საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-270აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124008922870

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №270აპ-25 ქ. თბილისი

ბ. გ. 270აპ-25 20 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. გ. ბ-ს, – პირადი ნომერი: 3…, – და თ. ა-ს, – პირადი ნომერი: 0.., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ. , დ. , ი. მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი თ. ა. და ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევი გ. ბ. თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს, ს. ხ-ს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს და ფულს. მათი ქმედებით ს. ხ-ს მიადგა 540 ლარის ქონებრივი ზიანი.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. ბ-მა ჩაიდინა: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თ. ა-მა – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით:

2.1. თ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1.1. თ. ა. დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.1.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, თ. ა-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

2.2. გ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე;

2.2.1. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;

2.2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დადგენილი – 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი, ასევე გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №… გადაწყვეტილებით დადგენილი 6 თვითა და 19 დღით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №.. გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი – 2 წლითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;

2.2.3. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 19 თებერვლიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ. , დ. , ი. მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა გ. ბ-მ ტაქსის მძღოლს, ს. ხ-ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა მობილური ტელეფონი. გ. ბ-ს მიერ განხორციელებული ქმედებით, ს. ხ-ს მიადგა 300 ლარის ქონებრივი ზიანი;

3.1. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა თ. ა-ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ. აპელანტმა მოითხოვა თ. ა-ის და გ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით. ასევე – მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ზ. გ-მა და მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ფ-მ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თ. ა-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა;

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.2. თ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

5.2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, თ. ა-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

5.3. გ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე;

5.3.1. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

5.3.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გ. ბ-ს 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით;

5.3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. ბ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 1 წლითა და 6 თვით, ასევე გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №.. გადაწყვეტილებით დადგენილი 6 თვითა და 19 დღით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №.. გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი – 2 წლითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით;

5.3.4. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 19 თებერვლიდან.

6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ. კასატორი ითხოვს გ. ბ-სა და თ. ა-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში. ასევე – მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ფ-მ და გამართლებული თ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ზ. გ-მა. დაცვის მხარე ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009); „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“(Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; დაცვის მხარე, შესაგებლით, ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას/გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის (ასევე წარმოდგენილი შესაგებლის) პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2024 წლის 19 თებერვალს, თ., დ. , ი. მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა გ. ბ-მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ტაქსის მძღოლის – ს. ხ-ს – მობილურ ტელეფონი.

3.1. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის შესაბამისად, დავის საგანია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ. თ. ა-თან ერთად, ჯგუფურად, თავს დაესხა ტაქსის მძღოლს – ს. ხ-ს – და ისინი სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ს. ხ-ს მობილურ ტელეფონსა და ფულს, რითიც ს. ხ-ს მიადგა 540 ლარის ქონებრივი ზიანი, თუ გასაჩივრებული განაჩენის შესაბამისად, გ. ბ-მა ტაქსის მძღოლს, ს. ხ-ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა მობილურ ტელეფონი, რითიც მიაყენა – 300 ლარის ქონებრივი ზიანი.

4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება წარდგენილ ბრალდებაში თ. ა-ს უდანაშაულოდ ცნობასა და გ. ბ-ს ბრალადწარდგენილის – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ნაცვლად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ა-ს წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლება, ხოლო გ. ბ-ს მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა.

5. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

5.1. ვინაიდან, ს. ხ. საქმის არსებითი განხილვის პერიოდისათვის იყო გარდაცვლილი (ტ. N3; ს.ფ. 73-74), სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გარდა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებენ თ. ა-სა და გ. ბ-ის მიერ ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენას, რის გამოც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი არ არის ერთადერთი ან/და გადამწყვეტი მტკიცებულება.

6.1. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ: თ. ა-სა და გ. ბ-ს მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებისათვის, გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება არის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება, რადგან აღნიშნული იმაზე უფრო ვიწრო განმარტებაა, ვიდრე – ევროსასამართლოს განმარტება (Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, ECtHR, 15/12/2015); მიმდინარე – განსახილველ – საქმეში გადამწყვეტი მტკიცებულება არის ნივთიერი მტკიცებულება – მსჯავრდებულ გ. ბ-ს სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ დანაშაულს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შესაბამისად, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი არ არის ერთადერთი.

6.2. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სწორედ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, გ. ბ-ს სახლიდან დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოღება გახდა საფუძველი გ. ბ-ს ძარცვაში მსჯავრდებისათვის, რასაც არ უარყოფს არც დაცვის მხარე. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, გარდა დაუსწრებელი მოწმის გამოკითხვის ოქმისა, არ უთითებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა: თ. ა-სა და გ. ბ-ს ს. ხ-ის მიმართ ჯგუფური თავდასხმა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დაუფლება და მობილური ტელეფონისა და ფულის ყაჩაღურად დაუფლებით ს. ხ-სათვის 540 ლარის ქონებრივი ზიანის მიყენება.

6.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული არის გარდაცვლილი, რის გამოც, არსებითი განხილვის სხდომაზე იგი ვერ დაიკითხა და გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმი; დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას; სისხლის სამართლის საქმის მასალებით დანაშაულს არავინ შესწრებია; წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები (მათ შორის, დაზარალებულის განცხადება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დააფუძნა მსჯავრდება (ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციით) იმ მოწმის გამოკითხვის ოქმს, რომლის დაკითხვაც ვერ განხორციელდა სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტა თ. ა-სა და გ. ბ-ს სასარგებლოდ და საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის, თ. ა- სა და გ. ბ-ს ჩვენებების, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 2024 წლის 19 თებერვლის ოქმის (გ. ბ--ს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს, მათ შორის, ,,Realme” ფირმის მობილური ტელეფონი), სასაქონლო ექსპერტიზის 2024 წლის 5 მარტის დასკვნის (მობილური ტელეფონი ,,Realme 11” საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს – 300 ლარს) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულების საფუძველზე, თ. ა. სრულად გაამართლა, ხოლო გ. ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

6.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ევროპული სასამართლოს მიდგომას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ „მოწმის განცხადება, რომელიც მიღებულ იქნა მაგისტრატი (გამომძიებელი) მოსამართლის თანდასწრებით არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ჩამნაცვლებლად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს“ (Khavshabova v. Georgia, no. 26134/19, §52, ECtHR, 29/09/2023; Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, §155, ECtHR 15/12/2015; Hümmer v. Germany, no. 26171/07, §48, ECtHR, 19/07/2012; Hanu v. Romania, no.10890/04, §40, ECtHR, 04/09/2013; Dadayan v. Armenia, no. 14078/12, §46, ECtHR , 06/12/2018; ასევე იხ., mutatis mutandis, Faysal Pamuk v. Turkey, no. 430/13, §§70-71, ECtHR, 09/05/2022).

7. რაც შეეხება გ. ბ-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

8. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების, ასევე „მსჯავრდებულის პიროვნების (მის მიერ ახალი დანაშაულის პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენის) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარსულში გ. ბ-ს მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ იქნა გამოყენებული ლოიალური ღონისძიებები, რამაც ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა“ მსჯავრდებულს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა არა მინიმალური, არამედ მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გ. - ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი შემცირდა 1/5-ით და საბოლოოდ, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით.

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი არგუმენტი/მტკიცებულება, რაც მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის უსამართლობაზე ანდა უკანონობაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

10. იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება გ. ბ-ს მიმართ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილში. კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით:

10.1. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

10.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გ. ბ-ს 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით;

10.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ. ბ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 1 წლითა და 6 თვით, ასევე გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №… გადაწყვეტილებით დადგენილი 6 თვითა და 19 დღით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №… გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი – 2 წლითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით;

11. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენით არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის (რომლითაც ცვლილება შევიდა გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენში) – განაჩენებით, ასევე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №… გადაწყვეტილებით დანიშნულ სასჯელებზე.

12. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა განაჩენით/ებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო (მიმდინარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩინება). შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა აღსრულდეს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით შეფარდებულ და მოუხდელ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

12.1. „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“(იხ.: იქვე, II-20,22).

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

13.1.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. თ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით. დანიშნული სასჯელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

13.1.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ჩ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

13.1.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. გ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით. დანიშნული სასჯელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

13.1.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ბ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

13.1.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. ზ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით. დანიშნული სასჯელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

13.1.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. თ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით. დანიშნული სასჯელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

13.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ჩ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

13.1.8. გ. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 17 მაისიდან 2021 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

13.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

13.2.1. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

13.2.1.1. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ. ბ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, დანარჩენი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვით – ჩაეთვალა პირობითად;

13.2.2. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

13.2.2.1. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, დანარჩენი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით ჩაეთვალა პირობითად;

13.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, დანარჩენი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით ჩაეთვალა პირობითად;

13.2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით, გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე- 4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვით და 5 დღით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობილობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

13.2.5. გ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2023 წლის 10 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 4 ივნისიდან, 2022 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

13.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №. გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გ. ბ. გათავისუფლდა პირობით ვადამდე – 6 თვითა და 19 დღით ადრე;

13.3.1. გ. ბ. გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან 2023 წლის 13 დეკემბერს.

13.4. თბილისის პრობაციის ბიუროს 2024 წლის 19 თებერვლის წერილს თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრისა და არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 6 თვითა და 19 დღით ადრე, – გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2024 წლის 1 ივლისს. გამოსაცდელი ვადის დასაწყისი: 02.07.2024; გამოსაცდელი ვადის დასასრული: 01.07.2026 (ტ. N2; ს.ფ. 6).

14. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

14.1. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლები, ასევე – ამავე კანონის მე-7 მუხლი, – თითოეულ მათგანზე უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.

14.2. აღნიშნული შემსუბუქება გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი – მიმდინარე – საქმის ფარგლებში განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად უნდა შთანთქას წინა განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს – 2023 წლის 12 დეკემბრის №.. გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი. კერძოდ:

14.3. განსახილველი – მიმდინარე – საქმის ფარგლებში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს გ. ბ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად 1/5-ით შემცირებული სასჯელი – 1 წლით, 2 თვით და 12 დღით (1 წლისა და 6 თვის 1/5) პირობითი მსჯავრი, ასევე გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს – 2023 წლის 12 დეკემბრის №. გადაწყვეტილებით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1/5-ით შემცირებული სასჯელი – 5 თვითა და 9 დღით (6 თვისა და 19 დღის 1/5-ი) პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით და ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №. გადაწყვეტილებით განსაზღვრული ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1/5-ით შემცირებული სასჯელი – 1 წლით, 7 თვითა და 21 დღით ((1 წელსა და 6 თვეს უნდა დაემატოს 6 თვე და 19 დღე)/5) თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით.

15. შესაბამისად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2, მე-4, მე-13, 29-ე, 67-ე, 73-ე, 77-ე მუხლებით და საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,, გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 იანვრის განაჩენში, გ. ბ-ის მიმართ, შევიდეს ცვლილება:

2.1. გ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე;

2.2. გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გ. ბ-ს 1/5-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით;

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის (რომლითაც ცვლილება შევიდა გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენში) განაჩენებით, ასევე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს – 2023 წლის 12 დეკემბრის №.. გადაწყვეტილებით განსაზღვრული თითოეული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი;

2.4.1. სხვა ნაწილში ზემოაღნიშნული განაჩენები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს – 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. ბ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად 1/5-ით შემცირებული სასჯელი – 1 წლით, 2 თვით და 12 დღით პირობითი მსჯავრი, ასევე გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს – 2023 წლის 12 დეკემბრის №. გადაწყვეტილებით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1/5-ით შემცირებული სასჯელი – 5 თვითა და 9 დღით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით და ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის №. გადაწყვეტილებით განსაზღვრული ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1/5-ით შემცირებული სასჯელი – 1 წლით, 7 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით;

2.6. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 19 თებერვლიდან;

3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე