საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-589აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№589აპ-21 24 დეკემბერი, 2021 წელი

დ-ე ვ., 589აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – ალექსანდრე ძირკვაძის

ადვოკატ – პ. შ-ის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე (დისტანციურად) განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენით ვ. დ., –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განაჩენით თაღლითობისათვის ნასამართლევი ვ. დ. 2018 წლის 26 ივლისს ქ. ბ-ი, ს---ის მოპირდაპირედ არსებულ ზღვის სანაპიროზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. გ.ას კუთვნილ ხელჩანთასა და მასში მოთავსებულ ნივთებს, რითიც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. აღნიშნული ქმედებისათვის ვ. დ.ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 26 ივლისიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა ვ. დ-ისათვის სასჯელის დამძიმება, ხოლო დაცვის მხარემ – გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, ვ. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი გაუქმდა; ვ. დ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

6. კასატორი – პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განაჩენის გაუქმებას, ვ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და უმკაცრესი სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

7. გამართლებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – ი. პ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დანაშაულის პრევენციის მიზნით მეწყვილე გ. ი-თან ერთად იმყოფებოდა ბ-ი, ზღვის სანაპიროზე, დ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი იდგნენ ქოლგის ქვეშ და ირგვლივ არსებულ სიტუაციას თვალს ადევნებდნენ. დაახლოებით 12:30 საათზე (ზუსტი დრო არ ახსოვს) მათი ყურადღება მიიქცია პირმა, რომელმაც პლაჟიდან შეუმჩნევლად აიღო ჩანთა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა გასასვლელისაკენ. მისი მოქმედება სამართალდამცავებს მოეჩვენათ საეჭვოდ, გაჰყვნენ უკან და შეაჩერეს დ----ის მოპირდაპირე მხარეს, ნაძვნარში. ჰკითხეს ვინაობა, რაზეც პირმა განუცხადა, რომ იყო ვ. დ.; კითხვაზე, თუ ვისი იყო ჩანთა, მამაკაცმა უპასუხა, რომ ზღვის სანაპიროზე, პლაჟიდან მოიპარა. ამის შემდეგ დარეკა სამორიგეოში და გამომძიებლის მოსვლამდე დარჩა ვ. დ.სთან, ხოლო გ. ი-ი დაბრუნდა პლაჟზე, იმ ადგილას, სადაც მამაკაცმა ჩანთა აიღო. ცოტა ხნის შემდეგ მობრუნებულმა გ. ი-მა უთხრა, რომ ჩანთა ეკუთვნოდა ნ. გ.ას, რომელმაც წამოსვლაზე უარი განაცხადა, რადგან ბავშვები უნდა წაეყვანა დ-ში და მოგვიანებით გამოცხადდებოდა. დაახლოებით 15 წუთში მოვიდა გამომძიებელი კრიმინალისტებთან ერთად. ვ. დ.ს ჩაუტარდა ჩხრეკა და ის დააკავეს, ხოლო ჩანთა და მასში არსებული ნივთები ამოიღეს და დალუქეს ადგილზე; ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

3. მოწმე გ. ი-მა სასამართლოს უჩვენა, რომ 2018 წლის 26 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მეწყვილე ი. პ-ესთან ერთად იმყოფებოდა ბ--ი, რ----ის ქუჩაზე, დ-------ის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე და თვალს ადევნებდა ირგვლივ არსებულ სიტუაციას. დაახლოებით 12:30 საათზე მათი ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც პლაჟიდან შეუმჩნევლად აიღო ჩანთა. ვინაიდან მისი მოქმედება მიიჩნიეს საეჭვოდ, გადაწყვიტეს, შეუმჩნევლად გაჰყოლოდნენ უკან. მამაკაცმა მოძრაობა გააგრძელა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე. სანამ რ---–ის ქუჩაზე გავიდოდა, მათ შეაჩერეს და ჰკითხეს ვინაობა, რაზეც განუცხადა, რომ იყო ვ. დ.. კითხვაზე, თუ ვისი იყო ჩანთა, დაიბნა და გაჩუმდა, შემდეგ კი უპასუხა, რომ ზღვის სანაპიროზე მოიპარა. ი. პ-ემ დარეკა პოლიციის განყოფილებაში, თვითონ კი წავიდა პლაჟის მიმართულებით, იმ ადგილზე, საიდანაც მამაკაცმა ჩანთა აიღო. დაინახა რუსი ეროვნების ქალბატონი, რომელიც უკვე რეკავდა პოლიციაში. ქალბატონს გაესაუბრა რუსულად, აუხსნა, რომ, მისი ჩანთის მომპარავი პირი პოლიციას უკვე შეჩერებული ჰყავდა და დასაკითხად უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში. ქალბატონმა უპასუხა, რომ დ-----ში იყო წასასვლელი და პოლიციაში შემდეგ გამოცხადდებოდა.

4. დაზარალებულმა ნ. გ.ამ სასამართლოს განუცხადა, რომ 2018 წლის 20 ივლისს ოჯახთან და მეგობართან ერთად ჩამოვიდა ბ--–ი. 26 ივლისს მეგობარ ქალთან – ე. ბ-ასა და ბავშვებთან ერთად წავიდა პლაჟზე. ზღვაზე გასვლამდე იყიდეს დ----ის ბილეთები, შედეგ კი წავიდნენ საბანაოდ. იყო ძალიან ბევრი ხალხი. ნივთები დატოვეს სანაპიროზე და შევიდნენ ზღვაში. რამდენიმე წუთის შემდეგ რომ ამოვიდნენ, ჩანთა აღარ იყო ადგილზე. მაშინვე დარეკა პოლიციაში. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა პოლიციელი და უთხრა, რომ ვინც ჩანთა მოიპარა, ის პირი უკვე დაკავებული იყო და ჩვენების მისაცემად განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო. პოლიციელს უთხრა, რომ დ----ის ბილეთები ჰქონდა ნაყიდი და შოუს შემდეგ მივიდოდა პოლიციაში. ასეც მოიქცა. განყოფილებაში ამოიცნო თავისი ჩანთა.

5. დაზარალებულის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ე.ბ-ამ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ სხვა ნივთები, რომლებიც ჩანთასთან ერთად იდო პლაჟზე, არ დაკარგულა.

6. 2018 წლის 26 ივლისს ბ---–ი, დ----ის მოპირდაპირედ, ზღვისპირა პარკში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ვ. დ-ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ. დ-ისაგან ამოიღეს მის ხელთ არსებული ქალის ზღვის ხელჩანთა, მოყვითალო ფერის, წარწერით – „BEACH ADDICT“, რომელშიც მოთავსებული იყო: ქალის სხვადასხვა სახის ნივთები, კერძოდ, ზაფხულის მოკლესახელოიანი ორი მაისური, ერთი ბოთლი ლუდი „ნატახტარი“, ქალის სამი სათვალე თავისი ჩასადები ყუთით, სველი ხელსაწმენდის ერთი შეკვრა, ერთი სავარცხელი, კარტი, ქალის შავი ფერის ერთი საცვალი, ორი ბოთლი წყალი, პატარა ზომის, ნაჭრის ოთხი თოჯინა, კრემის პლასტმასის ოთხი ყუთი რუსული და ლათინური წარწერებით – „SAN ENERGY, SUN BIORC, SPORT BIOTHERM“, ასევე – მეტალის აეროზოლის ერთი ქილა, წარწერით – „ЗАЩИТА ОТ СОЛНЦА“.

7. ნივთის ამოცნობის 2018 წლის 26 ივლისის ოქმიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილი, ზღვის სამი, ერთმანეთის მსგავსი ჩანთიდან ნ. გ.ამ ამოიცნო რიგით 1-ლი ჩანთა და განმარტა, რომ ეს არის სწორედ ის ჩანთა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ იყიდა ესპანეთში; შიგნით ედო მზის დამცავი კრემები, მაისურები, სათვალეები და სხვა ნივთები, რომლებიც მას მოჰპარა პლაჟზე უცნობმა პირმა. ნ. გ-ამ ჩანთა ამოიცნო ფორმით. იგი არის მოზრდილი, ყვითელი ფერის, ცვეთით, დაზიანების კვალით და წარწერით; ამოცნობაში დარწმუნებულია და ეს ჩანთა ნამდვილად მას ეკუთვნის.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2018 წლის 6 აგვისტოს გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ხელჩანთისა და მასში არსებული ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტობრივ-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 466,40 ლარს.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ. დ.მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის – ქურდობის შემადგენლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის. კერძოდ: ვ. დ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთებს, რომლებიც მოგვიანებით ამოიღეს სამართალდამცავებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დაზარალებულმა ამოსაცნობი ნივთები აღწერა ძალიან ზოგადად. დაზარალებულ ნ. გ.ას გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ მან დეტალურად აღწერა დაკარგული ხელჩანთა, კერძოდ, მიუთითა, რომ არის ე.წ. ჭილოფისმაგვარი ნაქსოვი, მოზრდილი, ყვითელი ფერის, ლათინური შრიფტის წარწერით „BEACH ADDICT“, ერთ მხარეზე ჰქონდა ნახვრეტისმაგვარი მცირე დაზიანება და ცვეთის შესაბამისი კვალი, ასევე დაასახელა ჩანთაში არსებული ნივთები. ჩანთისა და ნივთების აღწერილობა და ჩამონათვალი ზუსტად ემთხვევა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ჩანთასა და მასში არსებულ ნივთებს, რომლებიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა №- ლუქით. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 26 ივლისის ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნული პოლიეთილენის პაკეტი, ამოცნობის ჩატარებამდე, გამომძიებელმა გახსნა და დაათვალიერა სათანადო წესით. აღსანიშნავია, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამის შემდეგ დაზარალებულს წარედგინა სამი ერთგვაროვანი ჩანთა, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებოდა (საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნა), საიდანაც მან ამოიცნო კუთვნილი ნივთი. ამოცნობისას ამომცნობმა განმარტა, თუ რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. ამასთან, ჩანთაში მოთავსებული ნივთების აღწერილობა დაემთხვა ამოცნობილ ჩანთაში არსებული ნივთების აღწერილობას. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მითითებული ნივთის აღწერილობა არ შეიცავს ამოსაცნობად წარდგენილი ნივთის განმასხვავებელი ნიშნების შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინაიდან ასეთ დათქმასა და მოთხოვნას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

11. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვ. დ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების აღწერის შემდეგ ისინი დაილუქა სათანადო წესით. ლუქის მთლიანობა ამოღებული ნივთმტკიცების გახსნის დროს დარღვეული არ ყოფილა. ამდენად, ეჭვი იმის შესახებ, ჩხრეკისას ამოღებული ნივთები არის თუ არა დათვალიერების ოქმში ჩამოთვლილი ნივთები, უსაფუძვლოა, ხოლო ჩხრეკის ოქმსა და დათვალიერების ოქმში არსებული შეუსაბამობები არაარსებითი ხასიათისაა, რაც ვერ გახდება ვ. დ-ის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს დანაშაულის ჩადენის დროსაც. როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, 112-ში ნ. გ.ას ზარი შესულია 2018 წლის 26 ივლისს, 12:38:49 საათზე (ტ. 1-ლი, ს.ფ. 2), ხოლო უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – ი. პ-ის მიერ ელსმენით შეტყობინების ზუსტი დრო დაფიქსირებული არ არის, მითითებულია მხოლოდ რეზოლუციის დრო – 26.07.2018, 13:19 საათი. ამასთან, როგორც დაზარალებულ ნ. გ-ასა და მოწმე ე. ბ-ას ჩვენებებით არის დადგენილი, როგორც კი აღმოაჩინა, რომ პლაჟზე ჩანთა აღარ იყო, დაზარალებულმა მაშინვე დარეკა პოლიციაში და მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში, მივიდა მათთან პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც აუწყა იმ პირის დაკავების შესახებ, რომელმაც ჩანთა მოიპარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის ზუსტი დროის დადგენა ამ მოცემულობით შეუძლებელია, თუმცა ეს გარემოება ნამდვილად არ მიანიშნებს დანაშაულის არარსებობაზე და ვერც კვალიფიკაციაზე მოახდენს გავლენას, რადგან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის არსებობისათვის არ არის აუცილებელი დანაშაულის ჩადენის დროის დადგენა.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების გარდა, წარმოდგენილია პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ვ. დ-ის მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას და საკმარისია საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ კი მოწმე პოლიციელების – ი. პ-ისა და გ. ი-ის დამაჯერებელი, თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი ჩვენებები, რომლებიც შეესწრნენ ქურდობის ფაქტს და უწყვეტი რეჟიმით ადევნებდნენ თვალს ვ. დ-ის ქმედებებს ზღვის სანაპიროდან მის შეჩერებამდე. აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. პოლიციის თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს და ახასიათებთ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით, თავისი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებით არის განპირობებული. ამასთან, პროფესიულ საქმიანობას ისინი ასრულებენ გარკვეულ გარემოებებზე, მოქმედებებზე, ობიექტებზე, ადამიანებზე გაცნობიერებულად მიზანმიმართული ყურადღების მეშვეობით და ასეთი თვითმხილველის აღქმის მაღალი ხარისხი, ჩვენების სისრულე დაკავშირებულია აღსაქმელი სიტუაციის ან მოვლენის ზოგად ცოდნასა და ადეკვატურ შეფასებასთან. პოლიციელის ჩვენება ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყაროც არის შეუცვლელი. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას და მის აღსაკვეთად განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის მაღალი ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. საკასაციო პალატის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ვ. დ-ის უკანონო ქმედებას, საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.

14. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა, ხოლო იმავე შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განაჩენით ვ. დ. ნასამართლევია თაღლითობისათვის. სასაქონლო ექსპერტიზის 2018 წლის 6 აგვისტოს №- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ხელჩანთისა და მასში არსებული ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტობრივ-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 466,40 ლარს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ვ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

17. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

18. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

19. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ვ. დ-ის პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (არ გააჩნია) და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. დ.ს სასჯელის ზომად უნდა შეეფარდოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

20. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

21. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განაჩენი;

3. ვ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ვ. დ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 (ხუთასი) ლარი და ვ. დ.ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. მსჯავრდებულ ვ. დ.ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 26 ივლისიდან 2021 წლის 27 აპრილის ჩათვლით;

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივლისის განჩინებით ვ. დ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

8. ნივთმტკიცებები – პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, დაზარალებულის კუთვნილი ჩანთა და მასში არსებული ნივთები – დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; კომპაქტდისკები (2 ცალი), რომლებზეც ჩაწერილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი