დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.11.2024
საქმის ნომერი
2კ-144-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330141224010144844

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1441-24 25 ნოემბერი, 2024 წელი

ლ–ა მ., N1441-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ–ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, მ. ლ–ას მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მ. ლ–ას საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ლ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 2000 ლარი;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ლ–ას ძირითდი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ლ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ლ–ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 30 დეკემბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მ. ლ–ას მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება. მ. ლ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ლ–ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 30 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი.

7. მ. ლ–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე ამნისტიის კანონის გავრცელება და ნასამართლობის მოხსნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენით) დანიშნულ სასჯელებზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების ფაქტი. მსჯავრდებულის პოზიციით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, რისი გათვალისწინებითაც უნდა მოეხსნას ნასამართლობა.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 1331 მუხლით, 1332 მუხლით, 1351 მუხლით, 142-ე−1443 მუხლებით, 1501 მუხლით, 154-ე მუხლით, 157-ე−159-ე მუხლებით, 164-ე მუხლით, 171-ე მუხლით, 172-ე მუხლით, 1721 მუხლით, 174-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით, 1941 მუხლით, 222-ე−226-ე მუხლებით, 228-ე−2351 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 2381 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−2552 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-4−მე-6 ნაწილებით ან მე-8 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, 2731 მუხლის მე-8−მე-10 ნაწილებით, 280-ე მუხლით, 344-ე−345-ე მუხლებით, 353-ე მუხლით, 3531 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII−XXXIX და XLVII თავებით.

4. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომელზეც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული კანონის მოქმედება არ ვრცელდება. ამდენად, მ. ლ–ას მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელების შესახებ უსაფუძვლოა.

5. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვას გააჩნია თავისი წესი, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლეობა ნასამართლეობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ლ–ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ლ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე