საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-428აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114507569

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №428აპ-19 ქ. თბილისი

ჭ. ზ. 428აპ-19 27 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ინსპექციის უფროსი პროკურორის - ზაზა ქარქუსაშვილისა და მსჯავრდებულების - ზ. ჭ–ს, ლ. ჭ–სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. შ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1.ზ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.2. ლ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.3. რ. ქ–ს, -დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.4. რ. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.5. მ. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.6. გ. ვ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.7. ა. წ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა;

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისთვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას.

ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები. მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანხმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის, 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის-20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის - 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისთვის - 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ჭ–ს სიგრძე - 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა–ს - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს.

2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „.........“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა–ს რეგიონში, კერძოდ: მდინარეების ჭ–სა და ა–ს ხეობებში, ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა - 20 ლარს.

2.2. ქ. ბ–ი მცხოვრებ ი. ჩ–ს საარქივო მონაცემებით ხ–ს რაიონის სოფელ მ–ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რის შესახებაც იცოდა ვ. (შ.) ლ–მ, რომელმაც თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ი. ჩ–ს საარქივო ცნობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და ი. ჩ–ს დახმარებით მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება და ფართის შპს „........-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.

ამ მიზნით, 2012 წლის ბოლოს ვ. ლ–ე დაუკავშირდა ი. ჩ–ს და შესთავაზა, რომ ზემოხსენებული საარქივო ცნობის საფუძველზე ი. ჩ–ს სახელზე დაარეგისტრირებდა მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებულ სხვა ფართს, შემდეგ მოახდენდა მის რეალიზაციას და აღებული თანხის 10 %-ს დახმარების სანაცვლოდ მას მისცემდა. აღნიშნულზე ი. ჩ–მ თანხმობა განაცხადა. ვ. ლ–მ ი. ჩ–ს დახმარებით მიმართა შპს „.......-ის“ დირექტორს - რ. ქ–ს და ამზომველ რ. ლ–ს, სთხოვა ი. ჩ–ს სახელზე აეზომათ მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1010 კვ/მ ფართი.

რ. ქ–მ და რ. ლ–მ განიზრახეს, გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, დაემზადებინათ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს. მათ 2013 წლის 30 იანვარს ი. ჩ–ს სახელზე დაამზადეს ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1010 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითეს.

ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ვ. ლ–მ მიმართა ხ–ს რაიონის სოფელ მ–ს რწმუნებულ ჯ. ლ–ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის ი. ჩ–ს პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. ჯ. ლ–მ 2013 წლის 30 იანვარს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ი. ჩ–ს პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1010 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.

2013 წლის 1 თებერვალს ვ. ლ–მ ი. ჩ–ს დახმარებით მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ–ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის ასისტენტის - ე. ქ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 7 თებერვალს ი. ჩ–ს სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე მდებარე 1011 კვ/მ ფართი, სარეგისტრაციო ნომრით .... ამ გზით ვ. ლ–მ, ი. ჩ–ს დახმარებით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე. შეცდომაში შეიყვანა შპს „...........“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „........-ის“ კუთვნილ 20220 ლარს, საიდანაც 2000 ლარი, გაწეული დახმარების სანაცვლოდ, ი. ჩ–ს გადასცა. აღნიშნული ქმედებით ვ. ლ–მ ი. ჩ–ს დახმარებით სახელმწიფოსა და შპს „.............“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით 1011 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.3. ხ-ს რაიონის სოფელ მ–ში მცხოვრებ ე. დ–ს აწ გარდაცვლილ დედას - ს. დ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ე. დ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართები და მათზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართების შპს „.............-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.

ე. დ–მ დახმარებისთვის მიმართა შპს „.........-ის“ დირექტორ რ. ქ–ს და ამზომველ რ. ლ–ს, რომლებსაც სთხოვა, დედამისის - ს. დ–ს სახელზე აეზომათ სოფელ მ–ში, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, არსებული 525 კვ/მ ფართი. რ. ქ–მ და რ. ლ–მ განიზრახეს, გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, დაემზადებინათ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 2013 წლის 31 იანვარს ს. დ–ს სახელზე დაამზადეს ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 525 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითეს.

ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ე. დ–მ მიმართა ხ–ს რაიონის სოფელ მ–ს რწმუნებულ ჯ. ლ–ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის დედამისის - ს. დ–ს პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. 2013 წლის 4 თებერვალს ჯ. ლ–მ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ს. დ–ს პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 525 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.

2013 წლის 5 თებერვალს ე. დ–მ მის მიერ მოპოვებული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, დედამისის - ს. დ–ს მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ–ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის - რ. ზ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 11 თებერვალს ს. დ–ს სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ–ში, რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარის რ–ე არსებული 525 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით: ........ ამ გზით ე. დ–მ, ფართის დედამისის ს. დ–ს სახელზე დარეგისტრირების გზით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, შეცდომაში შეიყვანა შპს „........“ და მითითებული ფართისა და მასთან ერთად ასევე სხვა ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „........-ის“ კუთვნილ თანხას, ჯამურად 24820 ლარს. აღნიშნული ქმედებით ე. დ–მ სახელმწიფოსა და შპს „.........- ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, 525 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაციები და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.4. ხ–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრებ ჯ. ლ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯ. ლ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, ფართის შპს „...........-ზე“ რეალიზაციის შედეგად კი თაღლითურად დაეუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ჯ. ლ–მ დახმარებისათვის მიმართა შპს „.....“ დირექტორს - მ. თ–ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართი.

მ. თ–ემ განიზრახა, გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ჯ. ლ–ს თანხმობა განუცხადა. 2013 წლის 28 იანვარს ჯ. ლ–ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.

2013 წლის 31 იანვარს ჯ. ლ–მ მის მიერ მოპოვებული ყალბი დოკუმენტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის - დ. გ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 5 თებერვალს ჯ. ლ–სა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რ–ე არსებული 1440 კვ/მ ფართი, საკადასრო კოდით: ..... აღნიშნული შემდგომ ტექნიკური ხარვეზის სახით გამოასწორა დ. გ–მ და საბოლოოდ ჯ. ლ–სა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა 1600 კვ/მ ფართი. ამ გზით ჯ. ლ–მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „.......“ და ფართის კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „..........-ის“ კუთვნილ 32000 ლარს. აღნიშნული ქმედებით ჯ. ლ–მ სახელმწიფოს და შპს „........ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, 1600 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.5. ხ–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრებ ბ. შ–ს საარქივო მონაცემებით სოფელ ნ–ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ბ. შ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, ხოლო ფართის შპს „........-ზე“ რეალიზაციის შედეგად კი თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.

ამ მიზნით ბ. შ–მ დახმარებისთვის მიმართა შპს „..........ის“ დირექტორს - გ. ვ–ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ .........ში, მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართის ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. გ. ვ–მ 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბ. შ–ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.

ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ბ. შ–მ მიმართა ხ–ს რაიონის სოფელ გ–ს ორგანიზატორს(რწმუნებულს) რ. შ–ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. რ. შ–მ 2012 წლის 15 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ბ. შ–ს პირად სარგებლობაში 1100 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.

2012 წლის 15 ოქტომბერს ბ. შ–მ მის მიერ მოპოვებული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ–ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილემ - რ. ზ–მ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენით 2012 წლის 19 ოქტომბერს ბ. შ–ს სახელზე დაარეგისტრირა სოფელ ნ–ში, რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით: .... . ამ გზით ბ. შ–მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „..........“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „.........-ის“ კუთვნილ 22020 ლარს. აღნიშნული ქმედებით ბ. შ–მ სახელმწიფოსა და შპს „........ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით 1101 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.6. ხ–ს რაიონის სოფელ მ–ში მცხოვრებ შ. ჩ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 4000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. შ. ჩ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსნებული ფართის შპს „........-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით, შ. ჩ–მ, შვილის - ზ. ჩ–ს მეშვეობით დახმარებისთვის მიმართა ამზომველ ზ. ჭ–ს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა სოფელ მ–ში, მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართი.

ზ. ჭ–მ განიზრახა, გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნთ დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შ. ჩ–ს თანხმობა განუცხადა. 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში შ. ჩ–ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. ნახაზი თავდაპირველად შედგა 1600 კვ/მ ფართზე, ხოლო შემდგომში შემცირდა 1310 კვ/მ-მდე.

2013 წლის 15 იანვარს შ. ჩ–მ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, შპს „...........-ის“ (ზ. ჭ–ე) მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ–ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის - დ. გ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 22 იანვარს შ. ჩ–სა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ–ში, რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ:

ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რ–ზე არსებული 1311 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით: ............ ამ გზით შ. ჩ–მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „...........“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „.......-ის“ კუთვნილ 26220 ლარს. აღნიშნული ქმედებით შ. ჩ–მ სახელმწიფოსა და შპს „........ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით 1311 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.7. ხ–ს რაიონის სოფელ გ–ში მცხოვრებ მ. ც–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 2500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. იცოდნენ რა აღნიშნულის შესახებ, მ. ც–ს შვილიშვილის - ჯ. ც–ს მეუღლემ - თ. დ–მ და ძმამ - უ. დ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახეს ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინათ სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღოთ ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „.........-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდნენ ამავე კომპანიის ფულად თანხას.

აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის უ. და თ. დ–ებმა ამ უკანასკნელის მამამთილს - თ. ც–ს მიმართეს, რომელსაც სთხოვეს დახმარება დედის - მ. ც–ს სახელზე არსებული საარქივო მონაცემების საფუძველზე მათ მიერ მდინარის კალაპოტის ტერიტორიაზე შერჩეული ადგილის დარეგისტრირებაში, რაზეც თ. ც–მ თანხმობა განუცხადათ. აღნიშნულის შემდეგ, განზრახვის განხორციელების მიზნით, უ. დ–მ დახმარებისთვის მიმართა ამზომველ ლ. ჭ–ს და სთხოვა, მ. ც–ს სახელზე აეზომა სოფელ მ–ში, მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1500 კვ/მ ფართი.

ლ. ჭ–მ განიზრახა, გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და უ. დ–ს თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ, ლ. ჭ–მ 2013 წლის თებერვლის დასაწყისში, მ. ც–ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 1500 კვ/მ ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.

2013 წლის 6 თებერვალს უ. და თ. დ–ებმა მათ მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, თ. ც–ს მეუღლის - თ. ც–ს მეშვეობით წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ–ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის - დ. გ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 22 თებერვალს თ. ც–სა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ–ში, რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რ–ე მდებარე 1501 კვ/მ ფართი, სარეგისტრაციო ნომრით: .... . ამ გზით უ. და თ. დ–ებმა, თ. ც–ს დახმარებით, თაღლითურად მიიღეს ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც მათ შეცდომაში შეიყვანეს შპს „.........“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლნენ შპს „..........-ის“ კუთვნილ 30020 ლარს. აღნიშნული ქმედებით უ. და თ. დ–ებმა, თ. ც–ს დახმარებით, სახელმწიფოსა და შპს „........ს“ მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით 1501 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.8. ხ–ს რაიონის სოფელ ა–ში მცხოვრებ მ. ბ–ს საარქივო მონაცემებით ამავე რაიონის სოფელ კ–ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. მ. ბ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ა–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „........-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.

ამ მიზნით მ. ბ–მ დახმარებისთვის შპს „...........“ დირექტორის - ს. თ–ს მეშვეობით მიმართა ამზომველ ლ. ჭ–ს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა სოფელ ა–ში, მდინარე ა–ს კალაპოტში არსებული 5050 კვ/მ ფართი. ლ. ჭ–მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. მან 2013 წლის 28 იანვარს მ. ბ–ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 5050 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.

2012 წლის 28 იანვარს მ. ბ–მ მის მიერ მოპოვებული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის უფროსის - დ. გ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 29 იანვარს მ. ბ–სა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ა–ში, რეალურად მდინარე ა–ს კალაპოტში, კერძოდ: ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე მდებარე 5053 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით: ..... . ამ გზით მ. ბ–მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „.........“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „..........-ის“ კუთვნილ 101060 ლარს. აღნიშნული ქმედებით მ. ბ–მ სახელმწიფოსა და შპს ........ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილს გადაწყვეტილებით 5053 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.9. ხ–ს რაიონის სოფელ მ–ში მცხოვრებ ს. ჩ–ს დედას - ხ. ჩ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ს. ჩ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „........-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.

ამ მიზნით ს. ჩ–მ დახმარებისთვის, ი/მ ლ. თ–ს მეშვეობით, მიმართა ამზომველ ლ. ჭ–ს და სთხოვა დედის - ხ. ჩ–ს სახელზე აეზომა მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 2075 კვ/მ ფართი. ლ. ჭ–მ განიზრახა გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. მან 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში ხ. ჩ–ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 2075 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.

ამის შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს, ს. ჩ–მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ–ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის - დ. გ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 19 დეკემბერს, ხ. ჩ–ს სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარე ჭ–ს რ–ე მდებარე 2076 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით: ..... ამ გზით ს. ჩ–მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „.........“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „........-ის“ კუთვნილ 41520 ლარს. აღნიშნული ქმედებით ს. ჩ–მ სახელმწიფოსა და შპს „........ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 03 აპრილს გადაწყვეტილებით 2076 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

2.10. ხ–ს რაიონის სოფელ მ–ში მცხოვრებ ე. დ–ს აწ გარდაცვლილ დედას - ს. დ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ე. დ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ–ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართები და მათზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართების შპს „........“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.

ამ მიზნით ე. დ–მ დახმარებისათვის მიმართა შპს „..........-ის“ დირექტორ ა. წ–ს და სთხოვა, დედამისის, ს. დ–ს სახელზე აეზომა სოფელ მ–ში, მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 773 კვ/მ ფართი. ა. წ–მ განიზრახა, გარკვეული ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, დაემზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 2012 წლის 17 დეკემბერს დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში არსებული 773 კვ/მ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ე. დ–მ მიმართა ხ–ს რაიონის სოფელ მ–ს რწმუნებულის - ჯ. ლ–ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის დედის - ს. დ–ს პირად საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. ჯ. ლ–მ 2012 წლის 18 დეკემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ს. დ–ს პირად სარგებლობაში 773 კვ/მ ფართის არსებობის შესახებ. 2012 წლის 19 დეკემბერს ე. დ–მ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, სხვა დოკუმეტებთან ერთად, დედამისის - ს. დ–ს მეშვეობით, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ს სარეგისტრაციო სამსახურში. 2012 წლის 27 დეკემბერს საკადასტრო ნახაზი მცირედით შეიცვალა. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის დ. გ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 3 იანვარს, ს. დ–ს სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ–ში, რეალურად მდინარე ჭ–ს კალაპოტში, კერძოდ: მდინარის რიყეზე არსებული 716 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით: ..... ე. დ–მ, ფართის დედის - ს. დ–ს სახელზე დარეგისტირებით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „.........“ და მითითებული ფართის და მასთან ერთად ასევე სხვა ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „.........-ის“ კუთვნილ, ჯამურად - 24820 ლარს. აღნიშნული ქმედებით ე. დ–მ სახელმწიფოს და შპს „........ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით 716 კვ/მ ფართის კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. რ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი;

3.2. რ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. ქ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი;

3.4. რ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი;

3.5. რ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი;

3.7. მ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;

3.8. გ. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;

3.9. ზ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;

3.10. ლ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;

3.11. ლ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

3.12. ლ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;

3.13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ჭ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი;

3.14. ა. წ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინსპექციის უფროსმა პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა მოითხოვა მსჯავრდებულების: ლ. ჭ–ს, ზ. ჭ–ს, მ. თ–ს, გ. ვ–სა და ა. წ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულებმა - ლ. ჭ–მ, ზ. ჭ–ემ და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. შ–მ მოითხოვეს ლ. და ზ. ჭ–ების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

6.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინსპექციის უფროსი პროკურორი ზაზა ქარქუსაშვილი ითხოვს მსჯავრდებულების: ლ. ჭ–ს, ზ. ჭ–ს, მ. თ–ს, გ. ვ–სა და ა. წ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

6.2. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულებმა ზ. ჭ–ემ და ლ. ჭ–მ და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. შ–მ;

6.3. მსჯავრდებულები - ლ. ჭ–ე, ზ. ჭ–ე და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი - ს. შ–ე ითხოვენ ლ. და ზ. ჭ–ების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით მსჯავრდებულების - ლ. ჭ–ს, ზ. ჭ–სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. შ–ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულების: ლ. ჭ–ს, ზ. ჭ–ს, მ. თ–ს, გ. ვ–სა და ა. წ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, დაცვის მხარე კი - ლ. ჭ–სა და ზ. ჭ–ს გამართლებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ჭ–სა(სამი ეპიზოდი) და ზ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება, ხოლო ლ. ჭ–ს, ზ. ჭ–ს, მ. თ–ს, გ. ვ–სა და ა. წ–სათვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობეს. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. ჭ–სა და ზ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის წარმომადგენლებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, უკანონო რეგისტრაციებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილი მასალებით, საჯარო რეესტრიდან მიღებული სიტუაციური და KFW მონაცემების შემცველი ნახაზებითა და სურათებით, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული მასალებით, „წყლის შესახებ“ კანონით, საჯარო რეესტრის ინსტრუქციით, ხ–ს რაიონის არქივიდან მიღებული საარქივო მონაცემებითა და საკომლო ჩანაწერებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით და თანდართული მასალებით უკანონო რეგისტრაციების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოებებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც მხარეებმა საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცნეს უდავოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. ჭ–მ და ზ. ჭ–მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

11. დაცვის მხარის უთითებს, რომ:

- მ. ბ–ს დაკვეთით მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია შპს „...........“ მიერ, ხელმოწერა არ არის შესრულებული ლ. ჭ–ს მიერ, ასევე ბეჭედი, რომლითაც დამოწმებულია აზომვითი ნახაზი, არ ეკუთვნის ლ. ჭ–ს, საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენისათვის მომსახურების საფასური მიღებული აქვს შპს „..........-ს“.

- მ. ც–ს დაკვეთით მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია შპს „...........“ მიერ, მასზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ლ. ჭ–ს, მ. ც–ს მომსახურების საფასური კი გადახდილი აქვს შპს „.........-ის“ ანგარიშზე და ლ. ჭ–ს რაიმე ფულადი სარგებელი მ. ც–სგან ან სხვა პირისგან არ მიუღია.

- ს. ჩ–ს დაკვეთით შედგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია ი/მ ლ. თ–ს მიერ, მასზე ხელმოწერა და ბეჭედი არ ეკუთვნის ლ. ჭ–ს, ს. ჩ–მ ი/მ ლ. თ–ს გადაუხადა მხოლოდ ნახაზის შედგენის მომსახურების საფასური, უშუალოდ ლ. ჭ–ს რაიმე გარკვეული ფულადი სარგებელი ს. ჩ–საგან არ მიუღია.

- შ. ჩ–ს დაკვეთით შედგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია შპს „...........“ მიერ, მასზე ხელმოწერა არ არის შესრულებული ზ. ჭ–ს მიერ, ბეჭედი არ ეკუთვნის მას, შ. ჩ–მ მომსახურების საფასური გადაუხადა შპს „..........-ს“, ზ. ჭ–ს რაიმე ფულადი სარგებელი შ. ჩ–სგან ან სხვა პირისგან არ მიუღია.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი:

12.1. ს. თ–ს 2014 წლის 9 აპრილის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2006 წლიდან მუშაობს შპს „...........“ დირექტორის თანამდებობაზე. მათ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს აზომვითი სამუშაოების შესრულება, რაშიც ეხმარებათ ლ. ჭ–ე. მის შვილს - ლ. თ–ს აქვს ცალკე ინდივიდუალური საწარმო, რომელიც განთავსებულია იმავე ოფისში. „.......-ში“, JPS მოწყობილობის საშუალებით, აზომვით სამუშაოებს ასრულებს ლ. ჭ–ე, რომელიც მისი შვილის საწარმოში მუშაობს. 2019 წლის 28 იანვარს ხ–ის რაიონში, სოფელ ა–ში აზომილ, მ. ბ–ს 5050 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნახაზზე არსებობს მისი ხელმოწერა, ასევე ხელს აწერს მოქალაქე და მისი მოადგილე მ. ჭ–ე. ის და მ. ჭ–ე ყოველთვის აწერენ ხელს ნახაზებზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ აზომავს ნახაზს. მ. ბ–ს მეზობლად ნ. ლ–ს ნაკვეთი JPS მოწყობილობით აზომა ამზომველმა ლ. ჭ–მ, ვინაიდან მან იცოდა მიმდებარე ტერიტორია. მ. ბ–ს ხსენებული ნაკვეთი (5050 კვ/მ) ასევე აზომა ლ. ჭ–მ ადგილზე გასვლის გარეშე, კომპიუტერში(იხ.: ტ.5 ს.ფ. 39-41).

12.2. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა 2014 წლის 9 აპრილის გამოკითხვის ოქმში თავად ლ. ჭ–მ და მიუთითა, რომ აზომვითი ნახაზი მ. ბ–ს კუთვნილ 5050 კვ/მ-ზე შეასრულა თავად(იხ. ტ.5, ს.ფ. 49-51).

2014 წლის 28 მარტის გამოკითხვის ოქმით ლ. ჭ–მ ასევე დაადასტურა, რომ ხ. ჩ–ს სახელზე ი/მ ლ. თ–ს მიერ დამზადებული აზომვითი ნახაზი 2075კვ/მ-ზე ხ–ში, სოფელ მ–ში, შეასრულა მან ადგილზე გაუსვლელად. მ. ც–ს სახელზე ი/მ ლ. თ–ს მიერ დამზადებული აზომვითი ნახაზი 1500 კვ/მ-ზე ხ–ში, სოფელ მ–ში, შეასრულა მან ადგილზე გაუსვლელად. მოწმემ კვლავ დაადასტურა, რომ აზომვით ნახაზებს ყოველთვის თავად ასრულებს, თუმცა საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის გრაფაში ხელს ყოველთვის ლ. თ–ე აწერს (იხ.: ტ.2, ს.ფ. 343-347).

12.3. რ. კ–ს 2014 წლის 27 მარტის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ 2012 წლიდან მასთან ერთად საამზომველო საქმიანობით დაკავებულია ზ. ჭ–ე, რომელიც უშუალოდ ასრულებს აზომვით სამუშაოებს და გეომონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ამზადებს საკადასტრო აზომვით ნახაზებს. ზ. ჩ–სათვის ხ–ის რაიონის სოფელ მ–ში შესრულებული 1600 კვ/მ ნაკვეთის და შ. ჩ–სათვის იმავე კოორდინატებში შესრულებული შემცირებული 1310 კვ/მ ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ხელმოწერა ეკუთვნის მას, ნახაზზე გამოსახული ბეჭედი არის ი/მ „.......ის“ ბეჭედი, თუმცა აღნიშნული აზომვითი ნახაზი უშუალოდ მას არ შეუსრულებია, ნახაზი შეასრულა მისმა თანამშრომელმა ზ. ჭ–მ, ნაკვეთის ასაზომად გავიდა თუ არა, მისთვის უცნობია.

12.4. ზ. ჭ–მ 2014 წლის 28 მარტის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ აზომვითი ნახაზები შესრულებულია ი/მ რ. კ–ს სახელით, თუმცა ნახაზი უშუალოდ მან შეასრულა. ი/მ რ. კ–ს სახელით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები დამკვეთზე გაიცემა რ. კ–ს ხელმოწერით, როგორც საკადასტრო აზომვაზე უფლებამოსილი პირისა, მიუხედავად იმისა, რომ საამზომველო სამუშაოებს ატარებს თავად(იხ.: ტ.2, ს.ფ. 348 – 352).

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ლ. ჭ–სა და ზ. ჭ–ს ხელმოწერების არარსებობა, იმ პირობებში, როცა უტყუარად დგინდება, რომ ნახაზები მათ შეადგინეს, ვერ გახდება მათი გამართლების საფუძველი. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას მომსახურების საფასურის მიღებასთან დაკავშირებით, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის ანგარების ან სხვა ქვენაგრძნობის არსებობა აუცილებელი არ არის.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ჭ–სა და ზ. ჭ–ს, როგორც ნახაზის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს, უნდა ეხელმძღვანელათ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N.. ბრძანებით საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ამავე ბრძანების 27-ე მუხლის საფუძველზე უნდა მიეთითებინათ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და დანიშნულება.

15. დაცვის მხარის მითითებით, საქართველოს კანონმდებლობა მიწის დანიშნულების ცნებას „მდინარის კალაპოტი“ არ იცნობს და არსებობს მხოლოდ ცნება სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო მიწის ნაკვეთის დანიშნულება რეგულირდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, სოფლად არსებული ნებისმიერი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადატანა ხდება ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებით. სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სოფელ მ–ს საზღვრებში მოქცეულ მიწის ნაკვეთს, რაც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

16. სასამართლო მიუთითებს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. მე-2 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე: ა) კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე; ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი(2019 წლის 25 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ:

17. 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „........ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანიას ა–ს რეგიონში, კერძოდ: მდინარეების - ჭ–სა და ა–ს ხეობებში უნდა აეშენებინა სამი ჰიდროელექტროსადგური. ხსენებული მემორანდუმით კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და შესაბამისად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.

18. მოქალაქეებმა განიზრახეს საარქივო ცნობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე - მდინარე ჭ–სა და ა–ს კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინათ სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღოთ ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „.......-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდნენ ამავე კომპანიის ფულად თანხებს, რისთვისაც დახმარებისათვის მიმართეს ამზომველებს: ზ. ჭ–სა(ი/მ რ. კ–ს) და ლ. ჭ–ს („.........-ს“ და ი/მ ლ. თ–ს) და სთხოვეს, მათ სახელზე დაემზადებინათ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზები მდინარეების - ჭ–სა და ა–ს კალაპოტში არსებულ ფართებზე. ზ. ჭ–ემ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაამზადა შ. ჩ–ს, ხოლო ლ. ჭ–მ - მ. ბ–ს, მ. ც–სა და ს. ჩ–ს დაკვეთით. მსჯავრდებულებმა დანიშნულებად მიუთითეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ შ. ჩ–სა (ს/კ ....) და მ. ც–ს (ს/კ .) მიწის ნაკვეთები მდებარეობდა ნაწილობრივ მდინარე ჭ–ში და ნაწილობრივ - მდინარის რიყეზე, ხ. ჩ–ს(ს/კ ..) - მდინარე ჭ–ს რიყეზე, მ. ბ–ს(ს/კ ....) - ნაწილობრივ მდინარე ა–ში და ნაწილობრივ - მდინარის რიყეზე. ზ. ჭ–სა და ლ. ჭ–ს ქმედება წარმოადგენდა საკადასტრო-აზომვით ნახაზში განზრახ არასწორი მონაცემის მითითებას, რომელიც შემდგომში მოქალაქეებს უნდა გამოეყენებინათ შპს „............-ზე“ მიწის ნაკვეთების რეალიზაციისათვის, რაც არ შეესაბამებოდა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

19. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუქნტით: წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია... მე-2 პუნქტის თანხამად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება, შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: .... 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისთვის - 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით მდინარე ჭ–ს სიგრძე - 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა–ს - 90 კილომეტრი. შესაბამისად, მათი წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს და დაუშვებელია მდინარის კალაპოტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის პრივატიზება და მოქალაქეებზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე არსებული მიწის ნაკვეთები ადგილმდებარეობით არ შეესაბამებოდნენ საარქივო მონაცემებს (ნაკვეთების იდენტიფიკაციისათვის საჭირო ნიშნებს, ნაკვეთების ძველ სიებში და რუკაზე არსებულ ნუმერაციას, ნაკვეთის გვერდების სიგრძეებსა და ფართობს, მომიჯნავე ტერიტორიის შესახებ ინფორმაციას).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ჭ–სა (სამი ეპიზოდი) და ზ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

22. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, მსჯავრდებულების: ლ. ჭ–ს, ზ. ჭ–ს, მ. თ–ს, გ. ვ–სა და ა. წ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

23. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს: ლ. ჭ–ს, ზ. ჭ–ს, მ. თ–ს, გ. ვ–სა და ა. წ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული, საქმეში არსებული მტკიცებულებები ცნეს უდავოდ, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).

25. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინსპექციის უფროსი პროკურორის - ზაზა ქარქუსაშვილისა და მსჯავრდებულების - ზ. ჭ–ს, ლ. ჭ–ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. შ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე