში.
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი განხილვის უფლების მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს მთელი სამართალწარმოების და საქმის ყველა გარემოების განხილვის საფუძველზე, იძლევა თუ არა სამართალწარმოება შესაძლებლობას ბრალდებულმა გააცნობიეროს თუ რატომ იქნა იგი ცნობილი დამნაშავედ.…. ამგვარი პროცედურული გარანტიები შეიძლება მოიცავდეს მაგალითად, სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიც მსაჯულთათვის წარმოდგენილ მითითებებს ან სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც შეიძლება წამოიჭრას სამართლებრივ საკითხებთან ან წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით ასევე ნაფიცი მსაჯულებისათვის მოსამართლის მიერ დასმულ ზუსტ, არაორაზროვან კითხვებს, რომელიც აყალიბებს სტრუქტურას რომელზეც დაფუძნებულია ვერდიქტი და საკმარისად ახდენს იმ ფაქტის კომპენსაციას, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ გაცემულ პასუხებს არ აქვთ დასაბუთება“ (Lhermitte v. Belgium, no. 34238/09, §§80,68 ECtHR, 29/11/2016).
19. საკასაციო სასამართლო მოკლებულია წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობას, რომელიც არ წარმოადგენს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას და მოკლებულია იმ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომელიც სცდება სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილს.
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია ( გამონაკლისია სსსკ 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები). შესაბამისად, სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში გ. ო-ს შეუძლია კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება გ. ო-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
ნ. ბაქაქური