დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142221700367486
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №33აგ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი
ჭ-ე გ., 33აგ-22 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით:
გ. ჭ-ე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ჭ-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ნაწილობრივ შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და გ. ჭ-ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 23 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2002 წლის 22 მაისიდან.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
გ. ჭ-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაწილში გამართლდა.
გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე- 2 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „გ,“ „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „გ,“ „ი“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-59-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელების ნაწილობრივ შეკრებითა და შთანთქმის გამოყენებით, გ. ჭ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2002 წლის 22 მაისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით:
გ. ჭ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „გ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „გ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ჭ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 25 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. ჭ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 8 თებერვლიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით:
გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 25 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ჭ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 26 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 18 აპრილიდან.
5. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 10 თებერვალს მოქმედი რედაქცია, 2006 წლის 28 აპრილის კანონი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 30 წლით თავისუფლების აღკვეთისა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 30 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გ. ჭ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა - 24 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 27 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით:
გ. ჭ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით:
დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ და აღუდგა გასაჩივრების ვადა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით:
გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიეთითა, რომ დაუშვას მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
უცვლელად დარჩა გ. ჭ-ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება.
16. კასატორი - მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატი მ. დ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და გ. ჭ-ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და ხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას პირველი განაჩენის გამოტანიდან 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენის გამოტანამდე, მოხდილი სასჯელის ჩათვლით.
17. საკასაციო საჩივარში ქრონოლოგიურად არის მიმოხილული გ. ჭ-ის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამასთან, როგორც კასატორი აღნიშნავს, გ. ჭ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნით 2013 წელს მიმართა. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ უარის თქმის საფუძვლებში ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე. ყველა ახალი გამამტყუნებელი განაჩენით გ. ჭ-ის თავიდან ეწყებოდა დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა, რაც არ იყო კანონიერი და სამართლიანი, რადგან იგი დააკავეს 2002 წლის 22 მაისს და მას შემდეგ იხდის სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პირობებში დანაშაულთა ჩადენის დროს, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ეს სასჯელთა მოხდის ვადად მიჩნეული უნდა ყოფილიყო მისი დაკავების დრო - 2002 წლის 22 მაისი და სწორედ აქედან უნდა მომხდარიყო საბოლოო განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ხოლო ამავე კოდექსის 414-ე მუხლს დაემატა მე-8 ნაწილი, რომელშიც მიეთითა, რომ:
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.“
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულმა მიმართა 2013 წელსვე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და ზემოხსენებული, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით გ. ჭ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რა დროსაც პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციით, მათ შორის - ამავე მუხლის მე-4 ნაწილით.
4. ზემოაღნიშნულის შემდეგ, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა სასჯელის ოდენობისა და მისი მოხდის ვადის ათვლის საწყისის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად (ანალოგიურად, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე), რაც არ დაკმაყოფილდა, მათ შორის იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ შუამდგომლობაში არ იყო გამოკვეთილი ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც შეიძლება კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო.
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 17 აპრილის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში რაიმე სახის ცვლილება აღარ შესულა; შესაბამისად, ვინაიდან 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე უკვე აქვს ნამსჯელი, ხოლო დაცვის მხარეს სხვა, ახალი სახის გარემოებაზე არ მიუთითებია, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენში (რომლითაც უცვლელად არის დატოვებული კასატორის მიერ მითითებული გადასასინჯი - გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი) რაიმე სახის ბუნდოვანება-უზუსტობის არსებობის შემთხვევაში, იგი უნდა აღმოიფხვრას საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი