ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№817აპ-24 28 ოქტომბერი, 2024 წელი
ნ-ი ა, 817აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ნ-ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულმა ა. ნ-მა 2023 წლის 18 ივნისს, დაახლოებით, 19:30 საათზე, ხ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩაიდინა ოჯახში ძალადობა – თავის მეუღლეს, ი----- ვ-ს, კისერში მოჰკიდა ხელი და თავი მიარტყმევინა გარდერობის კარზე, სახის არეში დაარტყა ხელი და წააქცია, რის შემდეგაც, წაქცეულს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზურგში. ჩადენილი ძალადობის შედეგად ი. ვ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 18 ივნისს, დაახლოებით, 19:30 საათზე, ხ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ნ-ი დანის დემონსტრირების გზით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – ი. ვ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ა. ნ-ი, დ-), ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ახლადდანიშნულ სასჯელს; ა. ნ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით. მსჯავრდებულ ა. ნ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 18 ივნისიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. ნ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო ადვოკატმა გ. ჯ-მა – ა. ნ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ა. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული 1 წლით პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – და ა. ნ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით. მსჯავრდებულ ა. ნ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 18 ივნისიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით).
5. კასატორი – ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბაჩანა ქარქუზაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. კასატორი – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჯ–ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ა. ნ-ის გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, რომ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. თავისთავად მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას აღწერილი უკანონო ქმედების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასებისას მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს – დაზარალებულმა უნდა განმარტოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი და გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში (მაგ.: სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).
3. დაზარალებულმა ი. ვ-მა (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით. თავად ა. ნ-მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ.
4. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით ირკვევა, რომ ზარის ინიციატორმა – ი. ვ-მა – 112-ს შეატყობინა ოჯახური კონფლიქტის შესახებ და მასში არაფერია ნათქვამი მუქარაზე. აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმში ასახულია ი. ვ-სა და 112-ის ოპერატორს შორის დიალოგი, რომელშიც დაზარალებული საერთოდ არ ახსენებს დანის დემონსტრირებით მუქარას, იარაღის გამოყენების თაობაზე დასმულ შეკითხვებზე უარყოფითად პასუხობს და ითხოვს პოლიციის დახმარებას მეუღლის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო.
5. ერთადერთი მტკიცებულება, სადაც მითითებულია დანის დემონსტრირებით მუქარის შესახებ, არის №- შემაკავებელი ორდერი თანდართული ოქმით, თუმცა მასში ასახული მწირი ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, არ არის საკმარისი მუქარისა და შიშის დასადასტურებლად. მართალია, ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სამზარეულოს დანა, რომელიც ა. ნ-მა გამოიყენა მეუღლის მიმართ ძალადობისას (ოქმის თანახმად), მაგრამ მხოლოდ დანის ამოღების ფაქტი, თავისთავად, არ გულისხმობს ამ დანის გამოყენებით მუქარის ჩადენას. მით უფრო, რომ მოწმე ტ. ბ-ის ჩვენებით, რომელიც ქალის ყვირილის ხმაზე შევიდა ნ-ების სახლში, არ დგინდება ა. ნ-ის მხრიდან დამუქრება ან მის ხელში დანის არსებობა.
6. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ა. ნ-ი კანონიერად გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
7. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ნ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, . საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა, მისი სამართლიანობა კი ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
8. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით დაწესებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მან გაითვალისწინა საქმის ყველა გარემოება და, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, მსჯავრდებულს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ნ-ს განსაზღვრული აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის კიდევ უფრო დამძიმების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
10. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება ადვოკატ გ. ჯ–ის საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის სრულად გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ა. ნ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დადასტურებულია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით, კერძოდ:
11. დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით და ჩვენება არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ამ უფლებით სარგებლობა არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, ცდილობდეს თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რის გამოც, მისი ჩვენების უტყუარობა უნდა შეფასდეს საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით.
12. დაზარალებულმა ი. ვ-მა 2023 წლის 18 ივნისს თვითონ შეატყობინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ მის მიმართ მეუღლის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ, თვითონ ჩააწერინა ოპერატორს თავისი გვარი და სახელი, სახლის მისამართი და აცნობა, რომ სახლიდან გარეთ იყო გასული. აღნიშნული დასტურდება მოწმე ტ. ბ-ის გამოკითხვის ოქმითაც, რომლის მიხედვით, კონფლიქტში მისი ჩარევის შემდეგ ი. ვ-ი სახლიდან ეზოში გავიდა, რა დროსაც გაიგო, რომ ტელეფონით დარეკა და მიხვდა, რომ მომხდარის თაობაზე პოლიციას ატყობინებდა. ასევე, ოჯახური ძალადობა დადასტურებულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გამოცემული №-- შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით და სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 29 ივნისის №- დასკვნით, რომლის თანახმად, ი. ვ-ს 2023 წლის 18 ივნისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის გასინჯვისას აღენიშნებოდა მცირე ზომის ჰემატომა თხემის არეში, მარცხნივ; დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ გ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ბრალდების ამ ეპიზოდში ა. ნ-ის მსჯავრდება კანონიერია.
13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. ამავე ამნისტიის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილია ა. ნ-ის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ი. ვ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება ა. ნ-ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების თაობაზე, ასევე – მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 111,120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად 2020 წლის 11 დეკემბერს. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, ა. ნ-მა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს ა. ნ-ი იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი შეღავათი სასჯელის განახევრების თაობაზე და მას სასჯელი შეუმცირდება ერთი მეექვსედით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ნ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელი, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით – უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ადვოკატ გ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ა. ნ-ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ა. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათით;
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა. ნ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათით;
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, ა. ნ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს დანიშნული რეალური სასჯელი და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათით;
6. ა. ნ-ს სასჯელი აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 5 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით – 2023 წლის 18 ივნისიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
7. მსჯავრდებულ ა. ნ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
8. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს და მის შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა. ნ-ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 2 (ორი) თვით, შემდეგი პირობებით:
ა. ნ-ს (დ-ს, პ/ნ--, მცხოვრები ქ. ხ-ში) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს ი. ვ-ი (დ-ს, პ/ნ -, რეგისტრირებული ა.-ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ-ში);
ა. ნ-ს აეკრძალოს ი. ვ-თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;
ა. ნ-ს აეკრძალოს ი. ვ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ა. ნ-ს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;
ა. ნ-ს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა;
დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;
10. ა. ნ-ს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;
11. ნივთიერი მტკიცებულება – დანა – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო CD დისკი (112-ის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე